Facebook Twitter

საქმე №ა-5166-შ-125-2020 22 სექტემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ზ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს 275-ე დანაყოფის 2019 წლის 9 ოქტომბრის #980992164801554 გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინებიდან წილის მოთხოვნა, სასამართლო პროცესის ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს 275-ე დანაყოფის 2019 წლის 9 ოქტომბრის #980992164801554 გადაწყვეტილებით, მ.ზ–ნის სარჩელი, ა.ფ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაეკისრა ბ-ე-ა–ის 400 ოქროს მონეტა, როგორც წილი ქორწინებიდან, ასევე სასამართლოს ხარჯისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.

1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

2. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული.

3. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, აგრეთვე, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, ა.ფ–ის ორჯერ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ....., პირველი სადარბაზო, მე-12 სართული; ....., პირველი სადარბაზო, მე-11 სართული (აღსანიშნავია, რომ დასახელებული ქონება, მითითებულ მისამართზე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებას).

4. საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით, დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი ვერ მოიძიეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, ა.ფ–ისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ჩაბარება, იმავე მისამართზე: ქ. თბილისი, ......., პირველი სადარბაზო, მე-12 სართული; ...., პირველი სადარბაზო, მე-11 სართული, და ჩაბარების ან ჩაუბარებლობის შემთხვევაში სასამართლოსათვის ინფორმაციის მოწოდება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2021 წლის 17 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის V სამმართველოს უფროსმა - დ.ქ–ძემ მომართა, და განმარტა, რომ ადრესატი ვერ მოიძია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარეს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).

8. აღნიშნული შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე 2021 წლის 2 ივლისს განთავსდა, მხარისათვის ჩაბარებულად კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ითვლება. მყიდველს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს 275-ე დანაყოფის 2019 წლის 9 ოქტომბრის #980992164801554 გადაწყვეტილებით, მ.ზ–ნის სარჩელი, ა.ფ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაეკისრა ბ.ე-ა–ს 400 ოქროს მონეტა, როგორც წილი ქორწინებიდან, ასევე სასამართლოს ხარჯისა (447 856.660 ირანული რეალი) და ადვოკატის მომსახურების ხარჯის (19 200.000 ირანული რეალი) ანაზღაურება.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, დადგენილია, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა (მოსარჩელეს გადაწყვეტილებით დადგენილი მაჰრი არ მიუღია).

11. მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება განქორწინების დამატებით შედეგებზეც. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს ირანის ისლამური რესპუბლიკის შაჰიდ მოფატეჰის სასამართლოს 275-ე დანაყოფის 2019 წლის 9 ოქტომბრის #980992164801554 გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ზ–ნის სარჩელი, ა.ფ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაეკისრა ბ-ე-ა–ის 400 ოქროს მონეტა, როგორც წილი ქორწინებიდან, ასევე სასამართლოს ხარჯისა (447 856.660 ირანული რეალი) და ადვოკატის მომსახურების ხარჯის (19 200.000 ირანული რეალი) ანაზღაურება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე