Facebook Twitter

საქმე №ა-3604-ა-8-2021 6 აგვისტო, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ი.რ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.მ–ი, მ.რ–ძე (მოსარჩელეები, მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საკუთრების უფლების აღიარება, მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.მ–მა და მ.რ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი.რ–ძის მიმართ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის, საკუთრების უფლების აღიარების და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და მესაკუთრედ ცნობა.

მ.მ–მა და მ.რ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ.მ–ის და მ.რ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი.რ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.რ–ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი.რ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

2020 წლის 30 მარტს ი.რ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინებით ი.რ–ძის განცხადება, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

2021 წლის 21 ივლისს ი.რ–ძემ კვლავ მომართა საკასაციო სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.რ–ძის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

განსახილველ შემთხვევაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ.მ–ის და მ.რ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი.რ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.რ–ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლებში მითითებული საფუძვლებითა და პროცედურით.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით [კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას] განსაზღვრულ წინაპირობებზე. კერძოდ, წარმოდგენილ განცხადებაში ი.რ–ძე აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი აწ გარდაცვლილი ძმა თ.რ–ძე ოფიციალურ რეგისტრირებულ ქორწინებაშია ლ.რ–ძესთან და აღნიშნული ქორწინება არ არის შეწყვეტილი. რაც შეეხება თ.რ–ძის მ.მ–თან ქორწინების რეგისტრაციას, ი.რ–ძის განცხადებით, იგი ყალბია და უკანონო, ვინაიდან აღნიშნული ქორწინება რეგისტრირებულია იმ დროს, როცა თ.რ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ.რ–ძესთან. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.რ–ძის განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. ასეთ სასამართლოს კი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სასამართლო.

ამგვარად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.რ–ძის განცხადება დაუშვებელია და არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.რ–ძის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი