საქმე №ას-504-2021 29 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორი – ი.ხ–ი (მოპასუხე)
II კერძო საჩივრის ავტორი – პ.ნ–ძე (მოპასუხე)
III კერძო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „ი–სი“, თ.ჭ–ია, თ.ჭ–ია, ლ.ჭ–ია
მოპასუხე - ლ.ხ–ის უფლებამონაცვლე ნ.ნ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრების ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი–სის“, თ.ჭ–იას, პ.ნ–ძის, თ.ჭ–იას, ი.ხ–ის, ლ.ჭ–იას, ლ.ხ–ის, მ.ხ–ის, მ.ხ–ის და ნ.ნ–ძის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებად მიუთითა შპს „ი–სი“, თ.ჭ–ია, თ.ჭ–ია, ლ.ჭ–ია, პ.ნ–ძე და ნ.ნ–ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მ.ხ–ის გარდაცვალების გამო.
2018 წლის 16 მაისს სს „თ.ბ–მა“ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მ.ხ–ის უფლებამონაცვლეებად ლ.ხ–ის, მ.ხ–ის და ი.ხ–ის ჩართვა. ამასთან, წარადგინა დაზუსტებული სარჩელი შპს „ი–სის“, თ.ჭ–იას, პ.ნ–ძის, თ.ჭ–იას, ი.ხ–ის, ლ.ჭ–იას, ლ.ხ–ის და მ.ხ–ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ.ხ–ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ლ.ხ–ი, ი.ხ–ი და მ.ხ–ი.
ი.ხ–მა, ლ.ხ–მა და მ.ხ–მა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი–სის“, თ.ჭ–იას, თ.ჭ–იას და ლ.ჭ–იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა ლ.ხ–ის, მ.ხ–ის და ი.ხ–ის უფლებამონაცვლედ ნ.ნ–ძის ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი.ხ–მა, პ.ნ–ძემ და მ.ხ–მა შეიტანეს კერძო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით ი.ხ–ს, პ.ნ–ძეს და მ.ხ–ს დაევალათ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის, თითოეულს – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით ი.ხ–ის და პ.ნ–ძის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ხ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით ი.ხ–ს, პ.ნ–ძეს და მ.ხ–ს დაევალათ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის, თითოეულს – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს - მ.ხ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..... საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2021 წლის 19 ივლისს ჩაბარდა ადრესატს პირადად (ტ. 5, ს.ფ. 394).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 20 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 26 ივლისს.
ვინაიდან ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს - მ.ხ–ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ხ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური