საქმე №ას-488-2021 29 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი, ლ.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.კ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ისა (შემდგომ – მოპასუხე) და ლ.ა–ის (შემდგომ – კრედიტორი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 24.10.2016 წელს ნოტარიუსის მიერ გაცმეული №161224946 სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და, ნაცვლად დღეში 19.20 აშშ დოლარისა, მისი ოდენობა დღეში 5 აშშ დოლარით განისაზღვროს, დარიცხვა მოხდეს 2014 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდის ნაცვლად, 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე. ლ.ა–ისათვის 2014 წლის 10 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახდილი ძირი თანხიდან – 26 820 აშშ დოლარიდან ძირ თანხაში გადახდილად ჩაითვალოს 6 000 აშშ დოლარი და მოთხოვნის ოდენობა განისაზღვროს 8 020 აშშ დოლარით.
2. საქმეში მესამე პირებად სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ ა.ქ–ძე (კრედიტორი მესამე პირი) და გ.კ–ა (მოვალე მესამე პირი).
სარჩელის საფუძვლები:
3. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 აპრილს კრედიტორ მოპასუხესა და მესამე პირს, ასევე, მოვალე მესამე პირს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოვალე მესამე პირმა კრედიტორი მოპასუხისაგან სესხად მიიღო 20 820 აშშ დოლარი, ხოლო კრედიტორი მესამე პირისაგან – 6 000 აშშ დოლარი. სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა თვეში 3.5%-ით განისაზღვრა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება. ხელშეკრულების დადების მომენტში მოვალე მესამე პირმა კრედიტორებს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი სარგებლის სახით, 2015 წლის 30 ივნისს – 6 000 აშშ დოლარი ძირი თანხა და 6 232 აშშ დოლარი სარგებელი. 2014, 2015 და 2016 წლებში მოვალემ კრედიტორებს აუნაზრაურა სულ 12 232 აშშ დოლარი.
4. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. მოვალე მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნიდან 12 800 აშშ დოლარის მოთხოვნა გადაეცა მოპასუხეს და 14 020 აშშ დოლარის მოთხოვნა კი დარჩა კრედიტორ მოპასუხეს, რაც არასწორია, ვინაიდან კრედტიროი მოპასუხისგან სესხად მიღებული თანხიდან 6 000 აშშ დოლარი დაბრუნებული ჰქონდა და ამიტომ მოპასუხისათვის 12 800 აშშ დოლარის დათმობით კრედიტორ მოპასუხეს მოთხოვნა არა 14 020 აშშ დოლარზე, არამედ 8 020 აშშ დოლარზე დარჩა.
5. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების შემდგომ მოპასუხემ მიმართა კერძო აღმასრულებელს, რომელმაც მოსარჩელეს შეატყობინა, რომ გადასახდელია ძირი თანხა 12 800 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2014 წლის 10 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე 19.20 აშშ დოლარი. სულ კრედიტორის მოთხოვნამ 25 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამას ემატება სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 100 ლარი, დღგ – 18 ლარი, რეგისტრაციის საფასური – 2 ლარი. თანხის ამოღება იპოთეკის საგნის რეალიზაციით უნდ ამოხდეს.
6. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ დღეში ძირ თანხაზე –12 800 აშშ დოლარზე პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისთვის 19.2 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა 5 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამავდროულად, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მოხდეს არა 2014 წლის 10 ივლისიდან, არამედ 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 11 ნოემბრამდე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა 2 475 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
7. მოსარჩელე მხარემ მოპასუხე კრედიტორის მიმართ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოპასუხესთან მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შემდგომ მოთხოვნის უფლება რჩება 8 020 და არა 14 020 აშშ დოლარზე. ამიტომ, მისი მოთხოვნის მოცულობა 8 020 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
9. მოპასუხე მიუთითა, რომ ნასესხები თანხის ოდენობა სულ შეადგენდა არა 26 820 აშშ დოლარს, არამედ 32 820 აშშ დოლარს თვეში 3.5% სარგებლის გადახდის პირობით. სესხი 2014 წლის 10 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, რაც არ განხორციელდა. ამიტომ პირგასამტეხლოს დარიცხვაც ამ პერიოდიდან უნდა მოხდეს. 26 820 აშშ დოლარი მოვალე მესამე პირმა მხოლოდ კრედიტორი მოპასუხისაგან ჰქონდა მიღებული და ამ თანხიდან 12 000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნის დათმობა მოხდა. 6 000 აშშ დოლარი მოვალე მესამე პირმა მიიღო კრედიტორი მესამე პირისაგან. თანხა გადახდილია ამ ვალდებულების და არა კრედიტორი მოპასუხის მიმართ.
10. კრედიტორმა მოპასუხემ განმარტა, რომ თანხა, რომელზეც მოსარჩელემ მიუთითა, მოვალე მესამე პირს კრედიტორი მესამე პირისთვის აქვს გადახდილი, რადგან სააღსრულებო წარმოება მის მოთხოვნაზე ადრე დაიწყო. მოვალეეს კრედიტორი მესამე პირისთვის 9 120 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 6 000 აშშ დოლარის გადახდაც ამ ვალდებულების ფარგლებში განხორციელდა.
11. კრედიტორი მესამე პირი სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მოვალე მესამე პირს მისთვის სულ 9 120 აშშ დოლარი და 120 ლარი უნდა დაებრუნებინა, აღსრულების პერიოდში 6 000 აშშ დოლარი გადაიხადა, 2015 წლის 30 ნოემბერს აუქციონამდე 20 წუთით ადრე მის ანგარიშზე დამატებით 3 120 აშშ დოლარი და 120 ლარი ჩარიცხა. ამ გადახდებით შესრულდა ვალდებულება, რომელიც მოვალეს ხელშეკრულებით მის მიმართ უნდა შეესრულებინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემულ №161224946 სააღსრულებო ფურცელში და დავალიანებულ ძირ თანხაზე – 12 800 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 19.2 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 5 აშშ დოლარით (რაც დღეში 0,039%-ს შეადგენს) 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე. მოსარჩელეს მოთხოვაზე კრედიტორი მოპასუხის მიმართ ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ და მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა.
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე მესამე პირმა კრედიტორი მესამე პირისაგან ისესხა 6 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე კრედიტორისაგან – 26 820 აშშ დოლარი. სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა თვეში 3.5%-ით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით, 2014 წლის 10 ივლისამდე. მოვალემ პირველი თვის სარგებელი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისას გადაიხადა. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში გადაუხდელობის შეთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
16. 2014 წლის 10 აპრილს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 30 აპრილს ნოტარიუსმა გასცა №150428385 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორი მესამე პირის სასარგებლოდ.
17. 2015 წლის 4 მაისს კრედიტორმა მოპასუხემ, როგორც კრედიტორი მესამე პირის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და წარადგინა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემული №150428385 სააღსრულებო ფურცელი, იძულების წესით აღსრულების მიზნით. განცხადების თანახმად, აღსასრულებელი მოთხოვნა 9 102 აშშ დოლარს და 120 ლარს შეადგენდა.
18. 2015 წლის 12 აგვისტოს კრედიტორმა მესამე პირმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და აღნიშნა, რომ №15031376 სააღსრულებო საქმეზე კრედიტორმა მესამე პირმა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 6 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა, რის გამოც ითხოვა აღსრულების განხორციელება დარჩენილი დავალიანების 3 102 აშშ დოლარის და 120 ლარის ნაწილში.
19. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრებში კრედიტორად მითითებულია კრედიტორი მესამე პირი და აღწერილობაში მითითებულია დავალიანების დაფარვა.
20. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, კრედიტორი მესამე პირის წარმომადგენლის კრედიტორი მოპასუხისა და მოვალის 2015 წლის 30 ნოემბრის ერთობლივი განცხადების თანახმად ეცნობა, რომ №150428385 სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალემ ვალდებულება სრულად შეასრულა. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გაუქმება.
21. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა მოპასუხემ მოვალისათვის გადაცემული 26 820 აშშ დოლარიდან 12 800 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა მოპასუხეს დაუთმო.
22. 2016 წლის 24 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა №161224946 სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის სასარგებლოდ, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად - სესხის ძირითადი თანხა 12 800 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 19.2 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის საზღაური – 100 ლარი, დღგ – 18 ლარი, რეგისტრაციის საფასური – 2 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დადგინდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
23. კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 14 ნოემბრის წინადადებით, მოსარჩელეს ეცნობა გადაწყვეტილების შესრულების, კერძოდ, 2016 წლის 24 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ №161224946 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ.
24. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალე მესამე პირის მიერ სესხის სახით აღებულ იქნა 32 820 აშშ დოლარი, საიდანაც ვალდებულება შესრულდა მხოლოდ კრედიტორი მესამე პირის მიმართ, აღნიშნულის შესაბამისად, პალატა არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ 2015 წლის 30 ივნისს მოვალემ კრედიტორს მოპასუხეს გადაუხადა ძირი თანხიდან 6000 აშშ დოლარი, ასევე პროცენტი – 6 232 აშშ დოლარი, რის გამოც 6000 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს „იპოთეკარის“ კრედიტორი მოპასუხის ძირ თანხას და დარჩენილი თანხა იქნება 20 820 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება რჩება არა 14 020 აშშ დოლარი, არამედ 8 020 აშშ დოლარი.
25. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.(შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015). ამდენად, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს (ას-241-241-2018).
27. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ძირი თანხის ანგარიშში 6000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის ეტაპობრივად გადახდის ე.ი. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ იქნა, რის საფუძველზეც მსესხებლის მიერ 2014 წლის 10 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორი მოპასუხის მიმართ არ შესრულებულა.
28. აღნიშნულისა გარდა, აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს გადახდის ვადის შესახებ, რადგან პირგასამტეხლო უნდა დაანაგარიშდეს არა 2 წელზე, 4 თვესა და 4 დღეზე, რაც 4280 აშშ დოლარია, არამედ ერთ წელზე, 4 თვესა და 14 დღეზე, რაც 2505 აშშ დოლარია. აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
29. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა მოპასუხემ 12 800 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა მოპასუხეს დაუთმო. ხელშეკრულებით ამ უკანასკნელს გადაეცა ყველა მოთხოვნა, რაც 12 800 აშშ დოლარის ნაწილში კრედიტორ მოპასუხეს მოვალე მესამე პირის მიმართ გააჩნდა, მათ შორის, მოთხოვნები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. 24.10.2016 წელს კი გაიცა №161224946 სააღსრულებო ფურცელი გ.კ–ის სასარგებლოდ, რომლითაც პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის მოცულობა ძირითად თანხაზე - 12 800 აშშ დოლარზე დღეში 19.2 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.15%-ს შეადგენს.
30. სააპელაციო პალატის მითითებით, უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდზე 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე, მაშინ როცა მხარეთა შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გადაცემული თანხა 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყო, რაც მოვალეს არ შეუსრულებია. 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად კი, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
31. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოვალე მესამე პირს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა შეესრულებინა. მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა ანუ ვალდებულება შეუსრულებელია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც 2014 წლის 10 ივლისიდან წარმოიშვა და მისი დარიცხვის საფუძველი ვალდებულების სრულ შესრულებამდე არსებობს.
32. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ კრედიტორმა თავად შეამცირა პირგასამტეხლო 3928.00 აშშ დოლარით და ძირ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო გამოთვლილია დღეში 19.20 აშშ დოლარით, სასამართლომ აღნიშნული არ მიიღო მხედველობაში და შემცირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 19.2 აშშ დოლარი შეამცირა 5 აშშ დოლარამდე.
33. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარღვევების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. შესაბამისად მართებულია დავალიანების ძირ თანხაზე – 12 800 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს ოდენობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 19.2 აშშ დოლარის ნაცვლად, 5 აშშ დოლარით განსაზღვრა (რაც დღეში 0,039%-ს შეადგენს), 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
35. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 361-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივნისს მოვალემ კრედიტორ მოპასუხეს გადაუხადა ძირი თანხიდან 6000 აშშ დოლარი, ასევე, პროცენტი – 6 232 აშშ დოლარი. მოვალე მესამე პირი კრედიტორ მოპასუხეს 2014 წლის 10 აპრილს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2016 წლის 13 ოქტომბრამდე გადაუხადა 6000 აშშ დოლარი, რომელიც მოვალემ გადაიხადა ძირი თანხის დასაფარად და უნდა გამოაკლდეს ძირ თანხა რის შემდგომაც დარჩენილი თანხა იქნება 20 820 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკარის – მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის უფლება დარჩა არა 14 020 აშშ დოლარზე, არამედ 8 020 აშშ დოლარზე. ამდენად, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლები არის სრულიად შეუსაბამო და არასამართლიანი. მოთხოვნის დათმობა უნდა მოხდარიყო არა 26 820 აშშ დოლარზე, არამედ 20 820 აშშ დოლარიდან. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მოვალის მხრიდან კრედიტორი მოპასუხისათვის გადახდილი 6000 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს მის მიმართ არსებულ დავალიანებას – 14 020 აშშ დოლარს, რის შემდგომ მისი მოთხოვნის უფლება რჩება 8 020 აშშ დოლარზე.
36. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეზე დადგენილი გარემოებები და არასწორად განსაზღვრა სადავო პერიოდი 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე. გაურკვეველია, სად წავიდა მოვალე მესამე პირის მიერ გადახდილი თანხა, თუ ის არც ძირს გამოკლებია და არც პროცენტს.
37. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოვალე მესამე პირის მიერ კრედიტორი მოპასუხისათვის ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულებლის მიზნით 6 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რაც სრულიად შეუსაბამო და არასამართლიანი დასაბუთებაა, რადგან საქმეზე მტკიცებულებად ერთვოდა გადახდის ქვითრები, ასევე, ზეპირად განხილული და დასაბუთებული იყო 2015 წლის 30 ივნისში გადახდილი 6000 აშშ დოლარის მიზანმიმართულობა, მაგრამ სასამართლომ ესეც უგულვებელყო და არ გაითვალისწინა საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში.
38. რაც შეეხება გადაწყვეტილებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 19,2 დოლარის შემცირებას 5 აშშ დოლარამდე, კასატორი აღნიშნულ ნაწილში განჩინებას დაეთანხმა, თუმცა არ გაიზიარა სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადახდის პერიოდი 2014 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე ანუ აღსრულებამდე, აღნიშნული პერიოდი უნდა დადგენილიყო 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მომხდარიყო არა 2 წელზე, 4 თვეზე და 4 დღეზე, ანუ 856 დღე გამრავლებული 5 აშშ დოლარზე = 4280 აშშ დოლარს, არამედ ერთ წელზე, 4 თვეზე და 14 დღეზე, ანუ 501 დღე გამრავლებული 5 აშშ დოლარზე = 2505 აშშ დოლარს.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო პალატის 2021 წლის 31 მაისი განჩინებით მოვალე მესამე პირის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
42. 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე მესამე პირმა კრედიტორი მესამე პირისაგან ისესხა 6 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე კრედიტორისაგან – 26 820 აშშ დოლარი. სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა თვეში 3.5%-ით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით, 2014 წლის 10 ივლისამდე. მოვალემ პირველი თვის სარგებელი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისას გადაიხადა. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში გადაუხდელობის შეთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
43. 2014 წლის 10 აპრილს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 30 აპრილს ნოტარიუსმა გასცა №150428385 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორი მესამე პირის სასარგებლოდ.
44. 2015 წლის 4 მაისს კრედიტორმა მოპასუხემ, როგორც კრედიტორი მესამე პირის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და წარადგინა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემული №150428385 სააღსრულებო ფურცელი, იძულების წესით აღსრულების მიზნით. განცხადების თანახმად, აღსასრულებელი მოთხოვნა 9 102 აშშ დოლარს და 120 ლარს შეადგენდა.
45. 2015 წლის 12 აგვისტოს კრედიტორმა მესამე პირმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და აღნიშნა, რომ №15031376 სააღსრულებო საქმეზე კრედიტორმა მესამე პირმა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 6 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა, რის გამოც ითხოვა აღსრულების განხორციელება დარჩენილი დავალიანების 3 102 აშშ დოლარის და 120 ლარის ნაწილში.
46. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრებში კრედიტორად მითითებულია კრედიტორი მესამე პირი და აღწერილობაში მითითებულია დავალიანების დაფარვა.
47. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, კრედიტორი მესამე პირის წარმომადგენლის კრედიტორი მოპასუხისა და მოვალის 2015 წლის 30 ნოემბრის ერთობლივი განცხადების თანახმად ეცნობა, რომ №150428385 სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალემ ვალდებულება სრულად შეასრულა. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გაუქმება.
48. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა მოპასუხემ მოვალისათვის გადაცემული 26 820 აშშ დოლარიდან 12 800 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა მოპასუხეს დაუთმო.
49. 2016 წლის 24 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა №161224946 სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის სასარგებლოდ, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად - სესხის ძირითადი თანხა 12 800 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 19.2 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის საზღაური – 100 ლარი, დღგ – 18 ლარი, რეგისტრაციის საფასური – 2 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დადგინდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
50. კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 14 ნოემბრის წინადადებით, მოსარჩელეს ეცნობა გადაწყვეტილების შესრულების, კერძოდ, 2016 წლის 24 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ №161224946 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ.
51. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მოსარჩელე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ დავალიანების ოდენობას და სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდი.
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არა ერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სსსკ-ის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 102-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა ასახული აღნიშნული მიდგომა (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხილეთ სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).
54. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, აგრეთვე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა) (იხ. ტ. 2, ს.ფ 153-159).
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.
57. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.
58. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
59. სასამართლო შემეცნების ფორმების თვალსაზრისით საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები შეიძლება ორჯგუფად დავყოთ: ა) გარემოებები, რომლებიც განაგრძობენ არსებობას სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს (ე.წ. აწმყოს ფაქტები) და ამიტომ შესაძლებელია მათი გრძნობადი აღქმის გზით დადგენა და ბ) გარემოებანი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში და ამიტომ მათი დადგენა უშუალო შემეცნების გზით შეუძლებელია. ასეთი ფაქტები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გაშუალებული გზით, მტკიცებულების გამოყენებით.
60. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორდა რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. სასამართლო მტკიცების სუბიექტებად სამოქალაქო პროცესში გვევლინებიან მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, თანამონაწილეები. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
62. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა.
64. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 420-ე მუხლები წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს: ა) მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა (თანხის მოვალისათვის გადაცემა); ბ) მხარეთა შეთანხმება სარგებელზე; გ) ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე – პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა; დ) შესრულების ვადის დადგომა; ე) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ გარემოებებს შეედავება დადგენილი წესით მოპასუხე (სსსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლები), სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს და გარდა უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოებისა, ყველა ზემოხსენებულის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი).მხარეთა შორის უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა სესხისა და სარგებლის (რომლის ოდენობაც სადავო არაა), ასევე, პირგასამტეხლოს დაკირების მოთხოვნის ნაწილში, წარმატებულია სამოქალაქო კოდექსის 420-ე, 623-ე და 625-ე (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად) მუხლებიდან გამომდინარე“ (შდრ. სუსგ №ას-481-481-2018, 19 თებერვალი, 2019 წელი).
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც.
66. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „მოვალის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, ნოტარიუსმა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე. მოსარჩელე (მსესხებელი) განმარტავდა, რომ მის მიერ გადახდილია სადავო თანხა, თუმცა, პალატის მოსაზრებით, თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება თვითკმარ საფუძველს არ წარმოადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალეს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა. ამდენად, მოსარჩელემ (მსესხებელმა) ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რის გარეშეც, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია“ (შდრ. სუსგ №ას-1755-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).
67. სხვა საქმეებშიც დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო პრეტენზია შეეხებოდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატამ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივიგარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მსესხებლის მიერ წარმოდგენილი არაა [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს,რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. მან ვერ წარმოადგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული თანხის ფარგლებში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. [სსსკ-ის 105-ე მუხლი]“ (შდრ. სუსგ№ას-474-474-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1425-1345-2017, 30 აპრილი, 2018 წელი;№ას-1452-1372-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).
68. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც, მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა).ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.“ (შდრ. სუსგ №ას-855-799-2017, 22 სექტემბერი, 2018 წელი).
69. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს). ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ იმას, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად. ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად (შდრ: სუსგ №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
70. საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსესხებელმა ვერ წარმოადგინა სესხის დაბრუნების (მოთხოვნის შეწყვეტა) დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, შესაბამისად, სახეზე არაა სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.
71. განსახილველ საქმეზე კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოვალე მესამე პირმა ისესხა 32 820 აშშ დოლარი, საიდანაც ვალდებულება შესრულდა მხოლოდ კრედიტორი მესამე პირის მიმართ. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პოზიცია, რომ 2015 წლის 30 ივნისს მოვალემ კრედიტორ მოპასუხეს გადაუხადა ძირი თანხიდან 6000 აშშ დოლარი, ასევე პროცენტი – 6 232 აშშ დოლარი, რის გამოც 6000 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს „იპოთეკარის“ კრედიტორი მოპასუხის ძირ თანხას და დარჩენილი თანხა იქნება 20 820 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება რჩება არა 14 020 აშშ დოლარი, არამედ 8 020 აშშ დოლარი. აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელემ მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთი ვერ განახორციელა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მსესხებელმა 2014 წლის 10 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორი მოპასუხის წინაშე არ შეასრულა.
72. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ვერც პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდთან დაკავშირებით.
73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
74. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
75. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
76. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
77. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
78. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული განჩინებით მისთვის პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად დადგენილ ოდენობას.
79. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოვალე მესამე პირს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა შეესრულებინა, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სააპელაციო პალატამ სწორად აითვალა.
80. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
81. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
82. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
83. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
85. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.კ–ას მიერ 2021 წლის 21 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1231,60 ლარის 70% – 862,12 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.კ–ს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.კ–ას მიერ 2021 წლის 21 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1231,60 ლარის 70% – 862,12 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე