Facebook Twitter

№ას-840-2021

24 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გუბის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.მ–ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა მისი გადახდისუუნარობის შესახებ ან 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე და გზავნილი ჩაბარდა პირადად 2021 წლის 15 სექტემბერს, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 16 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 სექტემბერს - სამუშაო დღეს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო, ან შესაბამისი შუამდგომლობით მოემართა სასამართლოსთვის 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის. საკასაციო პალატას 2021 წლის 22 სექტემბერს მომართა კასატორმა, წარმოადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ხოლო დარჩენილი 150 ლარის გადასახდელად ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კორესპონდენციის შპს „ს.ფ–ში“ ჩაბარების თარიღია 2021 წლის 21 სექტემბერი. შპს „ს.ფ–ის საიტზე, გზავნილის კოდით მოძიებული ინფორმაციით ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული განცხადება შპს „ს.ფ–ს“ ჩაბარდა 2021 წლის 21 სექტემბერს, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით - ერთი დღის დაგვიანებით.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ხოლო ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადასახდელად ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით პალატას მომართა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის - 2021 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, რაც როგორც აღინიშნა, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 63-ე მუხლებისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს მ.მ–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (გადახდის თარიღი – 2021 წლის 20.09.2021, გადახდის ქვითარი №27043092);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია