Facebook Twitter

№ა-3808-შ-103-2021

29 სექტემბერი, 2021 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.დ–ძე

განხილვის საგანი – ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ა.დ–ძესა და ბ.ს–იას შორის შეწყდა ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები ერთმანეთისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

ა.დ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მხოლოდ განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების (დადგენილების) საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შუამდგომლობის წარმოდგენა დაზუსტებული მოთხოვნითა და ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების დედნით (შესაბამისი სანოტარო წესით დადასტურებული თარგმანით).

2021 წლის 4 აგვისტოს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ ითხოვს ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას განქორწინების ნაწილში. 2021 წლის 5 აგვისტოს დამატებით წარმოადგინა გადაწყვეტილების დედანი, სათანადოდ დამოწმებული წესით.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა.დ–ძის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა მოსარჩელე ა.დ–ძემ.

ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ა.დ–ძესა და ბ.ს–იას შორის შეწყდა ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები ერთმანეთისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

შუამდგომლობაზე თანდართული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება ა.დ–ძესა და ბ.ს–იას შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა.დ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ესპანეთის, მარტორელის პირველი ინსტანციისა და საგამოძიებო N6 სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება ა.დ–ძესა და ბ.ს–იას შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი