საქმე № ა-3163-შ-81-2021 28 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ჰ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს სურახანის რაიონული სასამართლოს 15.03.2021წ. გადაწყვეტილება N2(010)-1496/2021
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს სურახანის რაიონული სასამართლოს 15.03.2021წ. გადაწყვეტილებით N2(010)-1496/2021 სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა ა.ჰ–ვსა და ხ.მ–ვას შორის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 21.05.2019წ. N37193000250 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
2. 29.06.2021წ. ა.ჰ–ვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.07.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს სურახანის რაიონული სასამართლოს 15.03.2021წ. N2(010)-1496/2021 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა ა.ჰ–ვსა და ხ.მ–ვას შორის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 21.05.2019წ. N37193000250 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
6. შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებითა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 16.04.2021წ.. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულებისა (შემდგომში, "საერთაშორისო ხელშეკრულება") და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს.
10. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.
11. საერთაშორისო ხელშეკრულების 42-47 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. საერთაშორისო ხელშეკრულების 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: 1) გადაწყვეტილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; 2) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სათანადო წესით იქნა შეტყობინებული იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, ჰქონდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 3) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს მიერ ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე; 4) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ხოლო ხელშეკრულებით გაუთვლისწინებელ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება), ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია და გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ჰ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს სურახანის რაიონული სასამართლოს 15.03.2021წ. N2(010)-1496/2021 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ჰ–ვის სარჩელი ხ.მ–ვას მიმართ განქორწინების თაობაზე და შეწყდა სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 21.05.2019წ. N37193000250 ჩანაწერით ა.ჰ–ვსა და ხ.მ–ვას შორის რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია