Facebook Twitter

საქმე №ას-660-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – მ.ვ–ი, მ.ა–ი, ი.ვ–ი, თ.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“), მ.ვ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“), მ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“), ი.ვ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოპასუხე“) და თ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეხუთე მოპასუხე“, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „აპელანტები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 42 159.2 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 34 000 ლარი, პროცენტი - 7110.27 ლარი, პირგასამტეხლო - 1048.93 ლარი. განისაზღვრა, რომ დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული, მეხუთე და მესამე მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ-ით: №...... და №.......; ასევე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მოხდეს პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხეების სხვა ქონებიდან.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 16.04.2021წ., 13:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ აპელანტებს ეცნობათ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, უწყებები გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე. საქმეში არსებული ჩაბარების დასტურებით დგინდება, რომ უწყებები ჩაიბარა მესამე მოპასუხის მეუღლემ - მეხუთე მოპასუხემ. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის არ შეუტყობინებიათ. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 387-ე, 229-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, რადგან 16.04.2021წ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და მათი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ მოპასუხეებისათვის განკუთვნილი უწყებები კურიერმა ჩააბარა მეხუთე მოპასუხეს - პირველი მოპასუხის დედას. მეხუთე მოპასუხემ აღნიშნული უწყებები შეინახა და არ გახსენებია მანამ, სანამ მოპასუხეებისთვის ცნობილი არ გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მეხუთე მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მის გონებასა და მეხსიერებაზე ცუდად აისახება. მეხუთე მოპასუხემ უწყებები იმ პერიოდში ჩაიბარა, როდესაც პირველი მოპასუხე პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი აღნიშნული ფაქტის შესახებ დაავიწყდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტების გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

9. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.

10. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

14. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პირველ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სასამართლო უწყება 16.04.2021წ. 13:30 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ და სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს, მეხუთე მოპასუხეს (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ.253; შეტყობინება გზავნილის ჩაბარების თაობაზე, ტ.2, ს.ფ. 51).

15. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უწყების ჩამბარებელს (მეხუთე მოპასუხეს) მისთვის უწყება არ გადაუცია. თუმცა, აღნიშნული გარემოება, მისი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, გავლენას ვერ მოახდენს უწყების ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევაზე, ვინაიდან სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაჰბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება (სუსგ №ას-29-27-2013, 04.04.2013წ.).

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებებს მეხუთე მოპასუხის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდება მეხუთე მოპასუხის იმგვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებობის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელის ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

20. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ უზრუნველყო სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტის დადასტურება.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია