№ას-1021-2020 28 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.ე–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა-...“-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 15.10.2009წ. გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო გადაწყვეტილება“) თინათინ აფხაძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) სარჩელი გ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოპასუხე“) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ქ. ქუთაისში, ...... №139/42-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის, საერთო ფართით: 72.25 კვ.მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც “სადავო უძრავი ქონება”) მესაკუთრედ ცნობილ იქნა საარბიტრაჟო მოსარჩელე.
2. 20.02.2013წ. საარბიტრაჟო მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება აჩუქა ნ.ე–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „დასაჩუქრებული“, „მესაკუთრე“ ან „საჩივრის ავტორი”).
3. 22.06.2020წ. საარბიტრაჟო მოპასუხემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დასაჩუქრებულის მიმართ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების, 20.02.2013წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავ ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით.
4. საარბიტრაჟო მოპასუხემ იშუამდგომლა სადავო უძრავი ქონების დაყადაღება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სადავო უძრავ ქონებას (ს.ფ. 39-43).
6. 08.07.2020წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა მესაკუთრემ და ამავე სასამართლოს 26.06.2020წ. განჩინებით სადავო უძრავ ნივთზე გამოყენებული ყადაღის გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 59).
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინებით საჩივარი იმავე სასამართლოს 26.06.2020წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ს.ფ. 166-169).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
10. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო უძრავი ნივთის დაყადაღების თაობაზე.
11. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60).
12. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ N ას-587-2019, 20.02.2020წ.).
13. პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მან მოითხოვა:
1) იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ნივთი გადავიდა საარბიტრაჟო მოსარჩელის საკუთრებაში;
2) საარბიტრაჟო მოსარჩელესა და დასაჩუქრებულს შორის 20.02.2013წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ს.ფ. 2-10).
14. ამდენად, საარბიტრაჟო მოპასუხის მეორე მოთხოვნა შინაარსობრივად წარმოადგენდა ახალ სარჩელს, რომლის საგანიც იყო სადავო უძრავი ნივთის ჩუქების ბათილად ცნობა. მანვე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და დასაჩუქრებულის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ნივთის დაყადაღება (ს.ფ. 8).
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2020წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით:
1) საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 15.10.2009წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
2) მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება გააჩნია საერთო სასარჩელო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოში (ს.ფ. 179-190).
16. ამდენად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა სადავო უძრავი ნივთის დაყადაღება, დატოვებულია განუხილველად. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გამოყენებული ღონისძიება თავად არ გაუუქმებია.
17. ამასთან, რადგან არ არსებობს სსსკ-ის 191-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონსიძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და ყადაღის მიზანშეწონილობაზე საკასაციო პალატა მსჯელობს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრის საჩივრის ფარგლებში, წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას სადავო უძრავ ნივთს. აღნიშნული არ ართმევს საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლებას, დამოუკიდებელი სარჩელით უფლებების დაცვის ფარგლებში მოითხოვოს მისი უზრუნველყოფა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 411-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ე–ძის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას ნ.ე–ძის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., ნაკვეთი 608, კოდი ...., ფართობი 72,25 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია