Facebook Twitter

საქმე №ას-1411-2020 30 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი.ნ–ა, ლ.ნ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ყ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.10.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.10.2018წ. გადაწყვეტილებით ნ.ყ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ი.ნ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), ლ.ნ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“), ი.ხ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) და ლ.ნ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოპასუხე“, პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 121 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ა.ნ–სგან მიღებული სამკვიდრო მასის ფარგლებში.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.10.2020წ. განჩინებით საქმეში მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ პირველი და მეორე მოპასუხეები. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი მიღებული სამკვიდროს წილის პროპორციულად თანხის დაკისრებას შეეხება. ასეთ ქონებრივ ვალდებულებაზე ვრცელდება სამემკვიდრეო ურთიერთობა. ამდენად, დავის არსიდან გამომდინარე, გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლეობა დასაშვებია. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში იხილება სამოქალაქო საქმე №2ბ/3422-19 (I აპელანტი - ო.კ–ი, თ.გ–ძე, ქ.მ–ძე, რ.ლ–ა, კ.ს–ა, თ.გ–ძე, ნ.ხ–ძე, ნ.ბ–ი; II აპელანტი - მოპასუხეები; დავის საგანი - თანხის დაკისრება, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.03.2019წ. გადაწყვეტილება). აღნიშნულ სამოქალაქო საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.2020წ. №2/32111-19 გადაწყვეტილების საფუძველზე პირველი და მეორე მოპასუხეები ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად პირველი და მეორე მოპასუხეების ცნობის საფუძველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.10.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც გარდაცვლილი მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ პირველი და მეორე მოპასუხეები.

8. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

9. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019 წ.).

10. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მეოთხე მოპასუხის გარდაცვალება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს: სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენადაა დასაშვები უფლებამონაცვლეობა. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხეებისათვის (მათ შორის, მეოთხე მოპასუხისათვის), როგორც აწ გარდაცვლილი ა.ნ–ს მემკვიდრეებისათვის, სამკვიდროდან მიღებული წილის პროპორციულად მამკვიდრებლის მიერ ნასესხები თანხის დაბრუნება. ამდენად, დავა ქონებრივი ხასიათისაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამრიგად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით.

11. წინამდებარე საქმეზე უფლებამონაცვლეობის საფუძველი გახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი და მეორე მოპასუხეები ცნობილ იქნენ მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად (სამოქალაქო საქმეზე №2/32111-19 25.02.2020წ. მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო სამოქალაქო საქმეზე №2ბ/3422-19 იმავე პირთა შორის უფლებამონაცვლეობას (იხ. ტ.1, ს.ფ.331-333)). ანუ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მეოთხე მოპასუხის დანაშთი სამკვიდროს პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ მიღება - მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობა. სსკ-ის 1435-ე მუხლის პირველი ნაწილით, არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით.

12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, არ არსებობს საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის რაიმე გამომრიცხველი გარემოება. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ნ–ასა და ლ.ნ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.10.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია