Facebook Twitter

ბს-2336-14-ა-05 28 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წ. 16 სექტემბერს ნ. ა.-ისა და ფ. თ.-ის წარმომადგენელმა ვ. რ.-მა დუშეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ დუშეთის რაიონის გამგეობის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან ნ. ა.-ის სასარგებლოდ ერთდროული გადასახდელის სახით 13280 ლარის გადახდა და 2002წ. 1 ოქტომბრიდან ყოველთვიური გადასახდელი სარჩოს _ 160 ლარის ანაზღაურება, ხოლო ფ. თ.-ის სასარგებლოდ 3320 ლარის ერთდროული გადასახდელის სახით ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს _ 89 ლარის გადახდა მოითხოვა.

მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ნ. ა.-ის მეუღლემ _ ვ. ა.-მ და ფ. თ.-ის მეუღლემ _ ი. თ.-მ “ჟ.-ზე” მუშაობის პერიოდში საწარმოო ტრავმა მიიღეს, რის შემდეგაც ვ. ა.-ს სამედიცინო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ შრომის უნარის 80%-ით უვადოდ დაკარგვა განესაზღვრა, ხოლო ი. თ.-ს _ შრომის უნარის 40%-ით დაკარგვა. ვ. ა.-ი 2001წ. 25 დეკემბერს გარდაიცვალა, ხოლო ი. თ.-ი _ 1999წ. 8 ივლისს.

მოსარჩელეთა წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ვ. ა.-სა და ი. თ.-ს “ჟ.-ის” სამმართველო დაკარგული შრომის უნარის პროცენტის შესაბამისად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობებს უხდიდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, “ჟ.-ი” გადახდისუუნარო გახდა და წლების განმავლობაში დასახიჩრებით მიყენებელი ზიანის ანაზღაურებას ვერ ახდენდა, ხოლო 1995 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა და იმავე წლის 1 ნოემბრის შემდეგ არც ერთ პენსიონერზე კუთვნილი თანხა არ გაუცია. 1999 წელს მისი ლიკვიდაციის საკითხი დაისვა და დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის დადგენილებით “ჟ.-ი” ლიკვიდირებულ იქნა.

მოსარჩელეთა წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ დაზარალებულებისათვის ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებისათვის სალიკვიდაციო კომისიამ ტერიტორიული ერთეულების გამგეობებში წარდგინება არ შეიტანა, რის გამოც დაზარალებულები საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად კუთვნილ თანხებს ვერ იღებდნენ.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესისა” და 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულების მინიმალური ხელფასის განსაზღვრის კანონის თანახმად, ნ. ა.-ის მიუღებელი ერთდროულად გადასახდელი სარჩო 1995წ. 1 ნოემბრიდან 2002წ. 1 ოქტომბრამდე შეადგენდა 13280 ლარს, ყოველთვიური _ 160 ლარს, ხოლო ფ. თ.-ის _ 3320 ლარს, ყოველთვიური გადასახდელი _ 80 ლარს.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. ა.-ისა და ფ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე დუშეთის რაიონის გამგეობას ნ. ა.-ის სასარგებლოდ ერთდროული გადასახდელის სახით 13 280 ლარისა და ყოველთვიური სარჩო 160 ლარის, ხოლო ფ. თ.-ის სასარგებლოდ ერთდროულად გადასახდელი თანხის სახით 3320 ლარის, ყოველთვიური გადასახდელი სარჩო _ 80 ლარი დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დუშეთის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეში არასათანადო მოპასუხის _ დუშეთის რაიონის გამგეობის სათანადო მოპასუხით _ სოციალური დახმარების სამსახურით შეცვლა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. ნ. ა.-ისა და ფ. თ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დუშეთის რაიონის გამგეობას ნ. ა.-ის სასარგებლოდ 3552 ლარის, ხოლო ფ. თ.-ის სასარგებლოდ 1080 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ა.-მ და ფ. თ.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინებით ფ. თ.-ისა და ნ. ა.-ის წარმომადგენლის _ ვ. რ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დუშეთის რაიონის გამგეობისათვის ნ. ა.-ის სასარგებლოდ 3552 ლარის, ხოლო ფ. თ.-ის სასარგებლოდ 1080 ლარის გადახდის დაკისრება არამართებულად განხორციელდა, რადგან სახელმწიფოს “ჟ.-ის” ლიკვიდაციამდე _ 2001წ. 11 დეკემბრამდე _ არსებულ მის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ზემოხსენებული ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფო პასუხს აგებდა მხოლოდ ლიკვიდაციის შემდგომ არსებულ დავალიანებებზე, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანხის ამგვარად გაანგარიშების ნაწილში დუშეთის რაიონის გამგეობას არ გაუსაჩივრებია.

საკასაციო სასამართლომ აქვე განმარტა, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ხსენებული ბრძანებულების არა 1999წ., არამედ 2003წ. რედაქციით იხელმძღვანელა და თანხის გაანგარიშება არა ხელფასის ათმაგი, არამედ სამმაგი ოდენობით განახორციელა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქმის ძველი რედაქციით ბრძანებულების გამოყენების შემთხვევაშიც კასატორთათვის უკეთესი შედეგი მაინც ვერ დადგებოდა, რადგან რაიონის გამგეობას “ჟ.-ის” ვალდებულებების შესრულება არა 1995 წლიდან, არამედ 2001წ. 11 დეკემბრიდან, ლიკვიდაციის შემდგომი პერიოდისათვის ეკისრებოდა.

2005წ. 12 ივლისს ფ. თ.-ისა და ნ. ა.-ის წარმომადგენელმა ვ. რ.-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაასაჩივრა და მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ განჩინება იმ ნორმაზე დააყრდნო, რომელიც დავის პერიოდში არ მოქმედებდა.

სამოტივაციო ნაწილი: A

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნევს, რომ ფ. თ.-ისა და ნ. ა.-ის წარმომადგენელ ვ. რ.-ის განცხადება განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საქმის მასალებით იკვეთება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფ. თ.-ისა და ნ. ა.-ის წარმომადგენელ ვ. რ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. თ.-ისა და ნ. ა.-ის წარმომადგენელ ვ. რ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნოს;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.