Facebook Twitter

საქმე № ა-4118-შ-118- 2021 5 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ც–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - გერმანიის, ზალცგიტერის რაიონული სასამართლოს 19.03.2018წ. # 33 F 1 /18 S გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ზალცგიტერის რაიონული სასამართლოს 19.03.2018წ. # 33 F 1 / 18 S გადაწყვეტილებით მეუღლეთა დ.ც–ასა (დაბადებული 21.01.1989წ., ზალცგიტერში; მცხოვრები: ....., 38226 ზალცგიტერი) და ა.მ–ს (დაბადებული 14.02.1986წ. თბილისში/საქართველოში; მცხოვრები: ......, 38226 ზალცგიტერი) შორის 10.03.2015წ. ლანგელანდის (დანია) მმაჩის თანამშრომლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 3523).

2. ა.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებით და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 19.03.2018 წ..

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.09.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. გერმანიის, ზალცგიტერის რაიონული სასამართლოს 19.03.2018წ. # 33 F 1 / 18 S გადაწყვეტილებით შეწყდა დ.ც–ასა და ა.მ–ს შორის 10.03.2015წ. ლანგელანდის (დანია) მმაჩის თანამშრომლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 3523).

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ განაცხადი განქორწინებაზე შეიტანა ორივე მეუღლემ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 19.03.2018 წ.. ა.მ–ი როგორც განაცხადების წარდგენის მომენტში, ისე შუამდგომლობით მომართვისას საქართველოს მოქალაქეა.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ზალცგიტერის რაიონული სასამართლოს 19.03.2018წ. # 33 F 1 /18 S გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა დ.ც–ასა (დაბადებული 21.01.1989წ., ზალცგიტერში; მცხოვრები: ....., 38226 ზალცგიტერი) და ა.მ–ს (დაბადებული 14.02.1986წ. თბილისში/საქართველოში; მცხოვრები: ......, 38226 ზალცგიტერი) შორის 10.03.2015წ. ლანგელანდის (დანია) მმაჩის თანამშრომლის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 3523).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია