საქმე №ა-4110-შ-117-2021 5 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ოს
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.05.2018წ. გადაწყვეტილება N5482/2018
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის რესპუბლიკის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.05.2018წ. გადაწყვეტილებით N5482/2018 შეწყდა მეუღლეთა - ა.ს–ოსა და მ.ქ–ძეს შორის 03.12.2009წ. საქართველოს ქ. თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება.
2. მ.ქ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული საბერძნეთის რესპუბლიკის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმობით N6928/2021 დგინდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.09.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საბერძნეთის რესპუბლიკის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.05.2018წ. გადაწყვეტილებით შეწყდა მეუღლეთა - ა.ს–ოსა და მ.ქ–ძეს შორის 03.12.2009წ. საქართველოს ქ. თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999წ. შეთანხმებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 14.06.2000წ. დადგენილებით), საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა მიზნად ისახავენ რა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას და სურთ რა გააძლიერონ ურთიერთდახმარება სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში ეფექტური თანამშრომლობის საშუალებათა დანერგვის გზით, გადაწყვიტეს დადონ წინამდებარე შეთანხმება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ. შეთანხმების 21-ე მუხლით, თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ცნოს და აღასრულოს სამოქალაქო საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებანი, რომლებიც გამოცემულია მეორე მხარის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას, ამ მხარის კანონმდებლობის საფუძველზე.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი ადგენს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობის წესს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და შუამდგომლობა აკმაყოფილებს სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999წ. შეთანხმების 22-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
10. პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის რესპუბლიკის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.05.2018წ. გადაწყვეტილება N5482/2018, რომლითაც შეწყდა ა.ს–ოსა და მ.ქ–ძეს შორის 03.12.2009წ. საქართველოს ქ. თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია