საქმე №ას-293-2021 5 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ც.მ–კო, ვ.ს–ძე (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხე – მ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.09.2020წ. გადაწყვეტილებით ც.მ–კოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ვ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი მ.გ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე", „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და მ.გ–ის („მეორე მოპასუხე") მიმართ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ვ.გ–ის სახელზე 29.12.2015 წელს ქალაქ ხაშურის ნოტარიუსის - დ.ტ–ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №151404251) - 2/3 ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ვ.გ–სა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბორჯომის რაიონი, სოფელი ........... (ს/კ .......) - 2/3 ნაწილში. პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა ბორჯომის რაიონის სოფელ ........... მდებარე უძრავი ნივთის – 521 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ს/კ .....) – 1/3 წილის მესაკუთრედ. მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნა ბორჯომის რაიონის სოფელ ........... მდებარე უძრავი ნივთის - 521 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა №1 (ს/კ .....) - 1/3 წილის მესაკუთრედ.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2021წ. განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.09.2020წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლების, თ.კ–ძისა და ა.ი–თვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან, აპელანტი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის, დროისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2020 წლის 16 სექტემბრიდან) არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით) გამოცხადებულიყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 17.10.2020წ. და დასრულდა 30.10.2020წ., 24:00 საათზე. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 09.12.2020წ., რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2021წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4.1. მართალია, პირველ მოპასუხესა და მის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ, თუმცა გადაწყვეტილების შინაარსი და დასაბუთება მათთვის უცნობი იყო. ისინი გამუდმებით ცდილობდნენ გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობას, ჰქონდათ კომუნიკაცია სასამართლოსთან, თუმცა მათ ეუბნებოდნენ, რომ მოსამართლის თანაშემწე და მთლიანი აპარატი იყო თვითიზოლაციაში, რის გამოც, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვერ ჩააბარებდნენ. აპელანტმა, რომელსაც აქვს სასამართლოს მიმართ ნდობა, მიიჩნია, რომ უნდა დალოდებოდა სასამართლოს აპარატის იზოლაციის ვადის გასვლას, გადაწყვეტილებას და შემდგომ მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2591 მუხლით განსაზღვრულია, ერთის მხრივ, მხარის ვალდებულება დადგენილ ვადაში წარადგინოს საჩივარი, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს ვალდებულება მხარეს ჩააბაროს გადაწყვეტილება, რაც ახალციხის რაიონულ სასამართლოს არ განუხორციელებია.
4.2. სააპელაციო საჩივარში მითითებულია გარემოებები, რომლებიც აპელანტისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. კერძოდ, მოსარჩელეებისათვის საერთოდ არ იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის არსებობის შესახებ, რაც ფაქტობრივად ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს და არის საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პირველი მოპასუხე (აპელანტი) არ წარმოადგენს სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).
11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენლები, თ.კ–ძე და ა.ი–ძე (იხ.: რწმუნებულება, ტ.1, ს.ფ. 174-176) ესწრებოდნენ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 07.09.2020წ. გამართულ სხდომას და ამდენად, მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 16.09.2020წ. (იხ.: 07.09.2020წ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 223-230), თუმცა, არც პირველ მოპასუხეს და არც მის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა (16.10.2020წ.), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით აპელანტის წარმომადგენლებმა სასამართლოს განცხადებით მიმართეს მხოლოდ 30.11.2020წ. (განცხადების ფოსტისთვის ჩაბარების თარიღი - 28.11.2020წ.) (იხ. ტ.1, ს.ფ. 252-253). შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 17.10.2020წ. და ამოიწურა 30.10.2020წ..
13. ახალციხის რაიონულ სასამართლოში პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 09.12.2020წ.. საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 08.12.2020წ. (იხ. ტ.1, ს.ფ. 256-267), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ მითითებულ გარემოებას ვერ ადასტურებს (იხ. სუსგ. №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.; №ას-1063-2019, 30.10.2019წ.). საქმეში არ მოიპოვება სასამართლოში წარდგენილი პირველი მოპასუხის (მისი წარმომადგენლის) განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მოთხოვნით, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის თაობაზე მისი მსჯელობა.
16. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებებზე, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შინაარსობრივ მხარეს საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
18. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019, 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია