Facebook Twitter

საქმე №ას-1129-2020 16 მარტი, 2021წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ქ.თ.ფ.ჯ.ც–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.08.2020წ. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის თაობაზე

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ქ.თ.ფ.ჯ.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. 12.08.2020წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილების (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინებით) დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით (ტ.3, გვ.150-152).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.08.2020წ. განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.3, ს.ფ.160-164). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა (ტ.3, ს.ფ.169-172).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.08.2020წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილების (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინებით) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

10. სსსკ აწესრიგებს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წესს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, კერძოდ, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მხარის შუამდგომლობა (სუსგ. Nას-1559-2019, 02.03.2020წ.).

11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2021წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.08.2020წ. განჩინება.

12. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამდენად, წინამდებარე დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 16.03.2021წ. მიღებული საბოლოო განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილება. შესაბამისად, აღარ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამართლებრივი ინტერესი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.08.2020წ. განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი, რაც მოცემული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 264-ე, 268-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.08.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე