Facebook Twitter

საქმე №ას-931-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.წ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ ,,ს.ე. პ.კ–ტი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.წ–ძემ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და ლ.ო–ამ (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ააიპ ,,ს.ე. პ.კ–ტის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს კრების ოქმების ბათილად ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლზე, იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60 და 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირველი აპელანტი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2021 წლის 17 ივნისს (გადაწყვეტილების გამოტანიდან 34-ე დღეს) ჩაიბარა. გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით დადგენილი ვადა კი - 2021 წლის 14 ივნისს ამოიწურა. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი ვადის დაცვით მოამზადა. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ აპელანტი სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის დადგენილი ვადის დაცვით გამოცხადდა, რისი გათვალისწინებითაც, მისი 2021 წლის 1 ივლისს გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

6. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენის გამო, მეორე მოსარჩელის (მეორე აპელანტის) სააპელაციო საჩივარიც განუხილველად დატოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება პირველმა აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

7.1 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-18 დღეს - 2021 წლის 1 ივნისს მიმართა სასამართლოს. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, რაც ავტომატურად გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, მიაწოდოს მხარეს ინფორმაცია, თუ როდის შეუძლია, გადასცეს მას გადაწყვეტილება.

7.2 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ მივიჩნევთ, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მომზადდა კანონით განსაზღვრულ ვადაში და სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული იყო 2021 წლის 27 მაისს, მაშინ მოსამართლის თანაშემწე გადაწყვეტილების ჩასაბარებად მხარეს დაუკავშირდებოდა და მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლას არ დაელოდებოდა.

7.3 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2021 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი სისტემაში 2021 წლის 17 ივნისს აიტვირთა, ორი დღით ადრე კი, მოსამართლის თანაშემწე პირველ მოსარჩელეს გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხზე დაუკავშირდა, რასაც საუბრის შესახებ სს ,,ჯ–დან“ ამოღებული სატელეფონო ჩანაწერები ადასტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნული ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ მომზადდა.

7.4 პირველმა მოსარჩელემ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით კანონით განსაზღვრული ვადის ფარგლებში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა - 2021 წლის 1 ივნისს მიმართა სასამართლოს. ამ განცხადების პირობებში, სასამართლომ მხარეს გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 17 ივნისს მიაწოდა და არა მყისიერად, მით უფრო, თუ 2021 წლის 14 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების წარდგენის ეტაპზე (2021 წლის 27 მაისს) უკვე მზად იყო.

7.5 პირველმა მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება ხელზე 2021 წლის 17 ივნისს ჩაიბარა, ხოლო სააპელაციო საჩივარი, კანონით განსაზღვრული წესით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში - 2021 წლის 1 ივლისს წარადგინა, რაც გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაშვებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

12. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

13. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

14. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს).

15. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 2019 წლის 31 იანვარი).

16. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. ეს ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე. სასამართლო სხდომაზე მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, თუმცა მოსარჩელეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 14 ივნისს და იმავე წლის 28 ივნისს ამოიწურა (მე-14 დღე იყო 27 ივნისი, კვირა დღე სსსკ-ის 61.2 მუხლი).

20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მან გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-18 დღეს - 2021 წლის 1 ივნისს მიმართა სასამართლოს, თუმცა განცხადების პასუხად, მოსამართლის თანაშემწე მხოლოდ იმავე წლის 17 ივნისს დაუკავშირდა, რაც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ მომზადებულა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2021 წლის 17 ივნისიდან დაიწყო, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია - 2021 წლის 1 ივლისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის მიხედვით.

21. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და, უპირველესად, მიუთითებს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ (განსახილველ შემთვევაში მე-18 დღე). ამასთან, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად - „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (შდრ. საქმე №621-2021, 2021 წლის 30 ივლისის განჩინება).

22. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-18 დღეს - 2021 წლის 1 ივნისს მიმართვა ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესის შესრულებად, შესაბამისად, პირველი მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა) მომდევნო დღიდან, რისი გათვალისწინებითაც, როგორც უკვე აღინიშნა, პირველი მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 14 ივნისს და იმავე წლის 28 ივნისს ამოიწურა (მე-14 დღე იყო 27 ივნისი, კვირა დღე სსსკ-ის 61.2 მუხლი).

23. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველმა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2021 წლის 1 ივლისს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

25. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ ჰქონდა გადაწყვეტილება მომზადებული, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებითა და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (შდრ. საქმე №ას-1040-994-2013, 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებული ვადების დაცვით (იხ. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტი) მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადებას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით დაადასტურებდა, ისევე როგორც, არ არის წარდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა.

26. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი, მითითებული მსჯელობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მით უფრო, როდესაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პროგრამულად 2021 წლის 27 მაისს აიტვირთა.

27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მომზადებული იყო კანონით განსაზღვრულ ვადაში და სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული იყო 2021 წლის 27 მაისს, მაშინ მოსამართლის თანაშემწე გადაწყვეტილების ჩასაბარებად მხარეს დაუკავშირდებოდა და მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლას არ დაელოდებოდა. პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო არ იყო ვალდებული, მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ დაჰკავშირებოდა, ამასთან, სწორედ მხარეები არიან ვალდებული, განახორციელონ საკუთარი საპროცესო უფლებები და მოვალეობები, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა ემოქმედა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება და რაც საფუძველს აცლის კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონი დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.წ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე