საქმე №ას-828-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ. გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ. გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ–ის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ალიმენტისა და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ½ ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 1 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა. მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მერსედეს ბენც ს 550“ (თეთრი) და ექვსი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის) ღირებულების ½ ნაწილის, კერძოდ, 19825 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა; სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ალიმენტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით, მხარეთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაც.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 16 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო უწყების მეშვეობით ეცნობათ, რაც საქმეში წარდგენილი უკუგზავნილებით დასტურდება. ამასთან, მხარეებს გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე, 231-ე, 275-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე და წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
7.1 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2021 წლის 16 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე იმ საფუძვლით ვერ გამოცხადდა, რომ კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და რისკჯგუფს წარმოადგენდა, რის შესახებაც სხდომის გადადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით სხდომის გამართვის წინა დღეს მიმართა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
7.2 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ მიეცა შესაძლებლობა, თუნდაც დისტანციურ სხდომას დასწრებოდა და საკუთარი და არასრულწლოვანი შვილის უფლებები დაეცვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა სფეროს.
11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
12. სსსკ-ის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ, მხარეთათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, ისინი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 16 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ, რომლებიც სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (აპელანტს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა 2021 წლის 2 ივნისს).
17. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსთვის უცნობი იყო მხარეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
18. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი.
19. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, შესაბამისად, განცხადებით მიმართა სასამართლოს და სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით (კერძოდ, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითონაც რისკჯგუფში შედიოდა), შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
22. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. Nას-1445-1459-2011, 2011 წლის 31 ოქტომბერს განჩინება; Nას-1410-1330-2017; 2008 წლის 30 იანვრის განჩინება).
23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ საპატიო მიზეზებზე მითითებით, სხდომის წინა დღეს - 2021 წლის 15 ივნისს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მართლაც მიმართა სასამართლოს და სხდომის გადადება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და თვითონაც ინფიცირების რისკჯგუფს წარმოადგენდა. უდავოა, რომ ზემოაღნიშნული განცხადება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ - 2021 წლის 16 ივნისს, 12:28 საათზე აიტვირთა და მოსამართლის თანაშემწეს იმავე დღეს, 13:00 საათზე ჩაჰბარდა (იხ. სასამართლო მოხელის აქტი, ს.ფ. 270), ამასთან, ვინაიდან სასამართლოსთვის უცნობი იყო მხარეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
26. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს, მიუთითებს წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში მითითებულ მტკიცების ტვირთზე და განმარტავს, რომ ფაქტების მტკიცების ტვირთი (მოვალეობა) მხარეებს ეკისრებათ და ამ ტვირთისგან გასათავისუფლებლად მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დადასტურება ფაქტებისა, რომლებსაც სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ მიიჩნევს. სასამართლო კი, მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადლობის პრინციპების მოთხოვნათა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მას თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ ფაქტის დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება.
28. განსახილველი საკითხი ისაა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (განცხადება სხდომის გადადების შესახებ), ქმნის თუ არა საფუძველს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც აპელანტის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტს დაადასტურებდა და 2021 წლის 15 ივნისის განცხადებას რაიმე მტკიცებულებით გაამყარებდა. 2021 წლის 15 ივნისის განცხადებაში აპელანტი მიუთითება იმავე წლის 17 ივნისს კოვიდტესტის გაკეთებასთან დაკავშირებით, თუმცა, მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებიდან (16.06.2021წ.) კერძო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენამდე (19.07.2021 წ.) გასულია თვეზე მეტი და ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო როგორც კოვიდტესტის გაკეთება, ასევე - შესაბამისი მტკიცებულების კერძო საჩივრისათვის დართვა, განცხადებაში მოყვანილი გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, თუმცა მას როგორც უკვე აღინიშნა 2021 წლის 15 ივნისის განცხადება რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარუდგინა სასამართლოს, მათ შორის, ვერც კერძო საჩივართან ერთად, იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება.
29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტმა/მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
30. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 17 იანვარს წარადგინა, თუმცა ხარვეზის დადგენისა და საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს არაერთი განჩინების გათვალისწინებით (იხ. 2020 წლის 31 იანვრის, იმავე წლის 9 მარტის, 1 ივნისის, 17 ივლისის, 24 სექტემბრის განჩინებები) აპელანტის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული თითქმის ათი თვის შემდეგ - 2020 წლის 12 ნოემბერს, რის შემდგომაც საქმის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2021 წლის 16 ივნისს დაინიშნა. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომის გადადების შესახებ 2021 წლის 15 ივნისის განცხადებაში აპელანტი მიუთითებდა, რომ სხდომის გადანიშვნას სხვა დროისათვის - ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებადე ითხოვდა, ამასთან, დისტანდიურად სხდომის გამართვა არ სურდა და მხართა მონაწილეობით სასამართლო სხდომის დაბრაზში მოითხოვდა საქმის განხილვას.
31. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ არ მიეცა შესაძლებლობა, თუნდაც დისტანციურ სხდომას დასწრებოდა და საკუთარი და არასრულწლოვანი შვილის უფლებები დაეცვა დაუსაბუთებელია, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტი 2021 წლის 15 ივნისის განცხადების თანახმად, სასამართლო სხდომის დისტანციურ რეჟიმში გამართვის წინააღმდეგი იყო და გაურკვეველი ვადით - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებადე ითხოვდა სასამართლო სხდომის გადადებას, რაც სასამართლოს აზრით, დაუსაბუთებლად გააჭიანურებდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვას.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე