საქმე №ას-620-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.დ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი–ტის“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ზ.ჩ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, საჩივრის ავტორი, კერძო საჩივრის ავტორი), მ.ჯ–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ლ.ჟ–ძის (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე), ი.ბ–სა (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომ - მეექვსე მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და მოვალეთა რეესტრიდან ქონების ამორიცხვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ......, მე-5 სართულზე, ბინა №48-ში (ს/კ ......) მდებარე 60.22 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრედ და ზემოაღნიშნული ქონება №A17102238, №A17111972, №A17128049 და №A18094089 სააღსრულებო საქმეების ფარგლებში დადებული ყადაღისაგან გათავისუფლდა. სარჩელი, უძრავი ქონების მოვალეთა რეესტრის შეზღუდული უფლებიდან ამორიცხვის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მეექვსე მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტის სააპელაციო საჩივარი, ამ უკანასკნელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, მეორე მოპასუხის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 372-ე მუხლზე, 373.1 და 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იმავე კოდექსის 236-ე მუხლსა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორი არ წარმოადგენდა პირს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი არც 2321 მუხლით გათვალისწინებული პირი იყო. ამასთან, მეორე მოპასუხეს სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მეორე მოპასუხე არ წარმოადგენდა გასაჩივრების უფლების მქონე პირს, რის გამოც მისი საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მეორე მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
8.1 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მოწინააღმდეგე მხარედ კერძო საჩივრის ავტორიც (მეორე მოპასუხეც) დაასახელა და მას როგორც, ერთ-ერთ მოწინააღმდეგე მხარეს, სააპელაციო სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო სხდომის თაობაზე აცნობა.
8.2 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტი 2021 წლის 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელემ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა კი, უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და სხდომის სხვა დროისათვის გადადება შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით იშუამდგომლა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიღო.
8.3 კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსსკ-ის 86-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ რომელიმე მოწინააღმდეგე მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგია და ითხოვს პროცესის სხვა დროისათვის გადადებას სახეზეა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება და სასამართლო ვალდებულია სხვა დროისათვის გადადოს სხდომა, შესაბამისად, როდესაც ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე მხარემ - მეორე მოპასუხემ, სხდომაზე უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სასამართლო არ იყო უფლებამოისლი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო.
8.4 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ სხდომაზე დისკუსიის ფარგელბში განაცხადა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ იყო მეორე მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარედ მითითებული, მაშინ როდესაც სააპელაციო საჩივარი არ იყო მის მიმართ მიმართული. სასამართლომ მიუთითა, რომ მეორე მოპასუხე წარმოადგენდა არასათანადო მოწინააღმდეგე მხარეს და ამის გამო ამ უკანასკნელის პოზიცია არ უნდა გაზიარებულიყო, რასაც კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 85-ე მუხლზე მითითებით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის შინაარსით ცალსახად იკვეთება, რომ სასამართლო მხოლოდ მას შემდეგ არის უფლებამოსილი არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, თუ შეთავაზების შემდგომ მოსარჩელე უარს განაცხადებს მოპასუხის შეცვლაზე.
8.5 კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი სამართლებრივი ინტერესები, რომელსაც წარმოადგენს მოვალის - პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, როგორც კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ერთ-ერთი წყარო. მოსარჩელე თავისი სარჩელით ითხოვს პირველი მოპასუხისგან მის მიმართ არასანივთო ვალდებულების დაკმაყოფილებას, მაშინ როცა კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 6 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხეს კერძო საჩივრის ავტორის (მეორე მოპასუხის) მიმართ ვალდებულება უკვე დაკისრებული ჰქონდა. ამასთან, სასამართლომ ხელი შეუწყო მოვალეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავი დაეღწია, რითაც კერძო საჩივრის ავტორს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა.
8.6 კასატორი სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზეც მიუთითებს (№ბს-325-316 (კ-08)-17).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ მეექვსე მოპასუხემ გაასაჩივრა, თუმცა, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც მეორე მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, რომლითაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საჩივარი განუხილველად იმ საფუძვლით დატოვა, რომ მისი ავტორი გასაჩივრების უფლების მქონე პირს არ წარმოადგენდა.
14. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას წინამდებარე განჩინების 8.1-8.6 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით მოითხოვს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.
15. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სამართალწარმოების ეტაპზე პირის პროცესუალურ სტატუსს, რომელიც მას მხარედ აქცევს და უზრუნველყოფს მონაწილის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს საკუთარი პროცესუალური უფლებების რეალიზება და ამის შედეგად სადავო მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვა.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათივე ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი ისაა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები.
17. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს მოსარჩელის უფლება, მოპასუხედ დაასახელოს პირი, რომლისგანაც მოითხოვს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვას, თუმცა ამ პრინციპის აბსოლუტურ ბუნებას ზღუდავს სწორი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობა და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, გამოარკვიოს, როგორც მხარის სათანადოობის საკითხი, ისე - იმ პირთა მოწვევის აუცილებლობა, რომელთაც შეიძლება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხოთ (სსსკ 84-ე, 85-ე, 88-90-ე მუხლები). საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი, მოპასუხე არის პირი, რომელმაც დაარღვია ან სადავოდ გახადა მოსარჩელის დარღვეული უფლება. ამასთან, არის თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული პირი სათანადო მოპასუხე, განისაზღვრება მატერიალურსამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
18. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით, დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცის გარანტია. ნორმის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი აღძრული იყო პირველი-მეექვსე მოპასუხეთა მიმართ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, ქონების ყადაღისგან გათავისუფლებისა და მოვალეთა რეესტრიდან ქონების ამორიცხვის მოთხოვნით. უდავოა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ და ზემოაღნიშნული ქონება №A17102238, №A17111972, №A17128049 და №A18094089 სააღსრულებო საქმეების ფარგლებში დადებული ყადაღისაგან გათავისუფლდა, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მყოფმა მხოლოდ ერთმა კრედიტორმა, კერძოდ, მეექვსე მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება ჰქონდა დაკისრებული, №A18094089 სააღსრულებო საქმის კრედიტორს წარმოადგენდა. ამასთან, ზემოაღნიშნულ სააღსრულებო საქმეებს ჰყავდა თავიანთი კრედიტორები, რომელთა სასარგებლოდაც პირველ მოპასუხეს დაკისრებული ჰქონდა ფულადი თანხები და რომლებიც დასახელებული იყვნენ მოსარჩელის სარჩელშიც მოპასუხეებად, რათა ამ უკანასკნელს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამდენიმე სააღსრულებო საქმისწარმოების გათვალისწინებით, სასურველი სამართლებრივი შედეგისათვის მიეღწია.
20. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მეექვსე მოპასუხემ გაასაჩივრა და მეორე მოპასუხეს (კერძო საჩივრის ავტორს) მის წინააღმდეგ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩირების უფლებით არ უსარგებლია.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის ერთ - ერთი თავისებურება ისაა, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოჰყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. ამდენად, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მოპასუხედ მყოფმა კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა პროცესუალური სტატუსი, ვინაიდან მან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით არ ისარგებლა, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ერთმა მოპასუხემ (მეექვსე მოპასუხემ), რომელმაც სააპელაციო საჩივრის ფორმაში მოწინააღმდეგე მხარედ მოსარჩელესთან ერთად სხვა მოპასუხეებიც მიუთითა, მეორე მოპასუხეს (კერძო საჩივრის ავტორს) ავტომატურად არ აქცევს პროცესის მონაწილე მხარედ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და არ აღჭურავს უფლებით, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება მოითხოვოს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე მოპასუხეს არ გააჩნდა 2021 წლის 25 თებერვლის სხდომაზე მონაწილეობის უფლება და არც რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენების უფლება, რის გამოც სასამართლომ სწორად არ გაითვალისწინა მისი პოზიცია სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით.
23. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება. იმავე კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.
24. საქმის მასალებით უდავოა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387.1 მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრი განუხილველად დატოვა.
25. რაც შეეხება სსსკ-ის 236-ე მუხლს, აღნიშნული სამართლებრივი დანაწესი მიუთითებს, თუ ვის შეუძლია, გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასეთად განსაზღვრავს პირს, რომლიც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოპასუხეს სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
26. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი საწყის ეტაპზე წარმოადგენდა მოპასუხეს, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, იგი აპელანტ მხარეს არ წარმოადგენდა და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც მის წინააღმდეგ გამოტანილი არ არის, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის უფლებას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურსამართლებრივი საშუალებებით ისარგებლოს.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სარჩელში გაერთიანებულია სხვადასხვა მოთხოვნა სხვადასხვა მოპასუხის მიმართ, შესაბამისად, ვინაიდან მეორე მოპასუხეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია, მას არ შეუძლია მოსარჩელის მიერ მეექვსე მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნების მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
28. როგორც უკვე აღინიშნა, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს მოპასუხეს (მოპასუხეებს), რომელმაც მისი განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა ამ უკანასკნელის უფლება, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, სარჩელში მითითებული მხარეთა მონაწილეობით განიხილოს და გადაწყვიტოს დავა, ანუ სასამართლოში სარჩელით მიმართვისას, მისი განხილვა-გადაწყვეტის პროცესში წარმოიშვება სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობები იმ პირებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში სხვადასხვა სტატუსით (იქნება ეს მოსარჩელე, მოპასუხე თუ მესამე პირები, ამასთან, სხვა საკითხია, მითითებული მოსარჩელე ან მოპასუხე სათანადო მოსარჩელეს ან მოპასუხეს წარმოადგენს თუ არა, რაზეც სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას სსსკ-ის 84-85-ე მუხლების საფუძველზე იღებს), თუმცა, როდესაც გასაჩივრების ობიექტია სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, ცალკეულ პირთა შორის წარმოჭრილ სამართლებრივ დავას ეხება (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მეექვსე მოპასუხეს შორის, ვინაიდან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მხოლოდ ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა), ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება მოცემულ საქმეში მოპასუხეთა სავალდებულო თანამონაწილეობის საფუძველი, არ არსებობს მეორე მოპასუხის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და ქონების მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ სარჩელის ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენდა. როგორც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ირკვევა, ეს უკანასკნელი (მეორე მოპასუხე), ისევე, როგორც, აპელანტი (მეექვსე მოპასუხე), წარმოადგენენ ამავე საქმის პირველი მოპასუხის კრედიტორებს და მათი ინტერესია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რათა დავის საგანი - სარჩელით სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებად არ აღირიცხოს და კრედიტორთა სასარგებლოდ არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დადებული ყადაღისგან არ გათავისუფლდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებათა აღსრულებას. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიუთითებს, რომ აპელანტთან კერძო საჩივრის ავტორს (მეორე მოპასუხეს) რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა არ აკავშირებს და სააპელაციო საჩივარიც მის წინააღმდეგ არ არის მიმართული, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები, რომელიც ასახულია ამ განჩინების 8.1-8.4 პუნქტებში, დაუსაბუთებელია და მისი გაზიარების საფუძველს არ ქმნის.
30. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომელიც საქმეზე დავის საგნის მატერიალურსამართლებრივ საკითხებს ეხება (იხ. წინამდებარე 8.5 ქვეპუნქტი) და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლების მართებულობის შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რაც სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.
31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც მეორე მოპასუხე არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, რადგანაც მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე