Facebook Twitter

საქმე №ა-4481-შ-133-2021 1 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ტ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილებით, მ.ტ–ძესა და გ.თ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინა მხართა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მეურვეობისა და ალიმენტის საკითხები.

2. მ.ტ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა განქორწინების ნაწილში ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 17 თებერვლიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა.

5. მხარეები ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, მ.ტ–ძის შუამდგომლობა ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილებით, მ.ტ–ძესა და გ.თ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. მხარეები ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების ნაწილში, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ–ძის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის (საქმე №310670/16) გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა მ.ტ–ძესა და გ.თ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე