საქმე №ას-1127-2019 12 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.კ–ნი
მოწინააღმდეგე მხარეები – ც.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ იპოთეკის და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ც.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე ან აპელანტი) სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
2.1. 2016 წლის 31 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა გაუქმდა.
2.1.1. ნაწილობრივ გაუქმდა 2018 წლის 18 ივლისის სააღსრულებო ფურცელი და მასში ცვლილებების შეტანის გზით, არაუზრუნველყოფილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად 378,24 აშშ დოლარი (პირგასამტეხლო) და 126,72 ლარი (აღსრულების საფასური) განისაზღვრა.
2.1.2. ლ.კ–ს (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი, კრედიტორი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელსა (392 ლარი) და სააპელაციო საჩივარზე (571 ლარი) გადახდილი ბაჟის სულ - 963 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
2.1.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟი - 50 ლარი და პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის დაკისრებული ხარჯის ნაწილი - 50 ლარი მხარეთა შორის გაიქვითა.
2.1.4. მოპასუხის შუამდგომლობა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მხარეთა შორის, 2016 წლის 31 მარტს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს სესხად 5000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 2% სარგებლის დარიცხვით, გადასცა. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ახალციხე, .... საკადასტრო კოდი #...., იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკით სესხი და მასზე დარიცხული პროცენტები, აგრეთვე შესაძლო ზიანი, იქნა უზრუნველყოფილი. იპოთეკა საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული.
3.2. ხელშეკრულების მე-13 მუხლით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
3.3. მოსარჩელემ (მსესხებელმა) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნაღდო ანგარიშსწორებით 3700 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო 1600 აშშ დოლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა.
3.4. ნოტარიუსის მიერ, 2018 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მსესხებლის ვალდებულება შემდეგი სახით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 3200 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0,12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 30 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი. ამავე სააღსრულებო ფურცლით მსესხებელის საკუთრებაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია დადგინდა.
3.5. მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. სესხი და მასზე გადასახდელი სარგებელი 3 თვის ვადაში არ გადაიხადა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ გამოვლენილი იყო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების წინაპირობები.
5. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 5300 აშშ დოლარს შეადგენს (ხელშეკრულების მე-6 პუნქტი).
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სსკ-ის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე იპოთეკაც გადადის.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, მოვალე კი იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით არის დაცული, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სანივთო უფლების რეალიზაცია ხორციელდება. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას.
8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტით არაორაზროვნად და ნათლადაა განსაზღვრული, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 5300 აშშ დოლარს შეადგენს, იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი, აგრეთვე შესაძლო ზიანი (სასამართლო და სააღსრულებო ხარჯები და სხვა).
9. საქმის მასალებში წარდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების სახით 3700 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო 1 600 აშშ დოლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
10. სასამართლოს შეფასების საგანს ის საკითხიც წარმოადგენდა, ნოტარიუსის სატეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირება უნდა ჩათვლილიყო თუ არა საერთოდ გადახდილად და შემდეგ - იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრულ თანხაში გადახდილად.
11. სადავო საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ სსკ-ის 434-ე მუხლის პირველი ნაწილი „თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე“ მოიშველია და მიუთითა, რომ მოსარჩელემ შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცა სადავო 1600 აშშ დოლარის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდის ფაქტი, თუმცა, აღნიშნულს მოპასუხე არ აღიარებდა და იმავე თანხის დამატებით გადახდას მოითხოვდა. ასევე აცხადებდა, რომ თანხის გადახდის დაგვიანების გამო, 1600 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაშიც კი, იგი იპოთეკის უფლებას არ გააუქმებდა. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მსესხებელს შეექმნა ვარაუდი იმისა, რომ გამსესხებელი არკეთილსინდისიერად იქცეოდა, საკუთარი უფლებების დასაცავად თანხის ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირება გადაწყვიტა. საქმის მასალებში კი არ არსებობდა მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხე მოსარჩელისგან თანხის გადარიცხვას მოითხოვდა.
12. სასამართლო მტკიცებულებების კვლევის და მათი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოვალის მიერ 1600 აშშ დოლარის ნაწილში (როგორც ძირითადი ვალდებულების ნაწილი) ვალდებულება დეპონირებით შეწყდა და იგი იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრულ 5300 აშშ დოლარის ანგარიშში უნდა ჩათვლილიყო. შესაბამისად ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ჯამში 5300 აშშ დოლარი გადახდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული, შესრულებულია.
13. სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზიას უპასუხა და მიუთითა, რომ იპოთეკის, როგორც აქცესორული ბუნების, გაუქმებაზე, გავლენას ვერ იქონიებს მისი შედავება 1600 აშშ დოლარის ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირების უმართებულობისა და ძირითადი თანხის დაგვიანებით გადახდის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლებელია მეორადი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი გახდეს და იგი ვერ შეცვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ თანხა, რომელიც იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა, მსესხებელმა გადაიხადა და 2016 წლის 31 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოშობილი იპოთეკის უფლება აღნიშნულ თანხაზე გაუქმებას ექვემდებარებოდა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო 2018 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების წინაპირობები.
15. სასამართლომ ყურადღება მიაქცია სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღს, 2018 წლის 18 ივლისს და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული გადახდის ქვითრებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ სესხის ძირითადი თანხიდან 3700 აშშ დოლარი მსესხებელს 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ხოლო, დარჩენილი 1600 აშშ დოლარი 2018 წლის 15 ივლისს ჰქონდა გადახდილი, ანუ ძირითადი ვალდებულება სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე შესრულებული იყო.
16. ვინაიდან მოპასუხემ, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს ვერ განმარტა, სააღსრულებო ფურცელში მითითებული 3200 აშშ დოლარის დანიშნულება, რომელიც მასში „სესხის დარჩენილ ძირითად თანხად“არის სახელდებული, სასამართლომ მოვალის მიერ ძირითადი ვალდებულება, როგორც სრულად, ასევე სააღსრულებო ფურცელში მითითებულ 3200 აშშ დოლარის ნაწილში, შესრულებულად მიიჩნია და ამ ნაწილში სადავოდ ქცეული სააღსრულებო ფურცელი გააუქმა.
17. სასამართლომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებაზეც იმსჯელა.
18. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 3700 აშშ დოლარის ნაწილში 2017 წლის 30 ნოემბერს, ხოლო 1600 აშშ დოლარის ნაწილში 2018 წლის 15 ივლისს შესრულდა. სააღსრულებო წარმოება 2018 წლის 18 ივლისს (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) დაიწყო, შესაბამისად, ვინაიდან კრედიტორი პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 30 ნოემბრიდან მოითხოვდა და საბოლოოდ ვალდებულება 2018 წლის 15 ივლისს შესრულდა (დეპონირებით) მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებამ 197 დღე შეადგინა, რაც მისთვის პირგასამტეხლოს სახით 378,24 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველია (1600*0,12/100=1,92;1,92*197=378,24). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შესულიყო სააღსრულებო ფურცელში და მოვალისთვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელ თანხად 378.24 აშშ დოლარი, როგორც არაუზრუნველყოფილი ვალი, უნდა განსაზღვრულიყო.
19. სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს (მოსარჩელეს) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული ძირითადი თანხის გადახდა უნდა დაედასტურებინა, რაც სააღსრულებო ფურცელში ამ თანხის თუნდაც ნაწილობრივ, აღსასრულებელ მოცულობად მითითებას და, თავის მხრივ, იპოთეკის ხელშეკრულების ძალაში დატოვებას გამორიცხავდა. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ორივე გარემოება უდავოდ დასტურდებოდა, მოპასუხემ კი საპირისპიროს დამტკიცება მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ შეძლო, რაც საბოლოოდ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
20. სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა ადვოკატის ხარჯის, მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1. მოპასუხემ (კრედიტორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
21.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
25. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
26. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა იპოთეკა, რადგან არსებული ვალდებულების შესრულება მხოლოდ 1600 აშშ დოლარის დეპონირებით და მთლიანობაში 5300 აშშ დოლარის გადახდით არ დასტურდება. მოსარჩელემ (მოვალემ) თანხის გადახდა 3 თვიანი ვადის დარღვევით, 2017 წლის 6 მარტიდან დაიწყო და ბოლო გადახდა 2017 წლის 10 ნოემბერს განახორციელა. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულებები კვლავ არსებობს. კასატორის მოსაზრებით, ასევე, არ არსებობდა თანხის დეპონირების საფუძველი, ვინაიდან მხარისთვის ცნობილი იყო გამსესხებლის საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც თანხებს რიცხავდა. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ ვადაგადაცილებული დღეების დაანგარიშების პრინციპი, რადგან ვადაგადაცილება 197 დღის ნაცვლად, 231 დღეს შეადგენს. სასამართლომ არასწორად გამოთვალა სესხის ძირითადი თანხა, რომელიც 5000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო პირგასამტეხლო 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით 1386 აშშ დოლარს. სადავოა პროცესის ხარჯების განაწილების საკითხიც.
27. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალების, იპოთეკის გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალებაა ცნობილი. ისინი უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებად იყოფიან. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისებურება ისაა, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისთვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-1345-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ.21, 22).
29. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალების ლეგალურ დეფინიციას და განსაზღვარვს, რომ უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). განსახილველი ნორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი _ „ნივთის დატვირთვა ვალდებულებით უნდა ემსახურებოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, ხაზს უსვამს იპოთეკის ინსტიტუტის იურიდიული ბუნებას - მისი ნამდვილობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობაზე. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სსკ-ის 153-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების პირობის (მე-6 პუნქტი) საფუძველზე სწორად დაასკვნა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 5300 აშშ დოლარს შეადგენდა. ამასთან, იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი და შესაძლო ზიანი (სასამართლო და სააღსრულებო ხარჯები და სხვა). საქმის მასალებში წარდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ (მოვალემ) მოპასუხეს (კრედიტორს) უნაღდო ანგარიშსწორების სახით 3700 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო 1 600 აშშ დოლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
31. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 5300 აშშ დოლარს შეადგენდა და იგი მსესხებლის მიერ შესრულებულია, აღარ არსებობს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის წინაპირობა მოსარჩელის ქონების ხარჯზე. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“ და სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარე (იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) საჯარო რეესტრში მოსარჩელის ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო-სამართლებრივი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს.
32. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოში ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ შემთხვევაში ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად და შეწყვეტილად (434 მუხლი). ამდენად, დეპონირება ენაცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ამიტომაც ეწოდება მას შესრულების სუროგატი. დეპონირება არის მოვალის უფლება და არა ვალდებულება. მოვალეს თავად შეუძლია აირჩიოს ნაკისრი ვალდებულების შესრულების დეპონირების გზით შეწყვეტა, თუ შესაბამისი წინაპირობები მოცემულია. დეპონირების საფუძვლებია: ა) შესრულების მიღების დაყოვნება ან ბ) კრედიტორის ადგილსამყოფელის არცოდნა. შესაბამისად გამოდის, რომ დეპონირების გზით ვალდებულების შესრულებისა და შეწყვეტისათვის საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა: შესრულების საგანი უნდა იყოს დეპონირებაუნარიანი და სახეზე უნდა არსებობდეს დეპონირების ერთ-ერთი საფუძველი მაინც. დეპონირების გზით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან (434 II). როგორც აღინიშნა, დეპონირება იკავებს შესრულების ადგილს და ამით ვალდებულება წყდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი მიიღებს დეპონირების გზით შესრულებას ან თუ გავა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა ან თუ კრედიტორი უარს ამბობს ვალდებულების შესრულების დეპონირების სახით მიღებაზე (გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - www.gccc.ge; მუხლი 434).
33. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-11-12-13 პუნქტებში ასახულ მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოვალის მიერ 1600 აშშ დოლარის ნაწილში (როგორც ძირითადი ვალდებულების ნაწილი) ვალდებულება დეპონირებით შეწყდა და იგი იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრულ 5300 აშშ დოლარის ანგარიშში უნდა ჩათვლილიყო. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა სწორედ 5300 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად ცალსახაა, რომ ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული, შესრულებულია და იპოთეკის მიზანი ამოწურულია.
34. ამასთან, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გამსესხებელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული ძირითადი თანხის გადახდა უნდა დაედასტურებინა, რაც იპოთეკის ხელშეკრულების ძალაში დატოვებას გამორიცხავდა. საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით ორივე გარემოება უდავოდ დასტურდებოდა, მოპასუხემ კი საპირისპიროს დამტკიცება მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ შეძლო. ასეთ პირობებში კი, კასატორის პრეტენზიების გაზიარების (მათ შორის პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში) ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ ვლინდება და ისინი დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სადავო გადაწყვეტილებაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ვადაგადაცილებული დღეების დაანგარიშების პრინციპთან მიმართებითაც, რადგან სასამართლომ ამგვარი დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადოდ და ჯეროვნად შესწავლის შედეგად გამოიტანა. ამრიგად, მართებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ ძირითადი ვალდებულების არარსებობის პირობებში ცვლილება უნდა შესულიყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში და მსესხებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელ თანხად ვადაგადაცილებული დღეების (197 დღე) შესაბამისად, 378.24 აშშ დოლარი, როგორც არაუზრუნველყოფილი ვალი, უნდა განსაზღვრულიყო.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
37. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.კ–ნის (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N8238514411, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 ივლისი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური