Facebook Twitter

საქმე №ას-86-2021 25 ივნისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ხ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

1.1. ნაწილობრივ გაუქმდა N181258852 სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და მოსარჩელეს, შპს „კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან გამსესხებელი) სასარგებლოდ, სესხის ძირითადი თანხის 5500 აშშ დოლარის, ყოველთვიურად 2.5 პროცენტი გადაუხდელი თანხის, ჯამში 1100 აშშ დოლარის, 2016 წლის 28 აგვისტოდან პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.05 % ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 126.72 ლარის და აღსრულების სხვა ხარჯის გადახდა დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2015 წლის 27 აგვისტოს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს 5500 აშშ დოლარი ასესხა, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის დარიცხვით. მსესხებელს სესხის თანხა ერთი წლის ვადაში, 2016 წლის 27 აგვისტოს უნდა დაებრუნებინა.

3.2. ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

4. ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ, 2018 წელს 11 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის თანახმად, მსესხებლის ვალდებულება შემდეგი სახით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 2.5% 1100 აშშ დოლარი, 2016 წლის 28 აგვისტოდან პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. ამავე სააღსრულებო ფურცლით მსესხებელის საკუთრებაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: რუსთავი, ...., ბინა #19, ფართი 29.68 კვ.მ, რეალიზაცია დადგინდა.

5. სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს არ ეთანხმებოდა, ხოლო სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის მონაცემები სადავო არ იყო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით იქნა დაზუსტებული.

6. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (იხ. სუსგ-ები №ას- 848-814-2016; №ას- 816-767-2015, №ას-953-918; Nას-708-678-2016). ამასთანავე, პირგასამტეხლოს შემცირების უფლების გამოყენებისას მის დისკრეციულ უფლებამოსილებაზეც იმსჯელა და დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზეც მიუთითა (იხ. სუსგ-ები Nას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

7. სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით იქნა შემცირებული 0.12%-დან 0.05%-მდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი კვლავ შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და უსაფუძვლო იყო აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს 0.01 პროცენტამდე შემცირების თაობაზე.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. მსესხებელმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (მსესხებლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო პრეტენზიის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

13. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხება. კასატორს მიაჩნია, რომ, სააპელაციო სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო განსაზღვრა. არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 420-ე მუხლი „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“ და მსესხებელს ნაცვლად 0.01%-სა, 0.05% დააკისრა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის გადახდის წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. უდავო გარემოებაა, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცლის მონაცემები სადავოდ არ გაუხდია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13.07.2017წ).

16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.04.2017წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ; №ას-222-209-2015, 6.05.2015წ).

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლო - 0.05%, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. შესაბამისად, მისი კიდევ შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

19. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ხ.ა–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2021 წლის 19 აპრილი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური