Facebook Twitter

საქმე №ას-310-2021 25 ივნისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ მ.ტ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მიმწოდებელი) სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, მუნიციპალიტეტი, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული სამუშაოების დარჩენილი ღირებულების, სულ 40192.51 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 1206 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. მიმწოდებელს და შემსყიდველს შორის, 2019 წლის 19 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №68 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელს ელექტრონული ტენდერის (№NAთ190004129) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. ხელშეკრულების ღირებულება 189999,91 ლარით განისაზღვრა.

3.1.1. მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ორ ეტაპად უნდა განეხორციელებინა. პირველი ეტაპის სამუშაოები თანხით არანაკლებ 200000 ლარისა, 2019 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა ეწარმოებინა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადა 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით განეხორციელებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორივე ეტაპისათვის 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.

3.2. მიმწოდებელს და შემსყიდველს შორის, 2019 წლის 16 მაისს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №68 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელს ელექტრონული ტენდერის (№NAთ190005649) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ეთო-ეხვევის უბნიდან მეფრინველეობის ფაბრიკისაკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. ხელშეკრულების ღირებულება 524457 ლარს შეადგენდა.

3.2.1. მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ორ ეტაპად უნდა განეხორციელებინა. პირველი ეტაპის სამუშაოები თანხით არანაკლებ 200000 ლარისა, 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა ეწარმოებინა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადა 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით განეხორციელებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორივე ეტაპისათვის 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

3.3. ხელშეკრულებების მე-13 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებული იყო მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტი დაეკისრებოდა.

4. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა შეთანხმებით დადგენილ ვადებში, კერძოდ 2020 წლის 30 ივლისისათვის შეასრულა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია არა მხოლოდ მხარეთა განმარტებებით, არამედ საქმეში წარდგენილი მიღება- ჩაბარების აქტებით.

5. სასამართლოს შეფასებით, მოდავე მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) კერძოდ, 2019 წლის 19 აპრილის N68 და 2019 წლის 16 მაისის N81 ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარჩენილი გადაუხდელი თანხის ნაწილის - 28 130 ლარის და 12 062,51 ლარის ანაზღაურების საკითხი.

7. შემსყიდველის მტკიცებით, სამუშაოები კონკრეტული გეგმა-გრაფიკის მიხედვით უნდა შესრულებულიყო, რაც მიმწოდებელმა არ შეასრულა. შესაბამისად, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში მას გარიგებით შეთანხმებული პირგასამტეხლო დაეკისრა.

8. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის შესწავლისას ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების მე-9 მუხლზე, რომელიც სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესს განსაზღვრავს: მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განეხორციელებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში, არაუმეტეს ორჯერ (9.1 პუნქტი). მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ (9.2 პუნქტი). ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმება უნდა განეხორციელებინა ზედამხედველს, რომელიც ადგილზე შეამოწმებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს (9.3 პუნქტი).

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხის (შემსყიდველის) მტკიცების ტვირთს იმ გარემოების დადასტურება წარმოადგენდა, რომ მოსარჩელემ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები დაარღვია, რის გამოც მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასატეხლო დაეკისრა.

10. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ (შემსყიდველმა) ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულება დასტურად იმისა, თუ როგორი იყო გეგმა-გრაფიკი კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის, რა ვადა იყო გაწერილი ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით, თუკი მენარდემ რომელიმე კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის დაწესებული კონკრეტული ვადა დაარღვია - რამდენით დაარღვია და ა.შ. ხელშეკრულების დათქმიდან გამომდინარე ასეთად შესაძლოა მიღება-ჩაბარების აქტი მიჩნეულიყო, რაც შედგენილი უნდა ყოფილიყო ყოველი ეტაპის სამუშაოების მიღების შემდეგ და სადაც მითითებული იქნებოდა ყოველი ეტაპის ვადაგადაცილებით დასრულების შემთხვევაში როგორც ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა, ისე ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ოდენობა.

11. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სარჩელის დასაბუთებულობის კუთხით და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარდგენილი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 მოპასუხემ (შემსყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის - 40192.51 ლარის ანაზღაურებას უკავშირდება.

19. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და სოფელ ........ ეთო-ეხვევის უბნიდან მეფრინველეობის ფაბრიკისაკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარება წარმოადგენდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებები დაიდო.

20. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

21. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ № ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6 ივლისი, 2018წ.).

23. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მიმწოდებელმა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები (მათ შორის შეთანხმებული ხარისხის) ჯეროვნად შეასრულა, შემსყიდველმა კი, მიმწოდებელს 40192.51 ლარით ნაკლები აუნაზღაურა.

24. მოპასუხის (შემსყიდველის) შესაგებელი მითითებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად არ შეასრულა და დაარღვია ხელშეკრულების პირობა, რის შედეგადაც მას პირგასამტეხლო სადავო თანხის ოდენობით განესაზღვრა და მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელ თანხაში გაიქვითა.

25. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს (მიმწოდებელს) სადავოდ არ გაუხდია ის მტკიცებულებები, რომლებიც დარღვევის ფაქტს ადასტურებენ.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს, თავის მხრივ, შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არა მარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-203-2021, 8 აპრილი, 2021წ).

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ-ით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხეს (შემსყიდველს) ევალებოდა სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: მიღება-ჩაბარების აქტით) დაედასტურებინა მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ვადაგადაცილების ფაქტი, რაც მოპასუხემ (შემსყიდველმა) ვერ უზრუნველყო.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მოპასუხისთვის დაკისრებული 40192.51 ლარი, სამართლიანი და კანონიერია.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური