Facebook Twitter

საქმე №ას-335-2021 25 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, მეიჯარე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. სააგენტოს 22.11.2011 წლის №E-67-15-3560 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მ.ქ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, ან მოიჯარე) და მას სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ......, უძრავი ქონების ფართი 6 კვ.მ. ს/კ: .......

3.1.1. უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) ვადად 5 წელი, ხოლო სარგებლობის წლიურ საფასურად - 16 050.00 ლარი განისაზღვრა. საიჯარო ქირის გადახდა 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე უნდა განხორციელებულიყო.

3.1.2. სარგებლობის პირობების 9.5 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს 10.1-10.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ეკისრება. ამასთან, 10.1 პუნქტის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა.

3.1.3 ხელშეკრულების თანახმად, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს: 11.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით; 11.2. მესაკუთრის მიერ ცალმხრივად: საიჯარო პირობების 2.3. და 8.4. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში; 11.3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში; 11.4. პუნქტის თანახმად, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გასვლის შედეგად; 12.1. პუნქტის თანახმად, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა წყდება ქონების მიმღები პირის განცხადებისა და სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა მესაკუთრის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება.

3.1.4. წინამდებარე გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის შესახებ გამარჯვებულის განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს სარგებლობის პირობები წარმოადგენს.

4. სააგენტოს 2013 წლის 23 იანვრის №QN1102846 გადაწყვეტილებით მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 22.11.2011 №E-67-15-3560 გადაწყვეტილებით გადაცემული იჯარის უფლება ქ.თბილისი, ..... არსებულ 6 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი .....) შეწყდა.

5. მოპასუხეს საიჯარო ქირის დავალიანების - 357.13 ლარის გადახდის ვადად ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 კალენდარული დღე განესაზღვრა.

6. მოსარჩელემ ქონების მართვის სააგენტოს №QN1102846 გადაწყვეტილების შესაბამისად, 357.13 ლარი, 2013 წლის 25 იანვარს გადაიხადა.

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც“ საიჯარო ურთიერთობა არსებობდა.

8. სასამართლოს კვლევის საგანს კი იმ ფაქტის დადასტურება წარმოადგენდა მოიჯარემ შეასრულა თუ არა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებსა და სსკ-ის 429-ე მუხლზე დაყრნობით მიუთითა, რომ ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის (სააგენტოს) მიერ 2013 წლის 23 იანვარს მიღებული №QN1102846 გადაწყვეტილება. აღნიშნული აქტის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არა მხოლოდ მოიჯარესთან საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, არამედ განისაზღვრა ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოიჯარის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა (357.13 ლარი) და მისი შესრულების ვადა, რაც მოპასუხის მიერ შესრულდა.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული აქტის წარდგენით მოპასუხემ წარმატებით დაძლია მტკიცების ტვირთი და დაადასტურა ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააგენტოს 22.11.2011 წლის №E-67-15-3569 გადაწყვეტილება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის განმსაზღვრელ დოკუმენტად. აღნიშნული მტკიცებულებით მხარეთა შორის კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობის ფაქტი დგინდება და, ზემოთ მოყვანილი მტკიცებულების არსებობის პირობებში, მხოლოდ მითითებული მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა.

12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას მის მიერ მომზადებულ დაანგარიშების ცხრილზე ამყარებდა, რაც ფაქტობრივად ახსნა-განმარტების ტოლფასი მტკიცებულებაა. სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მართალია, მხარეთა ახსნა-განმარტები განეკუთვნება მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს, თუმცა მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ მიიჩნევა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, აპელანტს სხვა სახის მტკიცებულებები არ წარუდგენია.

13. სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების საკითხზეც იმსჯელა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად მისი დაკისრება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ე.ი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, მოპასუხისთვის (მოიჯარისთვის) პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არ იკვეთებოდა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1 სააგენტომ (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სააგენტოს (მოსარჩელის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა როგორც საიჯარო ქირის, ასევე პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. კასატორის (მეიჯარის) პრეტენზიით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის (მოიჯარის) დავალიანების განმსაზღვრელი მტკიცებულება ამავე სააგენტოს 2013 წლის 23 იანვრის №QN1102846 გადაწყვეტილებაა. მისი მტკიცებით, საიჯარო ქირის განმსაზღვრელ დოკუმენტად სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის №E-67-15-3560 გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიჩნეული.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს.

22. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი [სსსკ მე-4 მუხლი] (იხ. სუსგ Nას-1458-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი)

23. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა (იხ. სუსგ Nას-1458-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი)

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართული ელექტრონული აუქციონის თაობაზე გადაწყვეტილების დარღვევიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დაკისრება - მას უნდა ემტკიცებინა მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების (საიჯარო ქირის) შეუსრულებლობის ფაქტის არსებობა, რაც ვერ შეძლო.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: ,,სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს“ (იხ. საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ, საქმე Nას-709-2019, 12.07.2019წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მქონე მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს.

26. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომ სააგენტოს მიერ 2013 წლის 23 იანვარს მიღებული №QN1102846 გადაწყვეტილება და შემდეგ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არა მხოლოდ მოიჯარესთან საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტას ადასტურებს, არამედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოიჯარის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობას (357.13 ლარი) და მისი შესრულების ვადას, რაც მოპასუხის მიერ შესრულებულია.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ სააგენტოს 22.11.2011 წლის №E-67-15-3569 გადაწყვეტილება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის განმსაზღვრელ დოკუმენტად. აღნიშნული მტკიცებულებით მხარეთა შორის კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობის ფაქტი დგინდება. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის შედავება დაუსაბუთებელია.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს ითვალისწინებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1672-2018, 14 ნოემბერი, 2019 წელი). სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-688-688-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ნაწარმოები ვალდებულებაა, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემდეგაა შესაძლებელი, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება გაუმართლებელია, რამდენადაც არ დასტურდება მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე და მართებულად დაადგინა, რომ მეიჯარემ საიჯარო დავალიანების ფაქტის არსებობა ვერ დაადასტურა, რამაც საბოლოოდ მისი სარჩელის წარუმატებლობა განაპირობა.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

33. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

34. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური