Facebook Twitter

საქმე №ას-678-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს "ვ–ი"

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ–ი"

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ–იმ“ (შემდეგში: მოსარჩელე), 2018 წლის 3 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ვ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის 135 650 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კი, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 04 მაისის განჩინებით მოპასუხეს ორი ერთეული უ.ქ., მდებარე: 1) მცხეთა, სოფელი ........, ს/კ N .... და 2) მცხეთა, სოფელი ........, ს/კ N ..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 56 332,99 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხემ და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა. კერძოდ, მოპასუხის კანონიერი ინტერესების შელახვისა და მისთვის უსაფუძვლო, განუზომლად დიდი მატერიალური ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საჩივრის ავტორი ითხოვს შეიცვალოს უკვე მოქმედი უზრუნველყოფის ღონისძიება, გათავისუფლდეს გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვიდან უძრავი ქონება ს/კოდით N ...... მის ნაცვლად გამოყენებული იქნას უფრო მყარი უზრუნველყოფის მოთხოვნა და ყადაღა დაედოს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კოდით N ....., რომლის ღირებულება დასკვნის შესაბამისად 867 000 ლარს შეადგენს.

6. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ 2021 წლის 9 თებერვალს საჩივრით მიმართა სასამართლოს და წინამდებარე განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ქონების შეფასების თაობაზე დასკვნის მიხედვით, ქონების ღირებულება ე–ს გამოყვანილი აქვს შედარების მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც შესაფასებელი ქონების ღირებულება შედარებულია თბილისში აეროპორტის დასახლებაში, ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთების ღირებულებასთან. სასამართლოს შეფასებით, ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად შედარების მეთოდის გამოყენებით ე–მა ანალოგიური და მსგავსი სახის ქონების ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელოს. შეუძლებელია შედარების მეთოდის გამოყენებისას სოფელ ........ მდებარე უ.ქ. ფასის დადგენა თბილისში მდებარე უძრავი ქონებებთან შედარებით, როდესაც აშკარად დიდი განსხვავებაა მუხრანსა და თბილისში არსებული უ.ქ. ფასებს შორის და ეს გარემოება სადავო არ გამხდარა. უზრუნველყოფის საგნის ღირებულების დამტკიცება და სასამართლოსათვის იმ შეუსაბამობის დამტკიცება, რაც მოთხოვნასა და გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას შორის შეიძლება არსებობდეს, საჩივრის ავტორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. საჩივარი კი ამგვარ მტკიცებას არ შეიცავს.

9. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლაზე.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

14. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. ამასთან, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფისა და, მათ შორის, მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სსსკ-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით და მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოპასუხის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება მოითხოვა, რაც საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.

17. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოპასუხემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) .

18. საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო ამოწმებს რამდენად საფუძვლიანია მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ან მისი განუხორციელებლობით მიადგება თუ არა ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ცვლილების საფუძვლიანობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) გაუმართლებლად ზღუდავს და ზიანს აყენებს მხარის კანონიერ ინტერესებს. სასამართლოს განსჯით უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება სასარჩელო მოთხოვნის არაადეკვატურია და მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის და პროპორციულობის პრინციპს არღვევს.

20. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს დაცული. კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და არ უნდა იკვეთებოდეს აშკარა შეუსაბამობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს ვერ გაამართლებს.

21. სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 196-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.

22. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.

23. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც მიიჩნევს ამას საჭიროდ (იხ. სუსგ საქმე Nას-1113-1033-2017, 24 ოქტომბერი, 2019წელი).

24. სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მსგავსად, მოპასუხესაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადებით, მაგრამ მოპასუხის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის სხვა (მეორე) ღონისძიება უნდა უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ-ები: საქმე Nას-1165-1095-2015, 25 ნოემბერი, 2015წელი; საქმე Nას-454-438-2016, 19 ივლისი, 2016 წელი; საქმე Nას-481-2019, 15 ოქტომბერი, 2020 წელი).

25. დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს მხოლოდ 56 332.99 ლარის გადახდა დაეკისრა. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით. ამასთან სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 191-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შპს „უ.ქ. ე–ის“ მიერ 2020 წლის 26 დეკემბერს გაცემული უ.ქ. შეფასების დასკვნას, რომლითაც შეფასდა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (ს/კ ......). წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული უ.ქ. საბაზრო ღირებულება 867 000 ლარს შეადგენს. სწორედ აღნიშნული ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აუკრძალა სასამართლომ მოპასუხეს მისსავე საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ ქონებასთან (ს/კ N …..) ერთად.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სადავო გარემოებათა მტკიცების გარკვეულ სტანდარტს, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

28. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებული ღონისძიება მას ზიანს აყენებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ აღნიშნული საპროცესო მოვალეობა შეასრულა. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით/განჩინებით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს ჯამში - 56 332.99 ლარი, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება/განჩინებით დაკისრებული თანხის მოპასუხის საუარესოდ შებრუნება დაუშვებელია, ამასთან, შეფასებული უ.ქ. ღირებულება გაცილებით აღემატება დაკისრებული თანხას, მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე (ს/კოდით ......) ყადაღის გამოყენება სრულად საკმარისია დაკმაყოფილებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად და მისი განხორციელებით ადეკვატურად იქნება დაცული ორივე მხარის ინტერესი. აგრეთვე დაცული იქნება სასარჩელო მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ აღუსრულებლობისაგან.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, გამოვლენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 196-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ვ–ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. შპს "ვ–ის" განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს "ვ–ს" (ს/ნ .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ორი ერთეული უ.ქ. მდებარე: მცხეთა, სოფელი ........, ს/კ N .... და მცხეთა, სოფელი ........, ს/კ N .... გასხვისება და - იპოთეკით დატვირთვა;

5. ყადაღა დაედოს შპს "ვ–ის" (ს/ნ .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: მცხეთა, სოფელი ........, ს/კ N ......

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე