№ას-1158-2020 12 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "პ.." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილსისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილსისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ქ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი.
1.1. რ.ღ–ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე), მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 3000 ლარის და პროცესის ხარჯების -361.64 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო 2000 ლარის და მისი დროულად აუნაზღაურებლობის გამო დამატებითი ზიანის - 3 600 ლარის, ჯამში 5600 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა.
1.3. სარჩელი შპს „პ..-ის“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, კომპანია ან კასატორი) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ ზიანის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 3000 ლარის და პროცესის ხარჯის 361.64 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ. მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდაც დაეკისრა.
3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ავტომანქანის დაზიანების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება მხოლოდ პირველ მოპასუხეს ეკისრებოდა.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქ. თბილისში, 2018 წლის 11 იანვარს ....... ქუჩაზე, პარკირების ზოლში გაჩერებულ მოსარჩელის კუთვნილ „Alfa Romeos” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით .....მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა RH882HR შეეჯახა.
4.2. ავტოსაგზაო შემთხვევისას კომპანიის კუთვნილ ავტომანქანას პირველი მოპასუხე მართავდა.
4.3. პირველი მოპასუხე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, 250 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა.
4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2003 წელს დამზადებული სედანის ტიპის ავტომობილ „Alfa Romeo 156”-ზე სახელმწიფო ნომრით ..... მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 3000 ლარს შეადგენს.
4.5. პირველი მოპასუხე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება კომპანიასთან.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და ამავე კოდექსის 408-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი,, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა,, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).
6. სასამართლოს განსჯით, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება როგორც მესაკუთრის, ისე სამართალდამრღვევის მიმართ გააჩნია, ე.ი. სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში. ვალდებულებათა ერთიანობაა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.
7. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის - კომპანიისთვის 3 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი.
8. სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი საკანონმდებლო დანაწესი სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილშია რეგლამენტირებული, რომელიც, მიუხედავად ბრალეულობისა, ტრანსპორტის მესაკუთრეს პასუხისმგებლობას აკისრებს მომეტებული საფრთხის წყაროს (ავტოსატრანსპორტო საშუალების) ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანისათვის. კონკრეტულ საქმეზე სადავო არ იყო, რომ ზიანი სწორედ კომპანიის იურიდიულ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის ექსპლუატაციას მოჰყვა. სამოქალაქო კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეთა მიმართ პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) გამომდინარეობს.
9. სააპელაციო სასამართლომ უზენესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზეც მიუთითა, სადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 463-ე მუხლის საფუძველზე ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს, სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას (იხ. სუსგ №ას-254-239- 2010, 20 ივლისი, 2010 წ; №ას-39-38-2010, 15 ივლისი, 2010წ).
10. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების საფუძველზე, გამოვლენილი იყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. მეორე მოპასუხემ (კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მეორე მოპასუხის (კომპანიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. კასატორის პრეტენზიით, განსახილველი სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 998-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წელს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტებული აქვს, რომ ზემოთ ხსენებული ნორმა, რომელიც დელიქტურ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ პირებს, რომლებმაც ზიანის დადგომაში მონაწილეობა მიიღეს, არ შეიძლება სსკ-ის 992-999-ე მუხლებით რეგულირებულ ურთიერთობებზე გავრცელდეს, მათი განსხვავებული მოქმედების რეჟიმის გამო. ვინაიდან, ერთიდაიგივე საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს, საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სამოქალაქო კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელთა მიმართ, პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამინის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) - გამომდინარეობს. ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ შედეგებს (შდრ. სუსგ Nას-630-2019, 30.09.2020წ) საგულისხმოა, რომ სსკ-ის 999.1 მუხლი, ბრალეულობის მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობას აკისრებს მომეტებული საფრთხის წყაროს (სატრანსპორტო საშუალების) ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანისათვის.
19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, პასუხი აგოს. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი).
20. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
21. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს“ (იხ. სუსგ-ები Nას- 504-481-2016, 30.09.2016წ; Nას-1245-2020, 1.07.2021 წ).
22. მოცემული დავის ფარგლებში სადავო არაა, რომ ზიანი კასატორის (მოპასუხე კომპანია) იურიდიულ მფლობელობაში (საკუთრებაში) მყოფი ავტომობილის ექსპლუატაციას მოჰყვა, რომელსაც პირველი მოპასუხე მართავდა. ეს უკანასკნელი კი შრომით ურთიერთობაში იმყოფება კომპანიასთან. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის პრეტენზიით, დამდგარი ზიანისათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს სსკ-ის 998-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
24. სსკ-ის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა უშუალოდ პირველი მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებითაა გამოწვეული, პირველი და მეორე მოპასუხეები ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად ერთობლივად/სოლიდარულად არიან პასუხისმგებელნი დამდგარი ზიანისათვის.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "პ.."-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "პ..."-ს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 7 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური