საქმე №ას-158-2021 3 აგვისტო, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "G. I." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და კომპენსაციის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით გ.ვ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „G. I.”-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ 2017 წლის 31 მაისის N 21 ბრძანება მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1 100 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის 4 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია წარედგინა. აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება 2020 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374.2-ე, 372-ე მუხლებზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, წარდგენილი იქნა ხარვეზით, კერძოდ, დაზუსტებას საჭიროებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ამასთან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე წარმოდგენილი არ იყო სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.
6. სსსკ-ის 70.1-ე, 73.8-ე, 74-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება, ხარვეზის დადგენის შესახებ, განმეორებით გადაგზავნის შედეგად, 2020 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა აპელანტის - წარმომადგენელს, რ.პ–ძეს.
7. სსსკ-ის მე-60.2, 61-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა აპელანტს დაეწყო 2020 წლის 10 ნოემბრიდან და ამოეწურა 2020 წლის 19 ნოემბერს, 24:00 საათზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს ხარვეზის შევსების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ასევე, არ აღუძრავს შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
8. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
9. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და აპელანტის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ ჩათვლა მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაშვება მისი ბრალითაა გამოწვეული, რადგან იგი განჩინების ჩაბარების დროს და მის შემდეგაც თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა მაღალი ტემპერატურისა და თავბრუსხვევების გამო. იგი ასევე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში 2020 წლის 15 ნოემბრიდან, რადგან კონტაქტი ჰქონდა კოვიდ-ინფიცირებულთან. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მან მარწმუნებელთან დაკავშირება ვერ შეძლო, ვერც სასამართლოსთან დაკავშირება შეძლო, რადგან ამის ტექნიკური საშუალება არ ჰქონდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა.
16. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერაფერს ხედავს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.2019 წ.).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის საპატიო მიზეზით გამოუსწორებლობის შესახებ არ შეესაბამება სსსკ-ის 215.3-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარად გაუარესების თაობაზე მტკიცებულება, რომ აპელანტს არც მარწმუნებელთან და არც სასამართლოსთან დაკავშირება არ შეეძლო, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოში არ წარმოუდგენია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მარწმუნებელთან და სასამართლოსთან დაკავშირება ტექნიკური საშუალების უქონლობის გამო ვერ შეძლო, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "G. I."-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური