საქმე №ას-427-2021 25 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.გ.დ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.ს.გ.დ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე ან დეპარტამენტი) სარჩელი მ.ჯ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე - ქ. ბათუმი, დასახლება ....., ს/კ N......., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3385,00 კვ.მ. ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 678,02 კვ.მ.) და გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაინიშნა მისი განხილვა 2021 წლის 7 აპრილს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 23 მარტს, შუამდგომლობით მიმართა მოპასუხემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 418-ე მუხლზე მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება მოითხოვა.
5. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ ჩაურიცხავს სამართლიანი კომპენსაცია და არც მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი შეუძენია. აღნიშნულთან დაკაშირებით მოპასუხემ დახმარებისათვის მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მისი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს მოპასუხისათვის გადასაცემი კომპენსაციის გადაანგარიშება, რომლის თაობაზეც აცნობა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მოცემული საქმე დასრულდეს მორიგებით, ამიტომ თუკი აღსრულება მოხდება, რომელიც დანიშნულია 2021 წლის 26 მარტს 11:00 საათზე, კერძო საჩივარი აზრს დაკარგავს.
6. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის მე-10, 418-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ საპროცესო მოქმედების შეჩერება კერძო საჩივართან დაკავშირებული ღონისძიებაა და იგი კერძო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოქმედებს, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება კი, ჩვეულებრივ, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან ან მის გაუქმებასთან არის დაკავშირებული.
7. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებაა დადგენილი, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში არის მიღებული და მისი განხილვა დანიშნულია 2021 წლის 7 აპრილს, ზეპირი მოსმენის გარეშე ე.ი. 14 დღის შემდეგ, ხოლო მტკიცებულება იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება აღსრულებულია, სასამართლოსათვის წარმოდგენილი არაა.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ მხარეთა შორის დავა დასრულდეს მორიგებით, გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეჩერება გამართლებულია. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში, თუმცა, მოპასუხის კერძო საჩივრის განხილვამდე და არა - დავის დასრულებამდე.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილზე წარდგენილი მოპასუხის კერძო საჩივრის განხილვამდე შეჩერდა ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
10. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და დაუყოვნებელი აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დეპარტამენტი განსახილველ დავაში არასათანადო მოსარჩელეა, რადგან სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია. მოპასუხის განმარტებით, მისთვის შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და არ არის საკმარისი სათანადო საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის შესაძენად. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ცალმხრივად და არაობიექტურად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის შუამდგომლობა, რომლითაც იგი 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოულიცო ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას ითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვამდე და არა - დავის დასრულებამდე. მოპასუხე სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების 6-8 პუნქტებში ასახულ, მსჯელობას არ ეთანხმება და კერძო საჩივრით წარმოადგენს იმ პრეტენზიებს, რომლებიც დეპარტამენტის სარჩელის წინააღმდეგაა მიმართული და დავის გადაწყვეტის არსებით გარემოებებს შეეხება. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმებას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას ითხოვს.
15. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლი. სწორედ ამ ნორმით იხელმძღვანელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და განმარტა, რომ სადავო ქონება მოსარჩელეს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ესაჭიროება და აუცილებელია მისი უკანონო მფლობელობიდან დროულად გამოთხოვა, რადგან დაგვიანებამ შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამოიწვიოს დეპარტამენტის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს სახელმწიფოს, როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად და გაართულებს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
16. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ზემოთ მოხმობილ დასაბუთებას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი კერძო საჩივრის ავტორს არც ერთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ის არსებითი საკითხები, რომლებიც კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის საგანია და კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული განჩინებით ვერ შეფასდება.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური