Facebook Twitter

საქმე №ას-427-2021 30 ივნისი, 2021 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.გ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.ს.გ.დ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე ან დეპარტამენტი) სარჩელი მ.ჯ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე - ქ. ბათუმი, დასახლება ......., ს/კ N ...., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3385,00 კვ.მ. ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ჩამონათვალი N1, საერთო ფართი 678,02 კვ.მ.) და გამოთავისუფლებელ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. დეპარტამენტი ახორციელებდა ქ. ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტს, რომელიც მოიცავდა მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე 14,3 კმ სიგრძისა და 14 მ სიგანის მონაკვეთს. შემოვლითი გზა მთელ სიგრძეზე გადიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდებოდა გვირაბი, ხიდები და სატრანსპორტო კვანძები;

4.2. პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული იყო მოპასუხის სარგებლობაში არსებული 3 385 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები და მრავალწლიანი ნარგავები. აღნიშნულ ქონებას მოპასუხე ფლობს;

4.3. სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო შპს ,,ა–ოს" საკუთრებაში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომლის 01-01-3/531 ბრძანების საფუძველზე ეს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მოგვიანებით კი, 2019 წლის 8 მაისს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის N113 ბრძანების საფუძველზე, რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებად;

4.4. სადავო ქონება მოსარჩელეს ესაჭიროებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. მრავალჯერადი მოლაპარაკებების მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე. დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციის - აზიის განვითარების ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის შესაბამისად საცხოვრებელი პირობების აღდგენისათვის, მოპასუხეს განესაზღვრა მინიმალური საცხოვრებელი ნაკვეთის 400 კვ.მ. ფართის ღირებულება 70 000 ლარი. საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხამ ჯამში162 317 ლარი შეადგინა, რის თაობაზეც მოპასუხეს დეპარტამენტის 2020 წლის 26 ნოემბრის 2-12/13300 წერილით ეცნობა, თუმცა მოპასუხე კვლავ უარს აცხადებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე;

4.5. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 და 25-ე მუხლების მიხედვით, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი, რომელიც შეიცავს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს, საქმიანობის სფეროს, კომპეტენციას და სხვ.;

4.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია E-60 და E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამდენად, დეპარტამენტი წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას, რომელიც ახორციელებს ქ. ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის პროექტს, რომელიც ასევე მოიცავს გზის მონაკვეთს მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე, რომლის ზემოქმედების ფარგლებშიც მოქცეულია მოპასუხის სარგებლობაში არსებული და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და მრავალწლიანი ნარგავებით. აღნიშნული ქონება მოსარჩელეს ესაჭიროება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, რაც ადასტურებს, რომ დეპარტამენტის მიერ, მოპასუხის წინააღმდეგ ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნა სრულად გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 164-ე, 170-ე და 172-ე მუხლებიდან. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სარჩელი წარდგენილია არასათანადო-არაუფლებამოსილი მოსარჩელის მიერ, გაზიარებული ვერ იქნება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სადავო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით დავის წარმოება, რომლის დაკმაყოფილების პერსპექტივაც არსებობს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა რომ ვინაიდან, სადავო ქონება დღეისათვის სახელმწიფოს საკუთრებაშია რეგისტრირებული, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე დავაზე სარჩელის დაკმაყოფილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოპასუხისათვის ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე, რაზედაც მოცემულ სააპელაციო საჩივარშიც არის მითითებული.

6. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი მოიხმო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, “საქმის განხილვის შეუძლებლობა” საპროცესო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გამო, ფაქტების დადგენის შეუძლებლობას ნიშნავს. ე.ი. საქმის განხილვა შეუძლებლად ჩაითვლება, თუ საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტები არა “ამ საქმის”, არამედ “სხვა საქმის” განხილვისას უნდა დადგინდეს, ამასთან, ე.წ. სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს შესაჩერებელ საქმეში მონაწილე მხარეთათვისაც დადგენილი ძალა უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, “სხვა გადაწყვეტილებას” საქმისათვის არავითარი მნიშვნელობა ექნება და არც წარმოების შეჩერება დაიშვება. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოპასუხემ თავისი მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, 3385 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები) საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილება გამოაცლის საფუძველს მოსარჩელის უფლებას, გამოითხოვოს მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. რაც შეეხება აპელანტის შუამდგომლობას იმ მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, რომლითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელემ მას საკომპენსაციოდ მიზერული თანხა შესთავაზა, ხოლო სხვას, უფრო ნაკლები მიწის ფართობის მქონეს, უფრო დიდი საკომპენსაციო თანხა, სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან, სსსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში ამ ფაქტის კვლევა რელევანტური არ არის, რადგან მას შემხებლობა არ აქვს განსახილველ დავის საგანთან.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დეპარტამენტის სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. კასატორმა, ასევე, საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

9. კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს სათანადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდეს ექსპროპრიაციის უფლება ან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებამოსილება.

10. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მოპასუხე 1991 წლიდან მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში ...... (ყოფილი .....) და ხელვაჩაურის პრეფექტის ნებართვის საფუძველზე დაკავებული აქვს 3385 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .....), სადაც ააშენა 90,64 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და სხვა 678 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ბოსელი, საქათმე, საწყობები, ავტოფარეხი, ავტოსამრეცხაო და ა.შ.). აღნიშნული 3385 კვ.მ. ტერიტორია შემოღობილი აქვს რკინა-ბეტონის ღობით და ოჯახთან ერთადსამეურნეო საქმიანობას ეწევა.

11. კასატორის მტკიცებით, ის 2007 წლიდან ცდილობს მიწის ნაკვეთის დაკანონებას, მაგრამ 2008-2010 წლებში „დაასწრეს“ და აღრიცხეს შპს ,,ა–ოს" საკუთრებაში, მაშინ ,როცა შპს ,,ა–ოს" არასდროს უსარგებლია სადავო მიწის ნაკვეთით, ხოლო მოპასუხეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაზე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას (ამ განჩინების 4-7 პუნქტები, მათ შორის დეპარტამენტის სათანადო მოსარჩელეობასთან და კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის საკითხის განსახილველ დავასთან კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით) და აღნიშნავს, რომ კასატორს არც ერთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ.

16. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს. ფ. 8-9), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

19. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

23. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას მოიხმობს, რის გამოც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა და რისი გაბათილებაც კასატორმა ვერ შეძლო. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლი. სწორედ ამ ნორმით იხელმძღვანელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და განმარტა, რომ სადავო ქონება მოსარჩელეს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ესაჭიროება და აუცილებელია მისი უკანონო მფლობელობიდან დროულად გამოთხოვა, რადგან დაგვიანებამ შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამოიწვიოს დეპარტამენტის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს სახელმწიფოს, როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად და გაართულებს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური