საქმე №ას-434-2021 30 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ნ–ი (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ.ნ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან არასრულწლოვნის დედა) სარჩელი ზ.ნ–ის (გვარის შეცვლამდე - ზ.ჩ–ძე, შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან არასრულწლოვნის მამა) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის ლ.ჩ–ძის (დაბადებული 2016 წლის 8 იანვარს, შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 175 ლარის გადახდა, რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
2. არასრულწლოვნის მამის სარჩელი არასრულწლოვნის დედის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.1. მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა3 თავდაპირველ ეტაპზე ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს - დღის 17 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო შაბათს, დღის 11 საათიდან იმავე დღის 19 საათამდე-წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
ბ. 2020 წლის 1 ივნისიდან სამშაბათს და ხუთშაბათს,დღის 17 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო შაბათს დღის 12 საათიდან კვირა დღის 12 საათამდე, ასევე იმავე წლის აგვისტოს თვეში, გარდა სამშაბათი და ხუთშაბათი დღეების დადგენილი წესისა, თვის პირველი და მეორე კვირის - პარასკევს დღის 18 სთ-დან კვირა დღის 12 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
2.2. 2021 წლიდან მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა. იანვარში არდადეგების პერიოდში 9 იანვრიდან 13 იანვრამდე წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
2.3. 2022 წლიდან მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა. იანვრის არდადეგების პერიოდში, 9 იანვრიდან 14 იანვრამდე წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
ბ. ზაფხულის არდადეგების პერიოდში, აგვისტოში - 1 აგვისტოდან 10 აგვისტომდე არასრულწლოვნის წაყვანისა და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
გ3 კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 17 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 17 სთ-დან კვირა დღის 12 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
გ3 დ. ზემოაღნიშნული ურთიერთობისას, მამამ უნდა უზრუნველყოს შვილის წაყვანა და უკან, დედასთან დაბრუნება.
2.4
ა. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისი-აგვისტოს თვეში, დედის მხრიდან შვილის გაყვანის შემთხვევაში არ მოქმედებს მამა-შვილს შორის კვირის დღეებში დადგენილი ურთიერთობის წესი;
ბ3 ზაფხულის არდადეგების პერიოდში აგვისტოში - 6 აგვისტოდან 10 აგვისტომდე და 21 აგვისტოდან 24 აგვისტომდე.
გ3 ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს, დღის 17 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო პარასკევს დღის 17 სთ-დან შაბათის 20 საათამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ მამა ვერ მოახერხებს შვილთან ურთიერთობას (ნახვას) აღნიშნულის თაობაზე არანაკლებ 6-7 საათით ადრე უნდა შეატყობინოს ბავშვის დედას მობილური ტელეფონის „სმს“ შეტყობინებით. ამასთან, მამის საქართველოდან გასვლის შემთხვევაში ბავშვის დედას, არანაკლებ 3-4 დღით ადრე, აცნობოს „სმს“ შეტყობინებით.
4. მოპასუხეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის დროს ჩართული უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო საშუალება - ტელეფონი ან სხვა რამ, მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელის (დედის) მიერ შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით.
5. ზემოაღნიშნული დადგენილი ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
6. მოცემულ 2/21785-19 საქმეზე არსებული ყველა დროებით განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს როგორც არასრულწლოვნის დედამ, ისე - მამამ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტთა სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2., 2.3. და 2.4 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,2.2. 2021 წლიდან მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
9.
ა. კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო შაბათს, დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
ბ. 2021 წლის ზაფხულში არდადეგების პერიოდში 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
2.3. 2022 წლიდან მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა. 2022 წლის იანვრის არდადეგების პერიოდში, 9 იანვრიდან 15 იანვრამდე წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
ბ. ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ივლისის თვეში: 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით და აგვისტოში: 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
გ. კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს სასწავლო პროცესის დასრულებიდან, ან დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო პარასკევს სასწავლო პროცესის დასრულებიდან, ან დღის 17:00 საათიდან შაბათს 20:00 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
დ. ზემოაღნიშნული ურთიერთობისას, მამამ უნდა უზრუნველყოს შვილის წაყვანა და უკან, დედასთან დაბრუნება;
2.4. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში დედის მხრიდან შვილის ქალაქიდან გაყვანის შემთხვევაში არ იმოქმედებს მამა-შვილს შორის კვირის დღეებში დადგენილი ურთიერთობის წესი:
9. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2015 წლის 5 ივნისს დაქორწინდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 8 იანვარს, შეეძინათ შვილი;
10.2. არასრულწლოვანი ბავშვი დედასთან ცხოვრობს;
10.3. სოციალური მუშაკის 2019 წლის 13 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლების სახლში, მისამართზე, თბილისი, ..... ქუჩა. მათთან ერთად ასევე ცხოვრობს მოსარჩელის და. სახლი არის ორსართულიანი და წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას. საცხოვრებელი არის მოწესრიგებული. ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის სრულფასოვანი ზრდა- განვითარებისთვის. ბავშვის დედა დასაქმებულია „რ–ში“ და „ნ. ბიუთ“-ში. არის მანიკურისა და პედიკურის ტოპ მასტერი. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 500-დან 1000 ლარამდეა. ბავშვი დადის კერძო საბავშვო ბაღში და ცურვაზე. მომავალში იგეგმება მისი მიყვანა მუსიკალურ სტუდიაში. მოსარჩელის მშობლები მუდმივად მხარში უდგანან მას და უწევენ, როგორც მორალურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას. არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია აღზრდაში მონაწილეობდეს ორივე მშობელი, თანაბარი პირობებით. ასევე ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მშობლების ნათესავებთან. მშობელმა უნდა იხელმძღვანელოს შვილის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით;
10.4. 2019 წლის 12 სექტემბერს ვიზიტი ასევე განხორციელდა მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე. სოციალური მუშაკის განმარტებით, მოპასუხე ცხოვრობს დასთან და დის ოჯახთან ერთად მისამართზე, თბილისი, ....., ბინა N 8. საცხოვრებელი სახლი არის ოთხ ოთახიანი (180 კვ.მ.), შედგება 3 საძინებლის, სამზარეულოსა და მისაღები ოთახისაგან. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელია სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები, მოწესრიგებულია კომუნიკაციით, აღჭურვილია სათანადო ავეჯითა და ტექნიკით. ოჯახში უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია. ბინა ოჯახის საკუთრებაშია. ამ ეტაპზე მოპასუხე არ მუშაობს, იმ პერიოდისათვის ახალი დაბრუნებული იყო ესპანეთიდან, თუმცა ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოფილია, ჰყავთ ძლიერი თანადგომის ქსელი. მოპასუხის გადმოცემით, ქორწინების პერიოდში, მეუღლესთან არ ჰქონია სერიოზული უთანხმოება. მისი გადმოცემით, ხშირად უხდებოდა ესპანეთში ყოფნა სამსახურის გამო, რის გამოც მეუღლეს მარტო უწევდა დარჩენა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა განქორწინების მიზეზი. შვილის გაჩენის შემდეგ, ბავშვის მამა მალევე დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად მონაწილეობდა შვილის აღზრდაში, რჩებოდა ბავშვთან მთელი დღის განმავლობაში და მეთვალყურეობდა მას, უზრუნველყოფდა მცირეწლოვანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას. ბავშვის მამის განმარტებით, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, მას მხოლოდ ერთხელ მიეცა საშუალება ენახა შვილი, ისიც რამდენიმე საათით. სოციალური მუშაკის დასკვნით, ვიზიტის დროს მოპასუხე იყო გაწონასწორებული, კითხვებზე სოციალურ მუშაკს პასუხობდა ადეკვატურად. დასკვნის თანამხად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანს, მიზანშეწონილია საკითხი მოგვარდეს მშობლების შეთანხმების საფუძველზე, არასრულწლოვანს მიეცეს შესაძლებლობა ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვს ჰქონდეს სისტემატიური ურთიერთობა მამასთან, ჩამოუყალიბდეს მიჯაჭვულობა ორივე მშობლის მიმართ, რათა მოხდეს არასრულწლოვანის სრულფასოვანი განვითარება;
10.5. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 26 სექტემბერს, არასრულწლოვნის მამის შუამდგომლობით, მიიღო დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც მამას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი დღეები 16:00 საათიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებიდან ან დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით, 18:00 საათამდე, დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;
10.6. დროებითი განკარგულების აღსრულების მიზნით, სოციალური მუშაკი 02.10.2019 წ. ბავშვის მამასთან ერთად გამოცხადდა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მამას თან ახლდა და, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან მოშორებით იცდიდა. მამისა და შვილის შეხვედრა იყო ძალიან ემოციური, მას შემდეგ, რაც ბავშვი ჩამოვიდა სახლიდან და დაინახა მამა, გვერდიდან არ მოშორებია. შეხვედრისთანავე უსაყვედურა, რომ მასთან ამდენი ხნის მანძილზე არ მისულა სანახავად, არასრულწლოვანმა შეხვედრისთანავე გამოამჟღავნა პოზიტიური კავშირი მამასთან. მამამ იგი მისი დის საცხოვრებელ სახლში წაიყვანა მისამართზე .....ქ. 11-ში, სადაც არასრულწლოვანი შეხვდა მამიდაშვილებს. არასრულწლოვანი, მამის ნახვისთვის გამოყოფილ დროში, იყო ლაღად, ეთამაშებოდა მამიდაშვილებს, ეფერებოდა მამას და მამიდას. სტუმრად ყოფნისას, ბავშვი ტელეფონით გაესაუბრა მამის მშობლებს, რომლებთან საუბარშიც გაიხსენა მათთან გატარებული დრო. არასრულწლოვანი თავისუფლად იყო მამის ოჯახში, არ ემჩნეოდა შიში ან აგრესიულობა, მან რამდენჯერმე უსაყვედურა მამას, რომ ამ დრომდე არ მისულა მის სანახავად, ხოლო მამიდის სიტყვებზე, რომ მამა უნდა დაესაჯათ ამ საქციელის გამო, ბავშვმა იუარა და განაცხადა, რომ მამა ცოდო იყო დასჯისთვის და დაეხმარებოდა თუ მას ვინმე ცუდად მოექცეოდა. არასრულწლოვანმა სტუმრად ყოფნის დრო მშვიდ გარემოში გაატარა, იგი გაერთო მასზე უფროს მამიდაშვილებთან, რომლებიც ბავშვის მიმართ იჩენდნენ ყურადღებას და მზრუნველობას. დედასთან სახლში დაბრუნებისას, არასრულწლოვანმა მოიწყინა და აღნიშნა, რომ კიდევ სურდა მამასთან ყოფნა და შიშობდა, რომ მამა მასთან აღარ მივიდოდა, დამშვიდობებისას ბავშვი ჩაეხუტა მამას და სთხოვა კიდევ მისულიყო მის სანახავად, სახლში შესულმა არასრულწლოვანმა კი დიდი სიხარულით აჩვენა დედას მამის მიერ ნაჩუქარი ნივთები; ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანმა მამის მიმართ გამოამჟღავნა პოზიტიური და თბილი ურთიერთობა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ ურთიერთობაში არაფერი შეიმჩნეოდა არაპოზიტიური, სოციალურმა მუშაკმა მიიჩნია, რომ მამა-შვილის ურთიერთობაში სოციალური მუშაკის ჩართულობა არ იყო საჭირო.
10.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, თავდაპირველ ეტაპზე მამას შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი, 17:00 საათიდან 20:30 საათამდე, ხოლო შაბათს, დილის 11:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე პერიოდი. გადაწყვეტილებით დადგინდა მამა-შვილს შორის ურთიერთობის ეტაპობრივი ზრდა, კერძოდ, 2020 წლიდან სამშაბათს და ხუთშაბათს იგივე გრაფიკი დარჩა, დაემატა შვილის მამასთან ღამით დარჩენას, შაბათს 12:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე, ასევე აგვისტოში, თვის პირველ და მეორე კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე. 2021 წლიდან სამშაბათი და ხუთშაბათი დარჩა იგივე გრაფიკით, ხოლო პარასკევს განისაზღვრა 17:00 საათიდან შაბათის 20:00 საათამდე; დაემატა ზაფხულის არდადეგებზე წაყვანის უფლება 6 აგვისტოდან 10 აგვისტომდე და 21 აგვისტოდან 24 აგვისტომდე, ხოლო ზამთრის არდადეგებზე 9 იანვრიდან 13 იანვრამდე; 2022 წლიდან კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს ნახვის საათები იგივე დარჩა, კვირის განმავლობაში ბავშვის ღამით დარჩენა გაიზარდა ერთი ღამიდან ორ ღამემდე, კერძოდ, პარასკევს 17:00 საათიდან კვირა დღის 12 საათამდე. ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 9 იანვრიდან 14 იანვრამდე და აგვისტოს არდადეგები - 1 აგვისტოდან 10 აგვისტომდე;
10.8. მოსარჩელე (ბავშვის მამა) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ზამთრის და ზაფხულის არდადეგებზე ბავშვთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული დღეების ნაწილში და სურს სასამართლოს მიერ დადგენილი პერიოდის გაზრდა, ხოლო მოპასუხე (ბავშვის დედა) პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის ნაწილში.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
12. წინამდებარე დავაზე გასაჩივებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მამასა და არასრულწლოვანს შორის კვლავ გაგრძელდა ურთიერთობა დროებითი განკარგულების ფარგლებში. დროებითი განკარგულების აღსრულება ხდებოდა სოციალური მუშაკის ჩართულობით. საქმეში წარმოდგენილია სოციალური მუშაკის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა:
12.1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული ცენტრის (შემდეგში: სააგენტო) სოციალური მუშაკის 22.07.2020წ. დასკვნის თანახმად, იგი დროებითი განკარგულების აღსრულების მიზნით იმავე წლის 21 ივლისს გამოცხადა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე. ბავშვი მამასთან შეხვედრამდე იყო მშვიდი, კარგ ხასიათზე, ელოდა მამასთან შეხვედრას და ჰქონდა დადებითი განწყობა. ბავშვისა და მამის შეხვედრამ ასევე დადებითად ჩაიარა: ბავშვს გაუხარდა მამის დანახვა, მიესალმა და ჩაეხუტა მას. მამამ ბავშვი წაიყვანა თავისი დის ოჯახში. მამის, მამიდისა და მამიდაშვილების გარემოცვაში ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, იყო თავისუფალი და ლაღი. გამოხატავდა სითბოსა და სიყვარულს მამის, მამიდისა და მამიდაშვილების მიმართ. მხიარულად და აქტიურად თამაშობდა, თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ აზრებს და სურვილებს, მოუთხრობდა მათ განვლილი დღის შესახებ - თუ სად იყო, როგორ ისეირნა და როგორ ითამაშა. როდესაც სახლში წასვლის დრო მოახლოვდა, ბავშვი ამ ფაქტს მშვიდად შეხვდა, საკუთარი ნივთები აიღო და ასევე მშვიდად ჩაჯდა მამის მანქანაში. ბავშვმა მამის გარემოცვაში 2 საათი დაჰყო;
12.2. სოციალური მუშაკის 2020 წლის 4 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ამავე წლის 31 ივლისს მამამ ბავშვი წაიყვანა „მუშთაიდის“ ბაღში, სადაც დახვდა მამიდა. ბავშვს ძალიან გაუხარდა მამიდის ნახვა, ითამაშა სხვადასხვა ატრაქციონებზე მამასთან და მამიდასთან ერთად, გადაიღეს სურათები. ლ. ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო მამასთან და მამიდასთან ურთიერთობით, გამოხატავდა დადებით ემოციებს, თავისუფლად საუბრობდა თავის სურვილებზე. ბავშვს მისი სურვილის გათვალისწინებით უყიდეს სათამაშოები. ბავშვმა მამასთან და მამიდასთან გაატარა 2 საათი. მამა-შვილმა ასევე ერთად გაატარეს 2020 წლის 13 აგვისტოს მათი ურთიერთობისთვის განსაზღვრული დრო. აღნიშნულ შეხვედრაზე, ბავშვის მამამ სოციალურ მუშაკს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვით ტოვებდა საქართველოს, რაზეც ბავშვს გული დაწყდა;
12.3. სოციალური მუშაკის 2020 წლის 23 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, ამავე წლის 17 ნოემბერს მამამ შვილი წაიყვანა თავისი დის სახლში, სადაც ბავშვმა გაატარა 1 საათი და 30 წუთი. აღნიშნული დროის განმავლობაში, ბავშვი თამაშობდა მამასთან, მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად. სოციალური მუშაკის განმარტებით, მამა-შვილს აქვთ თბილი, მეგობრული ურთიერთობა. ასევე მშვიდად და დადებითად ჩაიარა მამასთან შეხვედრამ 2020 წლის 12 და 19 ნოემბერს. ბავშვი ისევ იმყოფებოდა მამიდის საცხოვრებელ სახლში და თავს კარგად გრძნობდა მამის, მამიდისა და მამიდაშვილების გარემოცვაში;
12.4. სააგენტოს სოციალური მუშაკის მ.ა–ის თანდასწრებით განხორციელდა მამა-შვილს შორის რამდენიმეშეხვედრა:
- მამამ, საზღვარგარეთიდან დაბრუნებისა და კარანტინის გავლის შემდგომ, 2020 წლის 22 ოქტომბერს ინახულა შვილი. ბავშვი სიხარულით შეხვდა მამას და სურვილი გამოთქვა, რომ მამასთან ერთად გაეტარებინა დრო. იგი გზაში წუხილს გამოთქვამდა, რომ მამასთან მხოლოდ ცოტახნით იქნებოდა. მამამ ბავშვი წაიყვანა დის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, თამაშობდა ოჯახის წევრებთან ერთად. მამა მზრუნველობას იჩენდა შვილის მიმართ. უკან დაბრუნების დროს ბავშვი იყო მოწყენილი. როდესაც ჰკითხეს რატომ იყო მოწყენილი, მან უპასუხა, რომ სახლში დაბრუნება არ სურდა და დროის გატარება უნდოდა მამასთან ერთად;
- 2020 წლის 27 ოქტომბერს, მამა-შვილი ერთმანეთს კვლავ თბილად შეხვდნენ. ბავშვი გაიქცა და ჩაეხუტა მას. ბავშვი ყოველ შეხვედრაზე მამასთან სიხარულით მიდიოდა. მამამ შვილი წაიყვანა სასეირნოდ სკვერში, სადაც მათ მხიარულად გაატარეს დრო. აღნიშნული შეხვედრის პროცესში მიმდინარეობდა დაკვირვება მამისა და შვილის ურთიერთობის. სოციალური მუშაკის აზრით, მამასა და შვილს ერთმანეთის მიმართ აქვთ პოზიტიური ურთიერთობა. ბავშვს არ ეტყობა დაძაბულობა და ასევე არ არის მოწყენილი, პირიქით, იგი თავს ლაღად და თავისუფლად გრძნობს;
- 2020 წლის 29 ოქტომბერს კვლავ განხორციელდა მამა-შვილის შეხვედრა. მამამ მცირეწლოვანი წაიყვანა ნათესავთან, ბავშვი იქ მყოფ ბავშვებთან ერთად თამაშობდა. უცხო გარემოში მცირეწლოვანი მამასთან ერთად თავს კარგად გრძნობდა;
- 2020 წლის 3 ნოემბრის შეხვედრაზე ბავშვი კვლავ გამოთქვამდა მამასთან ყოფნის სურვილს. თავისუფლად თამაშობდა მამიდაშვილებთან ერთად;
- აღნიშნული ვიზიტების დროს განხორციელებული დაკვირვების შედეგად, სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მამა-შვილის ურთიერთობა იყო ჯანსაღი. ბავშვს უხაროდა მამასთან დროის გატარება. მამა უზრუნველყოფდა ბავშვს ყველა საჭიროებებით, მისთვის შექმნილი ჰქონდა უსაფრთხო გარემო. აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს სააგენტოს სოციალური მუშაკის ჩართულობას. სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მამასა და შვილს შორის გაზრდილიყო პერიოდი, უფრო აქტიური და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის.
13. სოციალური მუშაკის ჩართულობით ასევე სისტემატიურად გრძელდებოდა მამა-შვილის შეხვედრები 2020 წლის დეკემბრის თვეში. 2020 წლის 1 დეკემბერს მამამ ბავშვი წაიყვანა თავისი დის სახლში, სადაც ბავშვი თავის მამიდაშვილებთან ერთად თამაშობდა. თუმცა 16:45 წუთზე, ლ. გახდა აგრესიული ბავშვების და მამის მიმართ, იგი ფიზიკურად ეხებოდა მათ, ფეხს ურტყამდა და იყო გაღიზიანებული. აგრესია ასევე გამოხატა მამიდის მიმართ. ოჯახის წევრები ცდილობდნენ ლ–ს დაწყნარებას, თუმცა იგი ოთახიდან ოთახში დარბოდა და არ სურდა მათთან საუბარი, ასევე, არც სოციალურ მუშაკთან. იგი დასმულ შეკითხვებს არ პასუხობდა და ამბობდა, რომ არაფრის თქმა არ სურდა. ასევე ბავშვთან გასაუბრება განხორციელდა ცალკე, ბავშვი კვლავ უარს ამბობდა საუბარზე. მას შესთავაზეს დედასთან დაბრუნება, რაზეც უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სურდა მამასთან დარჩენა. იგი ცდილობდა დამალულიყო და კონტაქტი არ დაემყარებინა გარშემომყოფებთან. მამა ცდილობდა შვილისთვის მშვიდად და წყნარად აეხსნა, რომ აღნიშნული საქციელი არ იყო სწორი და თამაშით ცდილობდა მისი ყურადღების გადატანს, რათა დამშვიდებულიყო ბავშვი. მამამ ბავშვს შესთავაზა დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, თუმცა ბავშვი უარს ამბობდა და განაცხადა, რომ „თუ დედასთან წაიყვანდა იგი კვლავ დაარტყამდა მას“. 17:00 საათზე ბავშვი დამშვიდდა და მამასთან და მამიდაშვილებთან ერთად განაგრძო თამაში. მათ მიმართ გამოხატავდა თბილ დამოკიდებულებას. 18:00 საათზე ბავშვი დაბრუნდა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მუშაკი გაესაუბრა ბავშვის დედას, რაზედაც დედამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბავშვი გახდა აგრესიული მათ მიმართ, . როგორც ბავშვი ამბობს, მამა არ ეთამაშება და არც მამიდაშვილები, რადგან ისინი მიდიან ცეკვაზე. სოციალური მუშაკის განმარტებით, მამა და მისი ოჯახის წევრები ცდილობენ მუდმივად ეთამაშონ ბავშვს და თავი კარგად აგრძნობინონ.
14. 2020 წლის 3 დეკემბერს არასრულწლოვანი კვლავ სიხარულით გაჰყვა მამას. ბავშვი ეთამაშებოდა ოჯახის წევრებს და თავის მამიდაშვილებს. ორი საათის განმავლობაში, ბავშვი თამაშობდა და ერთობოდა. მას არ გამოუხატავს აგრესია ოჯახის წევრების მიმართ და გამოხატა სურვილი, რომ კვლავ მისულიყო მათთან.
15. 2020 წლის 17 დეკემბრის შეხვედრაზე ბავშვი კვლავ მამიდის საცხოვრებელ სახლში წაიყვანა მამამ. აღნიშნულ შეხვედრაზე, რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
16. 2020 წლის 22 დეკემბერს განხორციელდა მამა-შვილის შეხვედრა, მამამ ბავშვი წაიყვანა დის ოჯახში. გზაში მამა-შვილი საუბრობდა სხვადასხვა თემებზე, ბავშვმა თავად წამოიწყო საუბარი, რომ მამასთან მხოლოდ მაშინ დარჩებოდა, როცა დიდი გაიზრდებოდა. ასევე ვერ დარჩებოდა, რადგან „მგლები“ არიან და ეშინია, დედამ უნდა დაიცვას „მგლებისგან“. როგორც საუბრისას აღნიშნა, მხოლოდ დედა მოერევა „მგლებს“ და მას დედა ძალიან უყვარს. მამამ შვილს ჰკითხა, ის ხომ დაჰპირდა დარჩენას, რაზეც ბავშვმა უპასუხა რომ ადრე არ უთქვამს, რომ დარჩებოდა. ხოლო კითხვაზე, თუ ვინ უთხრა მსგავსი რამ, ბავშვმა უპასუხა, რომ დედამ, ბავშვი საუბარს აგრძელებდა და კვლავ იმეორებდა, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებდა დარჩენას, როდესაც დიდი გაიზრდებოდა. ბავშვმა საუბარში აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ცოტახნით უწევს მამის ნახვა, რასაც განიცდის.
17. 2020 წლის ერთ შეხვედრაზე, მამამ შვილი წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. სახლი აღჭურვილი იყო პირველადი მოხმარების ნივთებით და შექმნილი იყო ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო. ბავშვი მამასთან ერთად თამაშობდა და ერთობოდა. მამა ყოველი ნახვის დროს ყიდულობს შვილისთვის სათამაშოებს, ასევე ტანსაცმელს. ბავშვი თავისუფლად გრძნობდა თავს და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა იყო სტაბილური.
18. 2020 წლის 29 დეკემბერს, ბავშვს არ გამოუხატავს წინააღმდეგობა, რომ წაჰყოლოდა მამას. იგი ყოველთვის ელოდება და მოუთმენლად ელის მასთან შეხვედრას. სახლში დაბრუნების დროს ბავშვმა კვლავ წამოიწყო იმაზე საუბარი, რომ მასთან ვერ დარჩება, რადგან ოჯახის წევრები, კერძოდ, დედა გაუბრაზდება, დედამ უთხრა, რომ მამასთან ვერ დარჩებოდა, ხოლო მამა ცდილობდა ბავშვის დარწმუნებას, რომ თუ თავად მოისურვებდა, იგი დაელაპარაკებოდა დედას და დატოვებდა, რაზეც ბავშვმა თქვა, რომ არ დალაპარაკებოდა და არ ესაუბრა მასთან, ვინაიდან მასაც გაუბრაზდებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მუშაკი გაესაუბრა დედას, რომელმაც უარყო რაიმე მსგავსი საუბრის არსებობა შვილთან.
19. 2020 წლის 31 დეკემბერს, ბავშვის დედამ სოციალურ მუშაკსუთხრა, რომ ბავშვმა სოციალური მუშაკის დასწრების გარეშე უარი განაცხადა მამასთან შეხვედრაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბავშვთან გასაუბრება განხორციელდა ცალკე, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მამასთან ყოფნა მოსწონს და სურს უფრო დიდხანს იყო მასთან. ასევე კითხვაზე, მამას მარტო გაჰყვებოდა თუ არა, ბავშვმა სოციალურ მუშაკს უპასუხა, რომ გაჰყვებოდა.
20. აღნიშნულ შეხვედრებზე დაკვირვების შედეგად, სოციალურმა მუშაკმა დაასკვნა, რომ მამა-შვილის ურთიერთობა იყო ჯანსაღი. ბავშვს უხარია მამასთან დროის გატარება. მამა უზრუნველყოფს ბავშვს ყველა საჭიროებებით, მისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ საჭიროებს სააგენტოს სოციალური მუშაკის ჩართულობას, რადგანაც არ იკვეთება ამის საჭიროება. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალური მუშაკის რეკომენდაციაა მამასა და შვილს შორის გაიზარდოს დროის პერიოდი, რათა მათ შორის უფრო აქტიური და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება მოხდეს.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, წარმოდგენილი იქნა სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის დასკვნა, სადაც აღწერილია მეორე აპელანტისა და მისი შვილის ურთიერთობა ამა წლის იანვარ-თებერვლის თვეში. სოციალური მუშაკის მითითებით, თითოეული ვიზიტისას ბავშვი სიხარულით ხვდებოდა მამას და მიჰყვებოდა მას მამიდის სახლში, სადაც ასევე სიხარულით თამაშობდა მამიდაშვილებთან ერთად. მითითებულ შეხვედრებზე, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ბავშვი აგრესიული არ ყოფილა, იგი დროს ატარებდა მამიდაშვილებთან ერთად და წამოსვლისას ჰპირდებოდა, რომ კვლავ მივიდოდა მათთან.
22. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვს უხარია დროის გატარება მამასთან ერთად, მამა უზრუნველყოფს ბავშვს ყველა საჭიროებებით და მისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო. სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია მამასა და შვილს შორის გაიზარდოს ურთიერთობის დრო, რათა მათ შორის აქტიური და პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავება მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვნის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის სტაბილურობას სამომავლოდ (ტ. 3, ს.ფ. 141-151, 230,231).
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 18 თებერვალს გამართულ სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეკომენდირებულია მამასა და შვილს შორის ჩამოყალიბდეს უფრო მჭიდრო კავშირი. უკვე შესაძლებელია, ბავშვი ღამითაც დარჩეს მამასთან, მით უმეტეს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ 6 წლის ასაკიდან ბავშვები უკვე რჩებიან მამასთან. რაც შეეხება მთელი აგვისტოს თვის მამასთან გატარებას, მესამე პირის წარმომადგენელმა მოცემულ ეტაპზე აღნიშნული მიზანშეწონილად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა მამა-შვილს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება. მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია ერთი კვირიდან - 10 დღემდე წაყვანა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.02.2021წ. სხდომის ოქმი).
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 28.01.2021 წ. გამართულ სასამართლო სხომაზე არასრულწლოვანი ბავშვი ფსიქოლოგის ჩართულობით გამოიკითხა. როდესაც მოსამართლე შეეკითხა ბავშვს დარჩებოდა თუ არა ღამით მამასთან, ბავშვმა უპასუხა, რომ არ დარჩებოდა, აღნიშნულის მიზეზად კი მიუთითა „რადგან ღამით დედასთან უნდა დავრჩე“, „დედა არ მირჩევს ღამით მამასთან დარჩენას“, „არ დავრჩები, რადგან დედა ძალიან მიყვარს, დედა ყველას უყვარს, მამასთან მარტო სტუმრად მივდივარ“ (11:21:47).
25. ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვი ღიად საუბრობს, არ ჩანს, რომ ნაწყენი იყოს მამაზე ან მის ნათესავებზე. იგი თავისუფლად და ლაღად პასუხობდა კითხვებს, არ არის შეშინებული ან დათრგუნული. მისი ეხლანდელი პოზიციაა, რომ სურს სტუმრად იაროს მამასთან, რაც ბუნებრივი განწყობა არ არის. გაუცხოების რისკი რომ არ დადგეს, საჭიროა მამასა და შვილს ჰქონდეთ ხშირი ურთიერთობა, ჩანს, რომ დედა არის ავტორიტეტი, იგრძნობა მისი გავლენა ბავშვზე, შესაბამისად, მისგან უნდა მოხდეს ბავშვისა და მამის ურთიერთობის წახალისება. საუბრისას გამოიკვეთა, რომ კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა მამას, ან მამიდაშვილებს, ბავშვი პასუხობდა - „არ მახსოვს“. ფსიქოლოგის განმარტებით ის ფაქტი, რომ ბავშვი მამიდაშვილებთან ატარებს დროს, თამაშობს მათთან და იქიდან მოდის და იძახის, რომ არ ახსოვს მათი სახელები, ბუნებრივი არ არის და ამის საფუძველი ალბათ რაღაც სხვა უნდა იყოს. ფსიქოლოგის რეკომენდაციაა მშობლებმა ურთიერთწყენა დაივიწყონ და მიმდინარე ურთიერთობა ჩამოაყალიბონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
26. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
27. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
28. „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გათვალისწინებული ბავშვთა ძირითადი უფლებების განხორციელების და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ბავშვის საუკეთესო ინტერესში - ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. კოდექსის მეხუთე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და მათ მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
29. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვანის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands) (სუსგ N ას-198-2019, 28.05.2019წ.).
30. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშობლების განქორწინება არღვევს ბავშვის დაცულობის განცდას და ყველაზე კარგი ასეთ შემთხვევაში არის ის, როდესაც მშობლები ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას, ესაუბრებიან ერთმანეთს ბავშვის/ბავშვების პრობლემებზე და ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, ისე რომ ბავშვები პრაქტიკულად არ იცვლიან გარემოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოსთან მიჩვევას და არა მარტო არამეურვე მშობელთან, არამედ მის გარემოცვასთან, რასაც დიდი ოჯახი ჰქვია (პაპა, ბებია, ბიძა, დეიდა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ა.შ.). ბავშვები და განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად მწვავედ განიცდიან გარემოსა და საკონტაქტო პირის ცვლილებას. მით უფრო, რომ განქორწინებული მშობლების შვილები ხშირად ისედაც გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე სხვა ბავშვები. ბავშვები, განსაკუთრებით მცირეწლოვანნი, მწვავედ განიცდიან თუნდაც მცირე ხნით დაშორებას ჩვეულ გარემოსთან, საკონტაქტო პირთან და მით უფრო მეურვე მშობელთან. ნახვის გრაფიკმა ბავშვის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და არა შეაფერხოს იგი. ნახვის გრაფიკი ისე უნდა იყოს შედგენილი ბავშის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მისთვის სანერვიულო კი არ გახდეს, არამედ იყოს დადებითი ემოციის წყარო, რაც თავად არამეურვე მშობლისთვისაც სასურველია, რადგან ეს შეუწყობს შვილთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
31. მაშინაც კი, როდესაც ბავშვი პროტესტს არ აცხადებს ღამით არამეურვე მშობელთან დარჩენაზე, სანამ ბავშვი მცირეწლოვანია, უმჯობესია მხოლოდ ერთი ღამით მისი წაყვანა, რათა არ მოხდეს ხანგრძლივად ბავშვის დაშორება მეურვე მშობელთან. სასკოლო ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია ორჯერ ან სამჯერ დარჩეს ღამით არამეურვე მშობელთან, თუ ეს მის სასკოლო გრაფიკს არ არღვევს და სწავლაში არ ეშლება ხელი. მხოლოდ იმის მერე, რაც ბავშვი ორ ან სამ ღამეს მაინც ატარებს არამეურვე მშობელთან და მის გარემოცვასთან შესაძლებელი ხდება ბავშვის ერთი ან ორი კვირით გაშვება არდადეგების განმავლობაში არამეურვე მშობლისთვის და მისი ოჯახისთვის.
32. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი იქნა სოციალური მუშაკების არაერთი დასკვნა, რომლებიც ამ პერიოდში ჩართული იყვნენ სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების აღსრულების პროცესში და აკვირდებოდნენ მამა-შვილის ურთიერთობას. სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ მამასა და შვილს შორის გაიზარდოს ურთიერთობის დრო, რათა მოხდეს მათ შორის აქტიური და პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება. ამავე პოზიციაზეა ფსიქოლოგი და მიიჩნევს, რომ საჭიროა მამა-შვილის უფრო ხშირი კონტაქტი, რათა არ მოხდეს ბავშვის გაუცხოება და მისთვის მამასთან ერთად ყოფნა აღქმული იქნეს არა, როგორც „სტუმრად“ წასვლა, არამედ, როგორც ბუნებრივი ოჯახური მოვლენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამა-შვილს შორის მჭიდრო და სტაბილური კავშირის ჩამოყალიბების მიზნით, საჭიროა გაიზარდოს მათი ურთიერთობის პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში, მათ შორის არსებობს უკვე გარკვეული ურთიერთობა, რა დროსაც ბავშვი სიხარულით ხვდება მამას და მიჰყვება მას, სურს უფრო მეტი დროის გატარება მასთან, თამაშობს მამიდაშვილებთან ერთად, იგი მამასთან ურთიერთობაში ლაღი და თავისუფალია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნახვის დღეების გაზრდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რათა არ მოხდეს ბავშვის უცაბედი დაშორება შეჩვეულ გარემოსთან და საკონტაქტო პირებთან. სასურველია ბავშვი არამეურვე მშობელთან და მის გარემოცვასთან ყოფნას შეეჩვიოს ნელ-ნელა, რათა ეს ცვლილება მისთვის სანერვიულო კი არ გახდეს, არამედ სასიამოვნო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ორივე სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, ცვლილება შევიდეს 2021-2022წწ. ბავშვის ნახვის გრაფიკში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
- 2021 წლიდან კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს, სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო შაბათს, დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. 2021 წლის ზაფხულში არდადეგების პერიოდში 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
- 2022 წლის იანვრის არდადეგების პერიოდში, 9 იანვრიდან 15 იავრამდე წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ივლისის თვეში: 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით და აგვისტოს თვეში: 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, არასრულწლოვანის წაყვანისა და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; კვირის დღეებში - ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს, სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე, ხოლო პარასკევს, სასწავლო პროცესის დასრულებიდან ან დღის 17:00 საათიდან შაბათის 20:00 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა არასრულწლოვნის დედამ (პირველმა აპელანტმა) და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით და, გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკმაყოფილდეს მისი საკასაციო საჩივარი, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის:
- "2.2." პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ბავშვის მამასთან ღამე დარჩენის ნაწილში, ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: შაბათის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე;
- "2.2." პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი - გაუქმდეს სრულად;
- "2.3." პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტები - გაუქმდეს სრულად;
- "2.3." პუნქტის "გ" ქვეპუნქტი - ნაწილობრივ. კერძოდ, მითითებულ პერიოდზე განისაზღვროს მამა-შვილს შორის კვირის დღეებში დადგენილი ურთიერთობის წესები. ყოველი კვირის სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:30 საათამდე.
34. პირველი კასატორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელჰყო ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვის სამართლებრივ და სოციალურ სტატუსს, რომელსაც აქვს საკუთარი უფლებები. ბავშვის უფლება, იყოს მოსმენილი და მისი მოსაზრება სერიოზულად განხილული, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამეტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა მე-12 მუხლი განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას... ამასთან მაღალი მნიშვნელობის მქონეა ბავშვის შეხედულებები, რომელსაც უნდა „მიენიჭოს სათანადო მნიშვნელობა“. მე-12 მუხლი აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, განსახილველ საქმესთან მიმართებით კი სააპელაციო სასამართლომ არათუ ბავშვის შეხედულებებს არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა, არამედ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბავშვის სიტყვები, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სხვაგვარი ინტერპრეტაციით გადაიტანა, ცალსახად, არასრულწლოვანი უარს აცხადებდა სასამართლო პროცესზეც მამასთან ღამით დარჩენაზე და უარს აცხადებს დღემდე, არაერთი მიზეზის გამო, რაზეც სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა.
35. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამართალწარმოების არაერთი პროცედურული ხარვეზია, ამის ნათელი მაგალითია ი,ს რომ არ არსებობს სოციალური სამსახურის რეკომენდაცია, ასევე ფსიქოლოგის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადიქნებოდა მიზანშეწონილი არასრულწლოვანი ბავშვის ღამით დარჩენა მამასთან იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მამა-შვილს შორის ურთიერთობაში წყვეტები კვლავ გაგრძელდება. გაუგებარია, რის მიხედვით ხელმძღვანელობს სასამართლო, როცა მამას სწორედ საზღვარგარეთ გამგზავრების გამო (ლეგალური დასაქმების ან რაიმე გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამგზავრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია), 2021 წლის 25 თებერვლის შემდეგ არ უნახავს თავისი არასრულწლოვანი შვილი (თუმცა სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ ის აღარ აპირებდა საზღვარგარედ წასვლას). ფაქტია, ამგვარი ხშირი წყვეტებით, ბუნებრივად ვერ ხდება ბავშვის მამასთან შეგუების პროცესი, რაც მთავარია, მამა ვერ აცნობიერებს, ამგვარი ხშირი წყვეტებით თუ რა საფრთხის წინაშე აყენებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ბავშვმა პირველად მამასთან შეგუების/შეჩვევის პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა არასტაბილური ნახვის პირობებში. არასრულწლოვანი მამის, როგორც მშობლის როლში, აღქმასაც კი ვერ ასწრებს და შესაბამისად კითხვას - თუ რატომ აღარ ნახულობს მამა მას? - ბავშვი არც კი სვამს. მარტივი მიზეზის გამო, მამა-შვილს შორის არ არსებობს საკმარისი მიჯაჭვულობის ურთიერთკავშირი. მიჯაჭვულობა წარმოადგენს ღრმა, ხანგრძლივ ურთიერთკავშირს მშობელსა და ბავშვს შორის, რომელიც ჩნდება ბავშის პირველ წლებში და ფიზიკური, ემოციური სიახლოვის გრძნობას აჩენს, რომელიც თავისთავად ბავშვის სათანადო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ამგვარ ვითარებაში, როდესაც ჯერ კიდევ მამა-შვილს შორის არ არის ჩამოყალიბებული ჯანმრთელი ურთიერთკავშირი, დაუშვებელია არასრულწლოვანის მამასთან ღამით დარჩენა.
36. ასევე, საქმეს არ ერთვის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის თანხმობა, რაც მისი საცხოვრებელი ფართის მამის მუდმივ მფლობელობაში არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. აღნიშნული კრიტიკულად მნიშნელოვანია, რადგან ბავშვის ღამით წაყვანა "სტუმრად" სხვის კეთილ ნებაზე (იგულისხმება ბინის მესაკუთრე) დამოკიდებული ვერ იქნება. ბავშვის რამდენიმე საათით დის ოჯახში მიყვანასა და ღამისთევით ბავშის წაყვანას შორის არის მნიშვნელოვანი, არსებითი სხვაობა, რაც თავისთავად გულისხმობს განსხვავებულ საჭიროებებს ბავშვისათვის.
37. არასრულწლოვნის დედის საკასაციო საჩივრის წინააღმდეგ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა არასრულწლოვნის მამამ და მოითხოვა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე შვილთან ურთიერთობისათვის მამას განესაზღვრება შემდეგი წესი: 2020 წლიდან ზაფხულის არდადეგებზე მამას მიეცეს უფლება ბავშვი წაიყვანოს 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო 2021 და 2022 წლებიდან კი, ზამთრის არდადგებეზე 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ზაფხულის არდადეგებზე - 1 ივლისიდან 15 ივლისისა და 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო კვირის დღეებში - პარასკევის 18 საათიდან კვირა დღის 12 საათამდე, სამშაბათსა და ხუთშაბათს კი, დღის 15 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე.
38. მეორე კასატორის განმარტებით, სააგენტოს წარმომადგენლების დასკვნები ნათლად ადასტურებს, რომ ბავშვს მამასთან უფრო მეტი დროის გატარება სურს, რაშიც დედა ხელს უშლის. მამასა და შვილს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია მამა-შვილმა დრო ერთად გაატარონ. სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა არასრულწლოვნის ღამით მამასთან დარჩენის საკითხს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ბავშვი მამასთან თავს კარგად გრძნობს.
39. მეორე კასატორის განმარტებით, დედა ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, რათა ბავშვს მამასთან დარჩენის შეეშინდეს და ამის წინააღმდეგი იყოს. ამას ბავშვთან გასაუბრების შედეგები ადასტურებს. ბავშვს ყველანაირი პირობა აქვს ღამით მამასთან დარჩენისათვის, სახლის მამიდის საკუთრებაა, ვინც საკუთარი შვილებისაგან არ ასხვავებს ძმისშვილს.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასრულწლოვნის დედის საკასაციო საჩივარი და არასრულწლოვნის მამის შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო სპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ არც საკასაციო საჩივარი და არც შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
41. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი/შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
42. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი და შეგებებული საკასაციო განაცხადი. ამასთან, განსახილველი სადავო საკითხის სპეციფიკურობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო განაცხადის/შეგებებული საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არა მხოლოდ კასატორთა დასაბუთებული შედავება, არამედ - სსსკ-ის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული წინაპირობების მიხედვით ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ დავებზე, სასამართლოსათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური უფლებამოსილების გამოყენების/ჩარევის საჭიროება, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობა განსახილველი დავის არსებითად განსახილველად დასაშვებად.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი კასატორის (არასრულწლოვნის დედის) საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს შეეხება, რომლითაც არასრულწლოვნის მამას უფლება მიეცა, ბავშვი მასთან ღამით დარჩეს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით. ბავშვის დედა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ამ გადაწყვეტილებისათვის მზად არ არის, მას არ სურს ღამე მამასთან გაატაროს, რადგან მამა ხშირად ვერ ნახულობს შვილს, რის გამოც მათ შორის მჭიდრო კავშირი არ არის, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. მეორე კასატორის (არასრულწლოვნის მამის, რომელმაც შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა) საკასაციო პრეტენზია შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც განისაზღვრა არდადეგების პერიოდი, რაც არასრულწლოვანმა მამასთან უნდა გაატაროს. მამა მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი კიდევ უნდა გაიზარდოს, რადგან დადგენილი დრო საკმარისი არ არის მამა-შვილს შორის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის ჩამოსაყალიბებლად (იხ. ამ განჩინების 10.8 ქვეპუნქტი).
44. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.
45. პირველი კასატორი ითხოვს ბავშვის მამის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფას. საკასაციო შედავება ძირითადად იმას ეფუძნება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოზარდის განცდა და სურვილი, ისე დაუდგინა მამასთან ურთიერთობა ღამისთევით, რაც არასრულწოვნის იძულებას წარმოადგენს, იქონიოს ურთიერთობა და ღამისთევით დარჩეს მისთვის არასასურველ პირთან.
46. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს ზოგადად იმ მტკიცებულებათა სანდოობაზე (ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკის დასკვნებზე), რომლებზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამასა და შვილს თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ, მათ შორის კიდევ უფრო მყარი ემოციური კავშირის დასამყარებლად საჭიროა მამამ შვილთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების 10.4 ქვეპუნქტში აღწერილ სოციალური მუშაკის მიერ შეფასებულ მამის საცხოვრებელ პირობებზე, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არასრულწლოვანმა თვის განმავლობაში რამდენიმე ღამე მამასთან გაატაროს. ამ განჩინების 12.1-12.4 და 13-15 პუნქტებში აღწერილია მეორე კასატორისა და მისი შვილის შეხვედრები, სოციალური მუშაკი ასკვნის, რომ მამა საკუთარ შვილს უსაფრთხო და სანდო გარემოს უქმნის და აუცილებელია, რომ მამა-შვილის ურთიერთობის ხანგრძლივობა გაიზარდოს. ამ განჩინების მე-16 პუნქტში ასახული დასკვნის მიხედვით სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ მამა-შვილის შეხვედრისას სოციალური მუშაკის დასწრება საჭირო არ არის.
47. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე მოისმინა არასრულწლოვნის აზრი (იხ. ამ განჩინების 24-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა დაფუძნებული და არასრულწლოვნის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს მამა-შვილის ურთიერთობის წესებს, რაც არ შეიძლება ბავშვის ნებაზე ზემოქმედებად და იძულებად შეფასდეს, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის მოსაზრების მოსმენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის, მისი სურვილის, მოწიფულობის, აღქმისა და გადმოცემის უნარის, ასევე, სხვა ფაქტორების გათვალისწინება, რათა მისივე საუკეთესო ინეტერესებიდან გამომდინარე არ მოხდეს ბავშვის ტრავმირება სასამართლოში არაერთხელ მისვლისა და მოსაზრების მოსმენის სახით, ისევე, როგორც დაუშვებელია დაუსრულებლად ჩატარდეს ფსიქოლოგიური კვლევები, რაც შესაძლოა დროის თვალსაზრისით გახანგრძლივდეს და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებლად გაჭიანურდეს. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლითაც გაზიარებულ იქნა ფსიქოლოგის დასკვნა, რომ არასრულწლოვნის განმარტება - „მამასთან ვერ დავრჩები, რადგან იქ მგლებია“ - გამოწვეული უნდა იყოს მშობლებს შორის კონფლიქტით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის კი მშობლებმა ძველი წყენა უნდა დაივიწყონ და ხელი შეუწყონ ბავშვს, ორივე მშობელთან თანაბრად გაატაროს დრო და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გაჯანსაღდეს.
48. სოციალური მუშაკის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვს უხარია დროის გატარება მამასთან ერთად, მამა უზრუნველყოფს ბავშვს ყველა საჭიროებებით და მისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო. სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია მამასა და შვილს შორის გაიზარდოს ურთიერთობის დრო, რათა მოხდეს მათ შორის აქტიური და პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ არასრულწლოვნის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის სტაბილურობას (ტ. 3, ს.ფ. 141-151, 230,231).
49. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 18 თებერვალს გამართულ სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეკომენდირებულია მამასა და შვილს შორის ჩამოყალიბდეს უფრო მჭიდრო კავშირი. უკვე შესაძლებელია ბავშვი ღამითაც დარჩეს მამასთან, მითუმეტეს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ 6 წლის ასაკიდან ბავშვები უკვე რჩებიან მამასთან. რაც შეეხება მთელი აგვისტოს მამასთან გატარებას, მესამე პირის წარმომადგენელმა მოცემულ ეტაპზე აღნიშნული მიზანშეწონილად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა მამა-შვილს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება. მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია ერთი კვირიდან - 10 დღემდე წაყვანა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.02.2021წ. სხდომის ოქმი).
50. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, „შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ“, ხოლო 1202-ე მუხლის თანახმად, “1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები”. სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
51. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს“ (იხ. სუსგ N ას-440-2020, 13.04.2021წ.).
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინეტერსებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში - მამასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მამას ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ-ები: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ.).
53. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
54. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ.).
55. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზიიმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პიროების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება.
56. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრის განსაზღვრასა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვაში გამოიხატება (სსსკ-ის 354.1-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის ძირითადი არგუმენტი იმას ეხება, რომ ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიღებული გადაწყვეტილება მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, რაც ბავშვის ნების არარსებობის პირობებში, მასზე იძულებად უნდა შეფასდეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ 1988წ., და მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან ,თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი (იხილეთ ჰოკანენი, ციტირებულია ზემოთ, § 58). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი(No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი)“ -იხ. ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი # N. 71776/12; 02.02.2016წ.
57. მშობლის უფლების შემზღუდავი ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (სსკ-ის 1205-1207-ე მუხლები), თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით მოპასუხის (მამის) უფლების - ჰქონდეს შვილთან სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ურთიერთობა - შეზღუდვის დამწესებელი გარემოებები არ გამოვლენილა და შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ არასრულწლოვნის კანონით დაცული უფლება, იქონიოს კავშირი მამასთან, თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ინტერესთან - ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი წინაპირობა იმისა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი დედის საკასაციო საჩივარი და მამის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
58. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“ (იხ: სუსგ-ები N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ.).
59. საკასაციო სასამართლო მხარეთა საყურადღებოდ განმარტავს, რომ ნებისმიერ დავაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება უპირატესობა და ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სავსებით დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განმარტებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა ბავშვის, როგორც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მფლობელ სუბიექტად აღიარება და არა მისი დაცვის ობიექტად მიჩნევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ - იხ. სუსგ- ები: N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-861-2019, 03.10.2019წ; N ას-1232-2019, 05.06.2020წ.
60. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი (იხ. სუსგ-ები N ას-1232-2019, 05.06.2020წ; N ას -1149-1081-2015, 06.05.2016წ.)
61. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რამდენადაც ის შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს და მიიღოს მათი მხრიდან ზრუნვა (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი); მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება( შეად. სუსგ N ას-1232-2019, 05.06.2020წ.).
62. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ კასატორს/მეორე კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო განაცხადი/შეგებებული საკასაციო განაცხადი; ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეებზე, საკასაციო სასამართლო თავისი ინიციატივითაც იკვლევს გარემოებებს, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით არსებობს საკმარისი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისათვის.
63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ნ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. ი.გ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, შპს "P. G"-ს (ს/კ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის და შპს "მ–ის" (ს/კ .....) მიერ გადახდილი 50 ლარის, ჯამში 300 ლარის (საგადახდო დავალება N5170990201, გადახდის თარიღი 2021 წლის 22 აპრილი; საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური