Facebook Twitter

საქმე №ას-1621-2019 11 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ფ.მ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ M. C.” (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ M. C.“-ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოიჯარე ან აპელანტი) სარჩელი შპს „ფ.მ–ის“ (შემდეგში: მეიჯარე, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან კასატორი) მიმართ, ზიანის - 120 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ, საიჯარო გადასახადისა და კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ, 39 301.56 ლარის გადახდა დაეკისრა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს - 2 628.54 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა თავდაპირველი სარჩელის უარყოფის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებულია საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებები (საქმის განხილვის გადადებაზე უარის თქმისა და მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის შესახებ).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 463 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2013 წლის 15 იანვარს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება და მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა თბილისში ..... მდებარე შენობის მე-2 და მე-3 სართულები. გარიგების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვრამდე;

4.2. იჯარით გადაცემული ნივთის საერთო მოცულობა ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული იქნა 245,55 კვ. მეტრით. დასახელებული უძრავი ქონება მეიჯარეს შემდგომი განკარგვის მიზნით მიღებული ჰქონდა შპს „მ.ჯ–გან“, რომელიც ამავე ნივთის მესაკუთრეა;

4.3. ხელშეკრულების მიხედვით საიჯარო გადასახადი 2013 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე განისაზღვრა 1443,67 აშშ დოლარით, 2013 წლის 1 თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით - 2830,73 აშშ დოლარით და 2013 წლის აგვისტოდან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე - 5215,48 აშშ დოლარით;

4.4. მოიჯარესა და შპს „ა.ჯ–ს“ შორის, 2013 წლის 22 იანვარს, გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებით მენარდემ იკისრა თბილისში ........ ქუჩა #6-ში დამკვეთის მიერ იჯარით აღებული ნივთის სარემონტო სამუშაოების შესრულება. სარემონტო სამუშაოებისთვის განისაზღვრა 25463 აშშ დოლარი;

4.5. მხარეთა შორის, 2015 წლის 5 მარტს, გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა დამატებითი ფართი. საიჯარო ფართის მოცულობა განისაზღვრა 395.55 კვ.მ-ით. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა საიჯარო გადასახადის ოდენობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვრამდე;

4.6. სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვადაზე ადრე, 2015 წლის ნოემბერში;

4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2015 წლის 12 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თბილისში ........ ქუჩა #6-ში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შესრულებულია არასრულყოფილად. პროექტის შესაბამისად შენობაში გათვალისწინებულია ერთი სველი წერტილის მოწყობა, მაშინ როდესაც მოსარჩელის დაკვეთით შენობაში მოეწყო 12 სველი წერტილი.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 533-ე, 535-ე, 545-ე, 537-ე მუხლების დანაწესები მოიხმო და აღნიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარემ (აპელანტმა) ქ. თბილისში, ........ ქ. #6-ში მდებარე ფართის მე-2 და მე-3 სართულები იჯარით სარგებლობაში აიღო სასტუმროს ქსელის მოწყობის მიზნით; ხელშეკრულების 2.1 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარე მეიჯარეს სათავსებში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების პროექტს, სამუშაოების ხანგრძლივობასა და გრაფიკს წინასწარ წერილობით შეათანხმებდა მეიჯარის წარმომადგენელთან; ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარე უფლებამოსილი იყო, საკუთარი ხარჯით შეეცვალა ფართის შიდა სტრუქტურა, მეიჯარის წინასწარი წერილობითი თანხმობით, რაც უსაფუძვლოდ უარყოფილი არ უნდა ყოფილიყო. თუ რაიმე გადაკეთება შესრულდებოდა მეიჯარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მეიჯარეს შეეძლო შეესწორებინა ან მოეხსნა ამგვარი ცვლილება მოიჯარის ხარჯით და ყველა საზღაური და ხარჯი, რასაც აღნიშნულის გამო გასწევდა მეიჯარე, დაექვემდებარებოდა მოიჯარის მიერ გადახდას დამატებითი საიჯარო თანხის სახით, მომდევნო თვის საიჯარო თანხასთან ერთად; ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, ფართში ცვლილებები შესაძლოა განხორციელებულიყო მხოლოდ და მხოლოდ მოიჯარის ხარჯით და იმ კონტრაქტორების ან ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, რომლებსაც წინასწარ წერილობით ამტკიცებდა მეიჯარე. ამასთან, მოიჯარეს წინასწარ უნდა შეეთანხმებინა მეიჯარესთან გათბობა-კონდიცირების, ელექტრო გაყვანილობების, ვენტილაციისა და სხვა სისტემებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნივთის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი სასტუმროს მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით ფართის სარგებლობისათვის აუცილებელი იყო გარკვეული ხარჯების გაღება. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებმა გაინაწილეს ნივთის ნაკლის თაობაზე განსახორციელებელი მოქმედებები იმდაგვარად, რომ ნივთის ნაკლის გამოსასწორებლად მეიჯარის მიერ ნივთზე გასაწევი აუცილებელი ხარჯები უნდა გაეღო მოიჯარეს, რაც შემდგომ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას მეიჯარის მხრიდან (სსკ-ის 537-ე მუხლი).

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ყველა ცვლილება, რაც მოსარჩელემ სადავო ფართში განახორციელა მეიჯარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული. მათ შორის, 12 სველი წერტილის მოწყობის შესახებ პროექტიც, ვინაიდან რეკონსტრუქციის მიზანი, ისევე როგორც თვით საიჯარო ხელშეკრულების მიზანიც, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ფართში სასტუმროს მოწყობა იყო, რომელიც სველი წერტილების მოწყობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ მიიღწეოდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ფართი „შავი კარკასის“ მდგომარეობაში გადაეცა, ხოლო სველი წერტილების მოწყობა მხარეთა შორის დადგენილი წესით იყო შეთანხმებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ გაკეთებული სველი წერტილები დღეის მდგომარეობითაც არ არის მოშლილი და ფართი დღესაც ფუნქციონირებს როგორც სასტუმრო. დადგენილია, რომ საიჯარო ფართში მოწყობილი 12 სველი წერტილიდან 6 ტექნიკურ ნორმებს არ აკმაყოფილებდა, რის შედეგადაც ზიანი მიადგა მესამე პირს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #2ბ/3508-16).

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საიჯარო ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო ის, რომ მოიჯარე ფართს სარგებლობაში იღებდა სასტუმროს ქსელის მოწყობის მიზნით. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სხვა კონკრეტულ პირობებზე, რომელთა შორის არის ზემოხსენებული 2.1, 6.3 და 6.4 პუნქტების დანაწესიც. მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოები სცდება მიმდინარე რემონტის ფარგლებს და ამ სამუშაოთა შედეგად იჯარის საგანი არსებითად გაუმჯობესდა. შესაბამისად, ამისათვის გაწეული ხარჯები ექვემდებარება მეიჯარის მხრიდან ანაზრაურებას. ხარჯების გაწევის ფაქტს არ უარყოფს მოპასუხე, თუმცა სადავოდ ხდის მის ოდენობას.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე, 102-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოიჯარე კომპანიის მიერ იჯარით აღებული ნივთის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებამ 25 463 აშშ დოლარი შეადგინა. მოსარჩელესა და შპს „ა.ჯ–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ........ ქ. #6-ში, დამკვეთის მიერ ნაქირავებ ფართში, შეესრულებინა სამუშაოები. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 25 463 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე კომპანიამ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეასრულა. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მეიჯარე კომპანიას აპელანტის სასარგებლოდ 25 463 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით მოპასუხის პრეტენზიები კონკრეტულ დავაში მსჯელობისა და კვლევის საგანი ვერ გახდებოდა, რაც შეიძლება დამოუკიდებელი დავის საგანი იყოს.

11. ექპერტიზის ბიუროს 2015 წლის 12 ოქტომბრის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, მხარეები გრძელვადიან ურთიერთობაზე შეთანხმდნენ, ამასთან, დამქირავებელს (მოიჯარეს) სასტუმრო მომსახურების საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდებოდა გარკვეული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ფართი, რისთვისაც ხელშემკვრელმა მხარეებმა იტვირთეს ის ვალდებულებები, რაც მათ მიზნებს უკავშირდებოდა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები იყო ის სამუშაოები, რომელიც დამქირავებელს საკუთარი საქმიანობისათვის (სასტუმროს ქსელის მოწყობის მიზნით) სჭირდებოდა. ამასთან, რეკონსტრუქციის პროექტი, მათ შორის 12 სველი წერტილის მოწყობის პროექტიც, მოსარჩელესთან იყო შეთანხმებული და შესაბამისად, პროექტის დარღვევის სამართლებრივი შედეგები მოპასუხის რისკს წარმოადგენდა, რის გამოც აღნიშნული ვერ გახდება მოსარჩელის მიერ ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოიჯარის მიერ მოწყობილი სველი წერტილები არ მოშლილა და მოპასუხე ამჟამადაც განაგრძობს მის გამოყენებას სასტუმრო მომსახურების გაწევის მიზნებისათვის.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოიჯარის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გამოეყენებინა ის ნორმები, რომლებიც გამოიყენა, რადგან მოსარჩელე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ფაქტს ვერ ადასტურებდა. იმავდროულად, კასატორი ჩატარებული სამუშაოების უხარისხობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობას ვერ ადასტურებს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ მეიჯარის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა (იხ. წინამდებარე განჩინების 4-11 ქვეპუნქტები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში

18. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება.

19. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

20. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

21. განსახილველ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელე ვერც სარემონტო სამუშაოების განხორცილების ფაქტს ვერ ადასტურებს და, მით უფრო, ვერც - ამ სამუშაოების ღირებულებას. კასატორის ეს პრეტენზია საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, იგი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რასაც საქმის განხილვის დროს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ადასტურებდა (იხ. ამ განჩინების 8-9 პუნქტები). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს არ შეაფასებს და განმარტავს, რომ მოიჯარის მიერ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება დადგენილია, ასევე, დადგენილია, რომ იგი მეიჯარესთან შეთანხმებული იყო. რაც შეეხება სამუშაოების ღირებულებას, მოპასუხე მას არ ეთანხმება, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულებაა არ წარმოუდგენია, მხოლოდ ზეპირი მითითება კი წერილობით მტკიცებულებას ვერ გააქარწყლებს (სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლები).

22. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა მოწმდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე,

23. საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას და სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 4-11 პუნქტებშია ასახული, რომელიც შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და რომლის თანახმადაც სარჩელი ნაწილობრივ წარმატებულია.

24. „სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა, ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. ამავე კოდექსის 573–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო, გამქირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს, წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში... მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელი განასხვავებს დამქირავებლის მიერ მიმდინარე რემონტის და არსებითი გაუმჯობესებისათვის გაწეულ ხარჯებს იმისდა მიხედვით, თუ დამქირავებელმა რა სახის, რა მასშტაბისა და ხასიათის სამუშაო შეასრულა, კერძოდ, მიმდინარე რემონტი ჩაატარა თუ ფართი არსებითად გააუმჯობესა, რაც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს ადგენს ამ ხარჯების ანაზღაურებისათვის. ერთ შემთხვევაში, თუკი დამქირავებელმა მიმდინარე რემონტის ხარჯი გაიღო, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ხოლო, მეორე შემთხვევაში, თუკი ჩატარებული სამუშაოები სცდება მიმდინარე რემონტის ფარგლებს და ამ სამუშაოთა შედეგად ქირავნობის საგანი არსებითად გაუმჯობესდა, ამისათვის გაწეული ხარჯები ექვემდებარება გამქირავებლის მხრიდან ანაზღაურებას, თუკი გამქირავებლის თანხმობით გაუმჯობესდა ფართი“ (სუსგ # ას 648-616-2013, 02.06.2014 წ.).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ფ.მ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ფ.მ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3652,30 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 18 ივლისის), 70% – 2556,61 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური