საქმე №ას-722-2021 16 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - გ.ვ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მისო "ე.კ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით, სს მისო “ე.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან განმცხადებელი) განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; გ.ვ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, .......; საკუთრება: სახელოსნო (მშენებარე) 36.29 კვ.მ და საკუთრება: ტერასა (მშენებარე) 133.28 კვ.მ საკადასტრო კოდი: N ..... რაიმე სახით განკარგვა (გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა).
2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხმობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისაკენ. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს.
4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგანი საჭიროებს დაცვას, რადგან მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შემთხვევაში განმცხადებელმა შესაძლოა ვერ განახორციელოს მოპასუხისაგან საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული თანხის დაბრუნება და უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
5. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა‘‘ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. საქმის მასალებით, კერძოდ კი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის დაცვისა და გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. ხოლო საქმეში - შპს „ი–ა“ და მ–ძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40).
9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, არ განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი. სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართლების შეფასება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე მსჯელობისას საჭიროა მხოლოდ იმის გამო, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს ვარაუდი, რომ მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გართულდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი მოიცავს ასევე ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ არსებობს საწინააღმდეგო შედეგის დადგომის დიდი ალბათობა, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველიც არ არსებობს.
10. საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 276-ე მუხლის მესამე ნაწილი, ასევე სსსკ-ის 1961-ე მუხლის პირველი ნაწილი. საჩივარში აღნიშნულია, რომ სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია.“ საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი გენერალური ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-15 ნაწილში მოსარჩელე აღიარებს, რომ არ არის ლიცენზირებული ორგანიზაცია (იხ. 2021 წლის განცხადების დანართი 1, გვ. 14). საქმის მასალებში არ მოიპოვება ასევე რაიმე წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს. მაშასადამე, გენერალური ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილი ეწინააღმდეგება სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილის იმპერატიულ დისპოზიციას და წარმოადგენს ბათილ შეთანხმებას. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული საფუძვლით შეეძლო სასამართლოს უარი ეთქვა მოსარჩელისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
11. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად მიუთითა სსკ-ის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი ფიზიკურად შეწყვეტს არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, კერძო აღმასრულებლის მიერ 2021 წლის 5 აპრილს გაცემული ცნობით დგინდება, რომ განმცხადებელი-კრედიტორი თავდაპირველად მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით ანუ გირავნობის საგნით ეცადა დაეკმაყოფილებითა მისი მოთხოვნა და ამ მიზნით მიმართა კერძო აღმასრულებელს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული არაერთი სააღსრულებო ღონისძიების მიუხედავად შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული (ავტომობილის გამოთხოვა ვერ განხორციელდა). მოცემული კი, თავის მხრივ, იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ გირავნობის საგანი არ არსებობს.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შესაბამისად, მოსარჩელე კომპანია მითითებულია საქართველოში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალში (სიითი ნომერი 31). აღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს, რაც ასევე, გამორიცხავს საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
13. სსსკ-ის 1961-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა.
14. საჩივრის ავტორის განმარტებით 2019 წლის 11 ოქტომბერს მან ნივთი შეიძინა 35 000 აშშ დოლარად. ამასთან, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად და თავად საჩივრის ავტორის განმარტებით, ნივთი უფლებრივად დატვირთულია, რაც არათუ ზრდის, არამედ ამცირებს ამ ნივთის საბაზრო ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში კი საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს ამ უძრავი ქონების ღირებულების სასარჩელო მოთხოვნასთან ზუსტად შეფარდების შესაძლებლობა არ აქვს.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე 32 466 ლარის დაკისრება. ამდენად, დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულებაა. თავისი არსით ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს მიკუთვნებითი სარჩელების კატეგორიას, ანუ აღსრულებით სარჩელს. აღნიშნული გულისხმობს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ, ასევე მოპასუხის ნებაზე, მოპასუხემ უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ სამართლებრივ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოსადმი მომართვა განპირობებული იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით. მითითებული გარემოების არსებობა კი იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ურთიერთობის მონაწილე მხარე, რომელიც მოქმედებს არაკეთილსინდისიერად, ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით განკარგავს აქტივებს, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემული კი, სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იძლევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სრულ საფუძველს.
16. სსსკ-ის 1971-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
17. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
18. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
19. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შეად. სუსგ N ას-54-2019, 06.06.2019 წ.).
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
21. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
22. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.
23. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხის საკუთრებაა (შეად. სუსგ N ას-413-413-2018, 27.04.2018 წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს.
25.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას მოსარჩელის უფლებამოსილების შესახებ, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და გირავნობის საგანთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 11-12 პუნქტები). სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინების კანონიერებას შეეხება, საჩივრის ავტორს დასაბუთებული და სათანადო მოტივაცია არ წარმოუდგენია, რითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მიაღწევდა.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ N ას-498-478-2016, 28.07.2016წ.).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ვ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური