საქმე №ას-1288-2020 11 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ნ.ჯ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან შემსყიდველი) სარჩელი შპს „ნ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან მიმწოდებელი) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 26 897.5 ლარის გადახდა დაეკისრა (სარჩელით მოთხოვნილი იყო 107 590 ლარის დაკისრება).
2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე და 420-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სამინისტროსა და საწარმოს შორის, 2014 წლის 16 აპრილს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №261 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საველე ფორმა (ხალათი/შარვალი/კეპი) კომუფლირებული მულტიკამი 20 000,00 კომპლექტი, ერთი კომპლექტის ღირებულება 50,57 ლარი;
4.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 015 000,00 ლარს;
4.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.1 ქვეპუნქტის მიხედვით, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით;
4.4. 2014 წლის 24 ოქტომბრის №131 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 1 015 000,00 ლარის ღირებულების 20000 ერთეული საქონელი;
4.5. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობით;
4.6. 2014 წლის 23 სექტემბრიდან ოქტომბრის დასაწყისამდე პერიოდში სატვირთო გემის ფოთის საზღვაო ნავსადგურში შესვლა დააბრკოლა ფოთსა და ბათუმში მოსალოდნელმა ძლიერმა შტორმმა, რის თაობაზეც მოპასუხემ დროულად აცნობა შემსყიდველს.
5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებმაც განაპირობეს ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა (მისაწოდებელი პროდუქციის ექსპორტისათვის საჭირო ლიცენზიის მიღების ვადის გაჭიანურება მოსალოდნელზე მეტი დროით, ბუნებრივი მოვლენები, რომელმაც დააბრკოლა ნავსადგურში სატვირთო გემის შესვლა), მართალია, არ წარმოადგენს მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა მნიშვნელოვანია ვალდებულების დარღვევაში მოპასუხის ბრალის ხარისხის განსაზღვრის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზებზე აცნობა მოსარჩელეს (იხ. ტ. 1, ს/ფ 84-108) და ითხოვა შესრულების ვადის გახანგრძლივება, რაც მოსარჩელემ რეაგირების გარეშე დატოვა.
7. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ხელშეკრულების ღირებულების 1 015 000 ლარის 0.2 % - 2 030 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოა ვალდებულების დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე და ქმნის მისი შემცირების საფუძველს სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად.
8. სამინისტრომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (შემსყიდველის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო - 26 897.5 ლარი სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპნესირებისათვის სავსებით ადეკვატური რაოდენობაა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და იმავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის.
17. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის იმავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში, შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დათანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი (იხ. სუსგ Nას-1699-2018, 30.04.2020 წელი).
18. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებულ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკასაც მოიხმობს. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და, კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი)“. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური