Facebook Twitter
საქმე №ას-253-2021 11 ივნისი, 2021 weli,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ლ–ძე (მოსარჩელე)

მეორე კასატორი - ზ.ლ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა


მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ზ.ლ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) სარჩელი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (შემდეგში: მოპასუხე, ჰოსპიტალი, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ, სამედიცინო მომსახურების ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების ხარჯების - 19 180.5 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა - 20 000 ლარი იყო, ასევე, მოსარჩელე ითხოვდა ყოველთვიურ სარჩოს 1231 ლარს შრომის უნარის სრულად აღდგენამდე).
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ; პირველმა აპელანტმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მეორე აპელანტმა (მოპასუხემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელეს, 2013 წლის 22 აგვისტოს, ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენამხრივი ინტრლამინალური მიდგომით L-3, L-4 არკოტომიები, ნევრალური არხების დეკომპრესია L-3 დისკის პროტუზირებული უბნის რეზექცია (2016 წლის 11 ოქტომბრის ოქმი; სამედიცინო დახასიათება; ავადმყოფობის მოწმობა N1416);
4.2. ოპერაციის შემდგომ განვითარდა ჰერმორაგიული გართულება - ნაოპერაციები არკოტომიების მიდამოში ეპიდულური და ინტრაკანალური ჰემატომები, რამაც გამოიწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია (ქვედა კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა) (2016 წლის 11 ოქტომბრის ოქმი; სამედიცინო დახასიათება; ავადმყოფობის მოწმობა N1416);
4.3. 2013 წლის 13 თებერვალს და 14 აგვისტოს ჩატარებული მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა წელის მალების მდგომარეობა და ის დარღვევები, რაც L-2, L-3; L-4 და L-5 მალებზე და მათ შორის აღინიშნებოდა, აღნიშნულ დასკვნაში არსად არ არის ნახსენები სისხლჩაქცევები (2013 წლის 13 თებერვლის ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა; 2013 წლის 14 აგვისტოს წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია);
4.4. 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, 2013 წლის 23 აგვისტოს, L-2 L-4 მალებზე გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ დადგინდა, რომ L-3 მალის სხეულის უკანა კიდესთან ვლინდება 0,5-0,8 სმ, ზომის სისხლის სიმკვრივის კერები და აღინიშნება L-3 და L-4 მალების არკოტომია, ასევე, L-2 L-3 და L-4 მალებზე არკოტომიები დაფიქსირდა 2013 წლის 29 აგვისტოს ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად. აღნიშნულმა გამოიწვია პარაპლეგია - ქვედა კიდურების ფუნქციის მოშლილობა, რის გამოც ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაუქვეითდა, ანუ მოსარჩელეს დაემართა ქვედა კიდურების პარაპლეგია. მდგომარეობა არც 2013 წლის 22 სექტემბერს გამოსწორებულა, რაც დასტურდება ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (2013 წლის 23 აგვისტოს წელის კომპიუტერული ტომოგრაფია; 2013 წლის 29 აგვისტოს წელის კომპიუტერული ტომოგრაფია; 2013 წლის 22 სექტემბრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია);
4.5. აღნიშნული სისხლჩაქცევების - ჰემატომების ევაკუაციის მიზნით 2013 წლის 24 აგვისტოს (2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული პირველი ოპერაციისა და 2013 წლის 23 აგვისტოს კვლევების ჩატარებიდან 2 დღეში) ჰოსპიტალში მოსარჩელეს ჩაუტარდა რეოპერაცია (მეორე ოპერაცია), რომლის მიუხედავად უცვლელად დარჩა პირველი ოპერაციით გამოწვეული ქვედა კიდურების პარაპლეგია, პოსტოპერაციულ პერიოდში მიმდინარეობდა მედიკამენტური, სტიმულაციური, ფიზიოთერაპიული, რეაბილიტაციური მკურნალობა და მასაჟი (2013 წლის 29 აგვისტოს წელის კომპიუტერული ტომოგრაფია; 2013 წლის 22 სექტემბრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია);
4.6. რეოპერაციიდან რამდენიმე დღეში სტეროიდებით მკურნალობის ფონზე განვითარდა გასტროდუოდენური სისხლდენა, რომელიც 2-3 დღეში სათანადო მკურნალობის შედეგად კუპირებული იქნა სრულად (2016 წლის 11 ოქტომბრის ოქმი);
4.7. ვინაიდან საქართველოში არ არის მაღალი ტექნოლოგიის რესურსი, საჭირო გახდა თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის გაგრძელება, ექსპერტ ნეიროქირურგის რეკომენდაციით. თურქეთის რესპუბლიკაში, მაღალტექნოლოგიური რეაბილიტაციური მკურნალობის შედეგად მოსარჩელის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სიარული შეძლო სპეციალური პროთეზითა და ყავარჯნების საშუალებით. თურქეთში მკურნალობა გაიარა ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტში (2015 წლის 24 ივლისის ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ცენტრის წერილი);
4.8. პირველმა მოსარჩელემ, 2013 წლის 22 აგვისტოს, ხელი მოაწერა მოპასუხის მიერ გადაცემულ დოკუმენტს - პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც მითითებულია გაწეული სამედიცინო დახმარების მოსალოდნელი გართულებები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების შესახებ, ასევე აღნიშნულია, რომ გართულება შეიძლება გამოიხატოს სენსორული და მოტორული დეფიციტის ჩამოყალიბებაში ტერფში. წერილობით თანხმობაში არ არის მითითებული, რომ ოპერაციას შეეძლო გამოეწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია, რაც მას ოპერაციის შემდეგ დაემართა.
4.9. მოსარჩელე 2008 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებში მძღოლის თანამდებობაზე და მისი ანაზღაურება 1231 ლარსა და 80 თეთრს შეადგენდა. ამჟამად მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში და მისი დარიცხული ხელფასი 889 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი - 711 ლარსა და 36 თეთრს (საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ი.რ–ის 2018 წლის 5 სექტემბრის ცნობა);
4.10. მოსარჩელეს ესაჭიროება რეაბილიტაციური მკურნალობა, განმეორებითი კურსის ჩატარების საფასური თურქეთის რესპუბლიკაში 19 180.50 აშშ დოლარს შეადგენს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 სექტემბრის N005074817 დასკვნა), რომლის გადახდის საშუალებაც მას არ გააჩნია.
5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით, 5 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა სამედიცინო დაუდევრობას, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოხატული იყო პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დარღვევაში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ოპერაციის ჩატარების დროის ფაქტორზე, რასთან მიმართებაშიც მიუთითა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 სექტემბრის N005074817 დასკვნაზე, სადაც საუბარია ჰემატომის გამორიცხვის მიზნით საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მეორე ოპერაციის დროული ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე მითითებულია, რომ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა, მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური რეაბილიტაციური ღონისძიებებისა, გაუარესებულია ოპერაციამდელ მდგომარეობასთან შედარებით, რაც შეეხება გაუარესების მიზეზს, ექსპერტიზის დასკვნა უთითებს, რომ იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს 22.08.2019 წელს ჩატარებულ ოპერაციასთან, ასევე მის შემდგომ განვითარებულ გართულებასთან.
6. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეაფასა კლინიკისათვის მორალური ზიანის/მისი ოდენობის, დაკისრების მართლზომიერების კუთხით, არსებობდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 413-ე მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის დაკისრების განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები. ამ ნაწილში, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობის მიზნით, კი ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2013 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელეს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია მარცხენამხრივი ინტრლამინალური მიდგომით L-3, L-4 არკოტომიები, ნევრალური არხების დეკომპრესია L-3 დისკის პროტუზირებული უბნის რეზექცია. იმავე დღეს, მოსარჩელემ გამოთქვა წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განვითარდა ჰერმორაგიული გართულება, კერძოდ, ქვედა კიდურების პარაპლეგია, 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციისა და 23 აგვისტოს გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ აღნიშნული სისხლჩაქცევების - ჰემატომების ევაკუაციის მიზნით საჭირო გახდა რეოპერაციის ჩატარება ამდენად, უდავოა, რომ პირველი ოპერაციის შემდეგ მოსარჩელეს პარაპლეგია განუვითარდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელემ სხეულის ქვედა ნაწილში მგრძნობელობა დაკარგა.
7. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებაში: ჰოსპიტალის მიერ ნაწარმოები პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, ხაზგასმითაა აღწერილი პაციენტის ჩივილები მწვავე ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო არ გამხდარა ჰოსპიტალის მიერ დასმული დიაგნოზის და მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხისთვის ისეთივე გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული მეორე ოპერაციის ჩატარება, როგორიც ეს პირველი ოპერაციის შემთხვევაში იყო.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს ეროვნული სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით, კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის საკანონმდებლო მოწერიგება მიზნად ისახავს შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მოიცავს სპეციალურ თავს „თანხმობა“, რომელშიც დეტალურად არის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის თანხმობის მიღების პირობები. ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ეთიკის ერთ-ერთი პრინციპის - „პაციენტის ავტონომიის“ პატივისცემის რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტია. „პაციენტის ავტონომია“ - ესაა პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი. აუცილებელია, რომ ინფორმირებული თანხმობა: წინ უსწრებდეს ნებისმიერ ჩარევას სამედიცინო მომსახურების გაწევისას და ბიოსამედიცინო კვლევის წარმოებისას; იყოს თავისუფალი (გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ზეწოლა); იყოს გააზრებული, რისთვისაც პაციენტს ან კვლევის სუბიექტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ჩარევის შესახებ (ქირურგიული ჩარევის შესახებ ინფორმირებული თანხმობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, N3, 2017, 103-105.)
11. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას. ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს, რომ პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ფლობდეს სრულ ინფორმაციას ყველა შესაძლო (როგორც სახარბიელო, ისე არასახარბიელო) გამოსავალის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ სამედიცინო მანიპულაციასთან, იმისათვის, რომ პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება (ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისათვის ავტორთა კოლექტივი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“).
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი, პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. პაციენტის აღნიშნული უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (მე-8 მუხლი), ასევე, „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (მე-5 მუხლი), პაციენტის ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთი, ინფორმაციისა და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე, ეკისრება კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის იმის ბერკეტი, ა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად.
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2013 წლის 22 აგვისტოს ხელი მოაწერა მოპასუხის მიერ გადაცემულ დოკუმენტს - პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც მითითებულია გაწეული სამედიცინო დახმარების მოსალოდნელი გართულებები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების შესახებ, ასევე აღნიშნულია, რომ გართულება შეიძლება გამოიხატოს სენსორული და მოტორული დეფიციტის ჩამოყალიბებაში ტერფში, თუმცა არსად არის მითითებული, რომ ოპერაციას შეეძლო გამოეწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია, რაც მას დაემართა ოპერაციის შემდეგ.
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი პაციენტის თანხმობის კვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მასში არ არის მითითებული, რომ ოპერაციას შეეძლო გამოეწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო იმ შესაძლო გართულების შესახებ, რაც ოპერაციის შემდეგ განუვითარდა.
16. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე VC სლოვაკეთის წინააღმდეგ (VC v. Slovakia), სადაც სასამართლომ პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამედიცინო ჩარევა მომჩივანის სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩატარდა. სხვაგვარად რომ ითქვას, პაციენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამედიცინო ჩარევის ხასიათი და მისი გვერდითი მოვლენები გაეცნობიერებინა, ფაქტობრივად მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას დათანხმებოდა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა საჭირო იყო მისი ფიზიკური და მორალური ავტონომიის დასაცავად.
17. რაც შეეხება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის ფართო განმარტებით, პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარი დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც შეიძლება გახდეს (სუსგ Nას-645-2019; 26/07/2019).
18. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო შექმნილი მდგომარეობა - ოპერაცია, ოპერაციის შემდგომი გართულება - პარაპლეგია, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი გახდა კვლავ საოპერაციო ჩარევა/რეოპერაცია, რაც ობიექტური, საშუალო განვითარების მომხმარებლის - მესამე პირის გადასახედიდანაც თავისთავად მიუთითებს მძაფრი ტკივილის გამოწვევის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების სარწმუნოობაზე. ამდენად, ფიზიკური ტკივილი და დისკომფორტი, ასოცირდება უარყოფით განცდებთან, ამგვარი მდგომარეობით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებთან. ამდენად, სამართლიანობისა და გონივრულობის კრიტერიუმის, მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, სასამართლომდაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 5 000 ლარის გადახდა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა.
19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, მოსარჩელისათვის ჰოსპიტალში მეორე ოპერაციის ჩატარების ფაქტი. ამასთან, მხარეთა მიერ სადავო არ არის ამ ოპერაციის აუცილებლობა. უდავოა ასევე ის გარემოება, რომ ოპერაციების შემდეგ გაუარესდა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იგი მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. დადგენილია, რომ პირველ აპელანტს ესაჭიროება რეაბილიტაციური მკურნალობა, განმეორებითი კურსის ჩატარების საფასური თურქეთის რესპუბლიკაში 19 180.50 აშშ. დოლარს შეადგენს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია მატერიალური ზიანის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა (სსკ-ის 1007-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები).
21. რაც შეეხება სარჩოს დაკისრების მოთხოვნას, სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ამჟამად დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში და მისი დარიცხული ხელფასი 889 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი - 711 ლარსა და 36 თეთრს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის ყოველთვიურად 1231 ლარის ოდენობის სარჩოს გადახდის დაკისრების თაობაზე შრომის უნარის სრულად აღდგენამდე, რის გამოც, არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხემ, ასევე, მოსარჩელემ.
23. პირველმა კასატორმა (მოსარჩელემ) გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
24. პირველი კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ფიზიკური და სულიერი ტანჯვის ასანაზღაურებლად მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის დაკისრებამ, უფრო მეტად მიაყენა სულიერი ტრავმა, რადგან იგი არ შეესაბამება იმ ტკივილს, რაც მან განიცადა მოპასუხე ჰოპიტალში მკურნალობის შედეგად.
25. პირველი კასატორის მითითებით, სარჩოს დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის სახელფასო ანაზღაურება ჯანმრთელობის დაზიანებამდე შეადგენდა 1231 ლარსა და 80 თეთრს, ხოლო, ვინაიდან, მას დაუზიანეს ჯანმრთელობა, ვეღარ შეასრულა მძღოლის მოვალეობა და ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა სხვა პოზიციაზე, სადაც მისი სახელფასო ანაზღაურება 711 ლარსა და 36 თეთრს შეადგენს. ამასთან, სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნილებები, რაც გამოიხატა სპეციალური კვების, მედიკამენტების, პერიოდული მკურნალობის და სხვაგვარი დახმარების სახით.
26. მეორე კასატორმა (მოპასუხემ) გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
27. მეორე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ ოპერაციის შემდეგ განვითარდა ჰერმორაგიული გართულება - ნაოპერაციები არკოტომიების მიდამოში ეპიდულური და ინტრაკანალური ჰემატომები, რამაც გამოიწვია ქვედა კიდურების პარაპლეგია (ქვედა კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა). მეორე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ჰემატომები გახდა პარაპლეგიის გამომწვევის მიზეზი. იმ ვითარებაში, როდესაც, აღნიშნული არ დასტურდება სასამართლოს მიერ მითითებული არც ერთი მტკიცებულებით. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა და ყურადღება არ გაამახვილა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე საქმეზე Nას-1268-1526-09, სადაც განმარტებულია, თუ რა იგულისხმება სამედიცინო შეცდომაში.
28. მეორე კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პაციენტის წინასწარი თანხმობა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელისათვის ჩატარებული ოპერაციის დროს სამედიცინო შეცდომას ადგილი არ ჰქონია.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
32. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებული შეფასება მისცა მოპასუხის ქმედებას, რამაც მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია.
33. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება.
34. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
35. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით ვერც მოსარჩელემ და ვერც მოპასუხემ ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლეს დასაბუთებული საკასაციო შედავებებით.
36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების (იხ. ამ განჩინების 4.1-4.10 პუნქტები) სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხე ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის გამო ქვედა კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვის შესახებ, რის თაობაზეც სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, დაძლია სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, რამაც მისი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება განაპირობა (იხ. ამ განჩინების 10-16, 19-20 პუნქტები).
37.მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის - მოპასუხისათვის მკურნალობის ხარჯების დაკისრების თაობაზე (ხარჯების ოდენობა დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით, რაც ვერ გააქარწყლა მოპასუხემ), სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1007-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები, რაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი სსკ-ის 413-ე მუხლია (მორალური ზიანის ნაწილში გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება თანხის გონივრულობასთან დაკავშირებით, იხ. ამ განჩინების 5-9 პუნქტები).
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას. თუ პაციენტის (მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის) განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის (მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის) მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა (მისმა ნათესავმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ. სუსგ საქმე №ას-111-111-2018, 11 მაისი, 2018 წელი).
39. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით. საგულისხმოა, რომ დასახელებული სპეციალური ნორმები, მოთხოვნის მატერიალურ საფუძველს ქმნიან ზიანის ანაზღაურების საკითხში, თუმცა, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საჭიროა არსებობდეს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულება.
40. პირველი კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება საქმეში განთავსებულ სამედიცინო კვლევის შედეგებს, რომელთა თანახმადაც გამოვლენილი ქვედა კიდურების პარაპლეგია, არ იყო მითითებული, როგორც გვერდითი მოვლენა/მოსალოდნელი შედეგი, პაციენტის მიერ გაცემულ თანხმობაში.
41. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი, პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. პაციენტის აღნიშნული უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (მე-8 მუხლი), ასევე, „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (მე-5 მუხლი). პაციენტის ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება მოპასუხე კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ყველა ის რესურსი და ბერკეტი, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად (შეად. სუსგ #ას-645-2019, 26.07.2019 წ.).
42. სარჩოს დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში ასახულ მსჯელობაზე მიუთითებს.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
45. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :


1. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი, სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 04275, გადახდის თარიღი 2020 წლის 26 თებერვალი), 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ნ. ბაქაქური