Facebook Twitter

საქმე №ას-323-2020 28 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.ბ.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2019წ. განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ვ.ბ.ჯ–ა“-მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოპასუხე“) მიმართ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2019წ. განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. გორი, ..... ს/კ: ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ქონება“) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ს.ფ. 27-30). განჩინება განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში ეფუძნება შემდეგს:

2.1. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის (საარბიტრაჟო პრეტედენტისათვის) დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე.

2.2 სააპელაციო პალატის დასკვნით, ის გარემოება, რომ მესაკუთრე არ არის შეზღუდული ნებისმიერ დროს თავისუფლად განკარგოს მისი ქონება, განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას და გადაუდებლობას. მოპასუხისთვის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა ან/და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს განმცხადებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და უზრუნველყოფის უფრო მკაცრი ღონისძიების - ყადაღის დადების საფუძველი არ არსებობს.

3. 06.08.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა საარბიტრაჟო მოპასუხემ და ამავე სასამართლოს 26.06.2020წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 34-42).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.11.2019წ. განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 26.06.2019წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ს.ფ.53-56).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა იმ ნაწილში, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

9. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).

10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ N ას-587-2019, 20.02.2020წ.).

12. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ Nას-1586-2018, 26.10.2018წ.). პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60).

14. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებით მოთხოვნით - თანხის დაკისრება. შესაბამისად, თუ საარბიტრაჟო სარჩელის განხილვამდე მოპასუხე განკარგავს უძრავ ქონებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვეღარ მოხდება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებაში ადეკვატური და თანაზომიერია.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.06.2019წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია