Facebook Twitter

საქმე №ას-951-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ.კ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე - შ.კ–ძის სარჩელის გამო, შპს „მ.ო.ფ.კ.ჯ.ე.ს–ის“ მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვინაიდან დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორს - შ.კ–ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნატა დაცვით მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 10 აგვისტოს (იხ.ჩაბარების დასტური ტ.4, ს.ფ.98).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 11 აგვისტოს და დასრულდა 2021 წლის 31 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა ვადის დარღვევით - 2021 წლის 2 სექტემბერს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2021 წლის 2 სექტემბერია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე