Facebook Twitter

საქმე №ას-955-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ჰ-ტ. ს–ნი“

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ვა, ნ.ჭ–ი (განმცხადებლები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.გ–ვამ და ნ.ჭ–მა (შემდგომ – განმცხადებლები) განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნეს, რომ არიან შპს „ჰტ-ტ. ს–ნის“ (შემდგომ – შპს, საჩივრის ავტორი) ყოფილი მაჟორიტარი პარტნიორები. ისინი ფლობდენ კომპანიის წილის 70%-ს.

2. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ აპირებენ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას შპს-ს მიმართ. არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ შპს ეცდება ფულადი სახსრების განკარგვას, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდიდა, შესაბამისად, ყადაღა უნდა დადებოდა შპს-ს საბანკო არსებულ ფულად სახსრებს საქართველოს კომერციულ ბანკებში: სს „თ.ბ–ი“, სს „ს.ბ–ი“, სს „ლ.ბ–ი“, სს „ბ.ბ–ი“, სს „ვ.ბ.ჯ–ია“, სს „ბ.ქ–უ“, სს „პ.ბ–ი“, სს „ს.რ.ბ–ი“, სს „ზ.ბ.ს–ო“, სს „ი.ბ.ს–ო“, სს „ტ–ი“, სს „ხ.ბ.ს–ო“, სს „პ.ბ.ს–ო“, სს „ფ.ბ.ს–ო“, სს „კ.ბ–ი“ 465,599.61 ლარის ფარგლებში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს-ს საბანკო არსებულ ფულად სახსრებს საქართველოს კომერციულ ბანკებში: სს ,,თ.ბ–ი’’, სს ,,ს.ბ–ი’’, სს ,,ლ.ბ–ი’’, სს ,,ბ.ბ–ი’’, სს ,,ვ.ბ.ჯ–ია’’, სს ,,ბ.ქ–უ’’, სს ,,პ.ბ–ი’’, სს ,,ს.რ.ბ–ი’’, სს ,,ზ.ბ.ს–ო’’, სს ,,ი.ბ.ს–ო’’, სს ,,ტ–ი’’, სს ,,ხ.ბ.ს–ო’’, სს ,,პ.ბ.ს–ო’’, სს ,,ფ.ბ.ს–ო’’, სს ,,კ.ბ–ი’’ 465,599.61 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლები განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში საარბიტრაჟო მოპასუხის – შპს-ს მიმართ არ წარადგენდნენ საარბიტრაჟო სარჩელს არბიტრაჟში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ. ( იხ. ს.ფ. 49-52)

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს-მ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ განმცხადებლის მოთხოვნაში დაფიქსირებული ვალდებულება უზრუნველყოფილია გირავნების უფლებით, კერძოდ, კომპანიის პარტნიორის კუთვნილი 60% წილით. მხარეებს შორის 2021 წლის 10 თებერვალს დადებული გირავნობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობის საგანი უზრუნველყოფს მხარეთა შორის 2021 წლის 10 თებერვალს დადებული პარტნიორთა შეთანხების მე-3 მუხლით კომპანიის ვალდებულებებს, რომელთა მიხედვით კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ პარტნიორთა შეთანხმებით გათვალისწინებული მისაღები თანხის განაწილება კომპანიის პარტნიორთა შორის. გასაჩივრებული განჩინება სასამართლომ მიიღო საქმის ვითარების შესწავლის გარეშე, რითიც არათანაზმოიერად შეიზღიდა შპს-ს უფლებები. ( იხ. ს.ფ.54-63).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ გაუქმდა და განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს-ს ყადაღა მოეხსნა საბანკო არსებულ ფულად სახსრებს საქართველოს კომერციულ ბანკებში: სს ,,თ.ბ–ი’’, სს ,,ს.ბ–ი’’, სს ,,ლ.ბ–ი’’, სს ,,ბ.ბ–ი’’, სს ,,ვ.ბ.ჯ–ია’’, სს ,,ბ.ქ–უ’’, სს ,,პ.ბ–ი’’, სს ,,ს.რ.ბ–ი’’, სს ,,ზ.ბ.ს–ო’’, სს ,,ი.ბ.ს–ო’’, სს ,,ტ–ი’’, სს ,,ხ.ბ.ს–ო’’, სს ,,პ.ბ.ს–ო’’, სს ,,ფ.ბ.ს–ო’’, სს ,,კ.ბ–ი’’ 465,599.61 ლარიდან 18514,77 ლარს. ყადაღა დაედო ამავე საბანკო დაწესებულებებში არსებულ შპს-ს კუთვნილ 447084,84 ლარს გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა, ხოლო საქმე განსახილველად გაეგზავნა ზემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.( ს.ფ. 95-105).

7. შპს-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა 2021 წლის 22 ივნისის განჩინების როგორც სრულად გაუქმება, ასევე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა იმგვარად, რომ ყადაღა შენარჩუნდეს მხოლოდ შპს-ს საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე სს „თ.ბ–ის“ ანგარიშზე 465 599,61 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ კომპანიას ეზღუდება სხვა საბანკო დაწესებულებებში განთავსებულ ფინანსურ რესურსზე წვდომა, რისი კანონიერი ინტერესიც არ არსებობს და ზიანს აყენებს საზოგადოებას. ( ს.ფ.114-115).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს-ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალა შემდეგი სახით: ყადაღა დაედო შპს-ს კუთვნილ სს „თ.ბ–ში“ არსებულ ფულად სახსრებს 447 084,84 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ( ს.ფ.123-124).

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლების მოთხოვნას წარმოადგენს, 2021 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე, 447 084,84 ლარის დაკისრება. 2021 წლის 14 ივლისს შპს-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით კი დადგინდა, რომ სს „თ.ბ–ში“ შპს-ს ანგარიშზე ჯამურად ერიცხება 465 599,61 ლარი, ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მითითებული თანხა სასარჩელო მოთხოვნის რეალიზების გარანტია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და საქმის მასალებიდან უზრუნველყოფა უნდა გავრცელდეს მხოლოდ სს „თ.ბ–ში“ შპს-ს ანგარიშზე არსებულ 447 084,84 ლარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა.

12. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.

13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

14. სსსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

15. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

16. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

17. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

18. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

21. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

23. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

24. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის 1. გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისისგადაწყვეტილებასაქმეზე: №3/1/512.).

25. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. (შდრ. სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.) მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).

28. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის2021 წლის 14 ივლისის და 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინებებით შპს-ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა სააპელაციო პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალა შემდეგი სახით: ყადაღა დაედო შპს-ს კუთვნილ სს „თ.ბ–ში“ არსებულ ფულად სახსრებს 447 084,84 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა.

29. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის პრეტენზია, ერთი მხრივ, შეეხება გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, 2021 წლის 14 ივლისის განცხადებაში მანვე მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა იმგვარად, რომ ყადაღა შენარჩუნდეს მხოლოდ შპს-ს საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე სს „თ.ბ–ის“ ანგარიშზე 465 599,61 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემისა, რადგან კომპანიას ეზღუდება სხვა საბანკო დაწესებულებებში განთავსებულ ფინანსურ რესურსზე წვდომა, რისი კანონიერი ინტერესიც არ არსებობს და ზიანს აყენებს საზოგადოებას.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის უკანონობაზე მიუთითებს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება, მართლზომიერია.

31. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე , 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ-ტ. ს–ნის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის, 14 ივლისის და 12 აგვისტოს განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ლევან მიქაბერიძე