საქმე №ას-770-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეშლა და მოპასუხის დავალდებულება, მის საკუთრებაში არსებულ მიშენებაზე დადგმული სახურავი, საკუთარი ხარჯებით მისივე კუთვნილი ბინის კიდემდე დაწევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება მრავალბინიანი კორპუსის მესამე სართულზე. ამავე კორპუსში მე-2 სართულზე მოპასუხესაც ეკუთვნის უძრავი ნივთი. კანონით დადგენილი წესით ბინაში დამონტაჟებული აქვს გამათბობელი, რომლის გამწოვი მილი გაყვანილია კედლის გარეთ. მოპასუხემ ყოველგვარი ნორმების უგულველყოფით, მისი სახლის აივანზე განახორციელა რეკონსტრუქცია და სახურავი განათავსა ისე, რომ გასცდა თავისი ბინის კიდეს და დაფარა მოსარჩელის კუთვნილი ბინის კედელი, მათ შორის, გაზის გამათბობლის გამწოვი მილი, რის გამოც 2019 წლის 22 იანვარს შპს „ი.გ–მა“ გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
3. მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელი ეშლება მისი საკუთრების გამოყენებაში, რადგან სხვა ფართი, სადაც გაზის გამათბობელი განთავსდებოდა, მის ბინაში არ არსებობს. გაზის გამათბობელის გარეშე კი ზამთარში შეუძლებელი ხდება ბინაში ცხოვრება. მოპასუხის მიერ მიშენებაზე განთავსებული სახურავი აწეულია მოსარჩელის სახლის კედელზე, რის გამოც კედელი ნესტიანდება და იქმნება ჩამონგრევის საფრთხე.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მიშენება განხორციელებულია 2008 წლამდე, ხოლო მოსარჩელემ ბინა შეიძინა 2014 წელს, ამჟამინდელ მდგომარეობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მრავალბინიანი სახლის მესამე სართულზე არსებული №8 ბინა ეკუთვნით მოსარჩელესა და სხვა ფიზიკურ პირს. აპელანტის კუთვნილი ბინის ქვევით, მეორე სართულზე მდებარე №5 ბინა ეკუთვნის მოპასუხე. ამ ბინაზე მოპასუხის უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 11 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე.
8. მოპასუხის კუთვნილი ბინის ფართია 67,6 კვ.მ და იგი მოიცავს ბინის საწყის ფართზე მიშენებულ დაახლოებით 24 კვ.მ-ს, ორ ოთახს, რომლის სახურავის (სადავო ნაგებობა) რეკონსტრუქციასაც აპელანტი მოითხოვს.
9. სადავო ნაგებობის ქვეშ, ე.ი. მოპასუხის ბინაში, გაყვანილი იყო აპელანტის კუთვნილი საყოფაცხოვრებო გამათბობლის გამწოვი მილი, რის გამოც, აპელანტი გამათბობლით ვერ სარგებლობდა, თუმცა დავის მიმდინარეობისას მოპასუხემ სახურავის სიმაღლე შეამცირა, რის შედეგად გამწოვი მილი მოექცა მოპასუხის ბინის გარეთ და აპელანტს გამათბობლით სარგებლობაში ხელი აღარ ეშლება.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის უფლება ბინაზე დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. მითითებული ნორმის თანახმად, თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება. ეს ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ განხორციელებული მიშენება, არსებულ ფარგლებში, მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. იგივე დგინდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლი 17 ივლისის გადაწყვეტილებითაც. აპელანტს ზემოხსენებული მონაცემები სადავოდ არ გაუხდია, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ისინი ითვლება სწორად. შესაბამისად, მოპასუხე სადავო ნაგებობის მესაკუთრეა.
11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე არ არის ვალდებული, კუთვნილი ნაგებობის რეკონსტრუქცია მოახდინოს. ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ შეიძლება სასამართლოს, მხოლოდ, დარღვეული უფლების დასაცავად მიმართოს, საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ სადავო ნაგებობით აპელანტის უფლებები ირღვევა.
12. სააპელაციო პალატისათვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ გაუმჯობესდება აპელანტის საყოფაცხოვრებო პირობები ან რა უპირატესობას მიიღებს იგი, თუ მოპასუხე სადავო ნაგებობას უფრო მეტად დაადაბლებს და ამით თავისი ოთახების ჭერის სიმაღლეს შეამცირებს. ზოგადად, სახურავის დანიშნულება მის ქვევით არსებულ სივრცეში ქარისა და ატმოსფერული ნალექის მოხვედრის შეზღუდვაა. სადავო ნაგებობაც, ცხადია, ამავე ფუნქციას ასრულებს და სახლის კედელს არასასურველი ატმოსფერული ზემოქმედებებისაგან იცავს.
13. აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კედლის ნაწილი სახურავის კონსტრუქციისაგან გათავისუფლდება და ატმოსფერულ ზემოქმედებას განიცდის. ამ ვითარებაში, აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მისი მიზანი კედლის დანესტიანებისგან დაცვაა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია. მითუმეტეს, რომ თავისი პოზიციის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
14. სააპელაციო პალატის აზრით, იმ გარემობას, თუ რამდენად თვითნებურად მოახდინა მოპასუხემ სახურავის რეკონსტრუქცია, დავის საგანთან კავშირი არა აქვს და პალატამ იგი არ შეაფასა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორის მითითებით, მოცემული დავის განხილვა მნიშვნელოვანია სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები.
17. კასატორმა განმარტა, რომ თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ასევე, არასწორად განმარტა სსკ-ის 115-ე მუხლი უფლების მართლზომიერად განხორციელებასთან დაკავშირებით.
18. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მოპასუხის მიერ სადავო სახურავის სიმაღლის შემცირების შესახებ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მერიის სათანადო ნებართვა მოპასუხემ ვერ წარადგინა.
19. სააპელაციო სასამართლომ ძირითადი აქციენტი გააკეთა გაზის გამათბობლის მილზე და არ უმსჯელია მოსარჩელის მეორე არგუმენტზე მისი კედლის დანესიტიანებისა და დაზიანების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ სადავო ფართი ამჟამინდელ მდგომარეობაში შეიძინა, რადგან მოპასუხემ საქმის განხილვის პერიოდში თვითნებურად მოახდინა სახურავის რეკონსტრუქცია, რაც დადასტურდა კიდეც.
20. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა შეეცადა მტკიცების ტვირთთან მიმართებით მოსარჩელის ბრალი გამოეკვეთა. მოსარჩელემ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებმაც დაადასტურეს მოპასუხის მიერ საერთო საკუთრების უნებართვოდ გამოყენების ფაქტი, რაც საკმარისი იყო კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
24. მრავალბინიანი სახლის მესამე სართულზე არსებული №8 ბინა ეკუთვნით მოსარჩელესა და სხვა ფიზიკურ პირს. აპელანტის კუთვნილი ბინის ქვევით, მეორე სართულზე მდებარე №5 ბინა ეკუთვნის მოპასუხე. ამ ბინაზე მოპასუხის უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 11 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე.
25. მოპასუხის კუთვნილი ბინის ფართია 67,6 კვ.მ და იგი მოიცავს ბინის საწყის ფართზე მიშენებულ დაახლოებით 24 კვ.მ-ს, ორ ოთახს, რომლის სახურავის (სადავო ნაგებობა) რეკონსტრუქციასაც აპელანტი მოითხოვს.
26. სადავო ნაგებობის ქვეშ, ე.ი. მოპასუხის ბინაში, გაყვანილი იყო აპელანტის კუთვნილი საყოფაცხოვრებო გამათბობლის გამწოვი მილი, რის გამოც, აპელანტი გამათბობლით ვერ სარგებლობდა, თუმცა დავის მიმდინარეობისას მოპასუხემ სახურავის სიმაღლე შეამცირა, რის შედეგად გამწოვი მილი მოექცა მოპასუხის ბინის გარეთ და აპელანტს გამათბობლით სარგებლობაში ხელი აღარ ეშლება.
27. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ-ები: 12.02.2016წ. საქმე №ას-1041-998-2016, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016, 5.07.2019წ. საქმე №ას-778-2019).
30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი მტკიცებულებები, კერძოდ, რომ მოსარჩელე, როგორც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობდა.
31. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ მოპასუხეს სადავო უძრავი ნივთი ამჟამინდელ მდგომარეობაში არ შეუძენია. აღნიშნული არგუმენტის დასადასტურებლად კასატორმა მიუთითა მოპასუხის მიერ სადავო სახურავის რეკონსტრუქციის ფაქტზე, როგოც თვითნებურ მოქმედებაზე. კასატორის მსჯელობა წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, იგი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ მოპასუხემ საქმის განხილვის განმავლობაში სახურავის სიმაღლე შეცვალა, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, მეორე მხრივ კი, დასახელებულ რეკონსტრუქციაზე იმ გარემოების სამტკიცებლად მიუთითა, რომ მოპასუხეს არსებული სახით კუთვნილი ფართი არ შეუძენია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტზე, კერძოდ, სადავო ნაგებობის ქვეშ, მოპასუხის ბინაში, გაყვანილი იყო აპელანტის კუთვნილი საყოფაცხოვრებო გამათბობლის გამწოვი მილი, რის გამოც, აპელანტი გამათბობლით ვერ სარგებლობდა, თუმცა დავის მიმდინარეობისას მოპასუხემ სახურავის სიმაღლე შეამცირა, რის შედეგად გამწოვი მილი მოექცა მოპასუხის ბინის გარეთ და აპელანტს გამათბობლით სარგებლობაში ხელი აღარ ეშლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო სახურავის სიმაღლის შემცირების დასადასტურებლად მოპასუხეს მერიის სათანადო ნებართვა არ წარუდგენია.
32. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ბინის შეძენისას მასზე უკვე განხორციელებული იყო რეკონსტრუქცია (მიშენება). მეტიც, კანონით დადგენილი წესით იგი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა მოპასუხის სახელზე. ის გარემოება კი, რომ ხდება მოსარჩელის საკუთრების ხელყოფა, ან მას სხვაგვარად ეშლება ხელი მისით სარგებლობაში არ დასტურდება.
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის არგუმენტი, რომ მისი კუთვნილი ბინის კედელი მოპასუხის უკანონო ქმედებების შედეგად ნესტიანდება და ზიანდება.
34. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
35. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
36. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაასაბუთა, რომ მისი საკუთრება ნესტიანდება და დასახელებულ უარყოფით ზეგავლენას განიცდის მოპასუხის მხრიდან, რის გამოც სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
37. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 19 ივლისს №24743926 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ.მ–ს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 19 ივლისს №24743926 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე