საქმე №ას-759-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.კ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.ქ–იმ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა დ.კ–იას (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იყვნენ საქმიანი პარტნიორები და მათ ერთობლივად დააფუძნეს შპს „გ–სი" 13.04.2018 წელს, რომელიც ეწეოდა საბითუმო ვაჭრობას. მხარეების თავდაპირველი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხემ სთხოვა მოსარჩელეს, რომ პირადი საქმეებისათვის ესაჭიროებოდა თანხა და ესესხებინა მისთვის ფული, პროცენტის გარეშე. მოსარჩელემ მოპასუხეს პირად ანგარიშზე 19.06.2018 წელს ჩაურიცხა 1470 ლარი, რაც იყო სესხი. შეთანხმებისამებრ მოპასუხე აღნიშნულ თანხას დაუბრუნებდა მოსარჩელეს მოთხოვნისთანავე. მოპასუხეს კიდევ დასჭირდა თანხა და ისევ სთხოვა მოსარჩელეს დამატებით სესხად თანხა. ამასთან, დაჰპირდა, რომ მიღებულ თანხას ერთად დააბრუნებდა. მოსარჩელე ენდობოდა რა მოპასუხეს, 15.12.2018 წელს ასესხა დამატებით 10 250 ლარი. მხარეთა შეთანხმებით ორივე თანხა ჯამში 11 720 მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა ბოლო თანხის ჩარიცხვიდან 1 წლის ვადაში, 2019 წლის 15 დეკემბრამდე. საწყის ეტაპზე ფირმის საქმე კარგად მიდიოდა და მოსარჩელე ფიქრობდა, რომ სესხის დაბრუნების პრობლემა მხარეს არც უნდა ჰქონოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს სესხის თანხა ჩაერიცხა პირად ანგარიშზე, შეთანხმებისამებრ - მოპასუხესაც სესხის სრული თანხა უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის პირად ანგარიშზე. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს სესხის დაბრუნება, რომელიც მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლებოდა და სარჩელის წარდგენის მდგომარეობით მოპასუხეს თანხა არ დაუბრუნებია. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 11 720 ლარის გადახდის დაკისრება.
3. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11720 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ (საჩივრის ავტორი) გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად საპროცესო ვადის აღდგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის ძალაში დატოვების თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
8. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში- სსსკ-ის) 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 2020 წლის 03 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა მოპასუხე დ.კ–იას მამას ვ.კ–იას - 2020 წლის 03 ივლისს, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. შესაგებლის წარმოდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა 10 დღის ვადა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის (მიზეზების) შესახებ უცნობებია, ასევე, არც შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 2321 მუხლზე და დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. - მხარეები იყვნენ საქმიანი პარტნიორები და მათ ერთობლივად დააფუძნეს შპს "გ–სი" 13.04.2018 წელს, რომელიც ეწეოდა საბითუმო ვაჭრობას.
11. - მოსარჩელის განმარტებით, თავდაპირველი მეგობრული და არსებული პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხემ სთხოვა მოსარჩელეს, რომ პირადი საქმეებისათვის ესაჭიროებოდა თანხა და ესესხებინა მისთვის ფული, პროცენტის გარეშე. მოსარჩელემ მოპასუხის თხოვნით მოპასუხის პირად ანგარიშზე 19.06.2018 წელს სესხად ჩაურიცხა 1 470 ლარი, რაც უნდა დაებრუნებინა მოსარჩელის მოთხოვნისთანავე. მოპასუხეს კიდევ დასჭირდა თანხა და ისევ, სთხოვა მოსარჩელეს დამატებით სესხად თანხა. ამასთან, დაჰპირდა, რომ მიღებულ თანხას ერთად დააბრუნებდა. მოსარჩელემ მოპასუხეს, 15.12.2018 წელს დამატებით ასესხა 10 250 ლარი, ორივე მხარის შეთანხმებით ორივე თანხა ჯამში 11 720 ლარი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა ბოლო თანხის ჩარიცხვიდან 1 წლის ვადაში, 2019 წლის 1 დეკემბრამდე. მოსარჩელეს ჰქონდა მოპასუხის ნდობა, რათა მისთვის ესესხებინა თანხა, საწყის ეტაპზე ფირმის საქმეკარგად მიდიოდა და მოსარჩელე ფიქრობდა, რომ სესხის დაბრუნების პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.
12. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს სესხი ჩაერიცხა პირად ანგარიშზე, შეთანხმებისამებრ - მოპასუხესაც სესხის სრული თანხა უნდა ჩაერიცხა მხოლოდ მოსარჩელის პირად ანგარიშზე. მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს სესხის დაბრუნება, რომელიც დაპირებებით შემოიფარგლებოდა და სარჩელის წარდგენის მდგომარეობით მოსარჩელისთვის თანხა არ გადაუხდია.
13. ზემოთმითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 11 720 ლარის გადახდა.
14. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 623-ე, 624-ე, 361-ე, 365-ე და მე-400 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
15. საჩივრის ავტორის/აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ შეეხებოდა მისთვის სარჩელისა და თანდართული მასალების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიჩნევას, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
16. - რ.ქ–ის 2020 წლის 15 ივნისის სარჩელი მოსარჩელის მიერ გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაბარდა ადრესატის მამას - ვ.კ–იას 2020 წლის 03 ივლისს;
17. - მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჰქონდა 10 დღიანი ვადა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან;
18. - დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, რის გამოც, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
19. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....... გზავნილი 2020 წლის 09 დეკემბერს კვლავ ჩაბარდა ადრესატის მამას, ვ.კ–იას.
20. აღნიშნულის შემდგომ დ.კ–იამ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
21. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ (სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის) და „გ“ (გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები) ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სსკ-ის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, რაც შეეხება საპატიო მიზეზს, მისი დეფინიცია მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე
22. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ობიექტური მიზეზის გამო. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა მის ხანდაზმულ მამას, რომელსაც აღენიშნება კოგნიტურ-მნესტიკური (მეხსიერების) ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევა, რის გამოც, მოკლებულია შესაძლებლობას აღიქვას სამართლებრივი დოკუმენტაციის მნიშვნელობა და უზრუნველყოს მოპასუხისათვის გზავნილის გადაცემა. ამასთან, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. მოპასუხის მამამ ვერ გადასცა სარჩელი თანდართული მასალებით, რის გამოც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი. აპელანტმა წარმოადგინა მამის, ვ.კ–იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც შედგენილია 2021 წლის 03 თებერვალს და რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის მეუღლის გადმოცემით, პაციენტს აღენიშნება მიმდინარე მოვლენებზე მეხსიერების მნიშვნელოვანი დაქვეითება, თუმცა ძველ მოვლენებს იხსენებს შედარებით კარგად. პაციენტი 2018 წლის 17 ნოემბერს იქნა გადაყვანილი ბრიგადის მიერ სტაციონარში, უგონო მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის დიაგნოზით. ჩაიტარა სტაციონალური მკურნალობა. ამჟამად, პაციენტს აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება. მკურნალობს რეგულარულად ნოოტროპული, ანტიარითმული, ანტითრომბოზული, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით (ს.ფ. 69-70).
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექიმთან მიმართვის თარიღად მითითებულია: 03.02.2021 წელი, თუმცა პაციენტი 2018 წელს იქნა მოთავსებული სტაციონარში სამკურნალოდ, მკურნალობის კურსის გავლის შემდგომ, კერძოდ 2018 წლიდან 2021 წლამდე ექიმთან მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი. შესაბამისად, უცნობი იყო ვ.კ–იას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოს გზავნილების ჩაბარების პერიოდისთვის. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ვ.კ–იას ჩაბარდა 2020 წლის 03 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა კი გაცემული იყო 2021 წლის 03 თებერვალს, კერძოდ, გზავნილის ჩაბარებიდან შვიდი თვის შემდეგ. აღნიშნული ხანგრძლივი დროის პერიოდი კიდევ უფრო ართულებს აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე სასამართლოს გზავნილის ჩამბარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრას. პალატამ ასევე მიუთითა, რომ თავად საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, რომ სწორედ იმიტომ არის ცნობის გაცემის თარიღი 2021 წელი, რომ მიმდინარე საქმეზე მოპასუხის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტად სჭირდებოდათ აღნიშნული ცნობა. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფორმა №100-ში აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობა, არა ექიმის მიერ პაციენტის უშუალო გამოკვლევის შედეგადაა დადგენილი, არამედ, იგი თავად პაციენტის მეუღლის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და 2018 წელს გადატანილ ავადმყოფობას ეფუძნება. მართალია ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი მკურნალობს მედიკამენტებით, თუმცა ცნობაში პაციენტისათვის ამჟამად ჩატარებული პირველადი სამედიცინო- მედიკამენტოზური დახმარების შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოობის დასადასტურებლად, ვინაიდან, სსსკ-ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ, იგი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჩაითვლებოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.
25. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ გარდა სარჩელისა, მოპასუხის მამას ჩაბარებული აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც, რომელიც გადაეცა ადრესატს და რის საფუძვეზეც ამ უკანასკნელმა წარადგინა საჩივარი სასამართლოში. აღნიშნული გარემოება საფუძველს აცლის აპელანტის მტკიცებას მამის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, ვინაიდან ერთ შემთხვევაში გზავნილის გადაცემა უდავოდ განხორციელდა. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის არგუმენტზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შემთხვევაში, ადრესატის დედაც სახლში იმყოფებოდა, რის შედეგადაც, გზავნილი მოპასუხეს გადაეცა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას დადგენილად მიიჩნევდა, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ფაქტი, რომ თუკი ადრესატის მამას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მას ხელს უშლის გარკვეული გარემოებების აღქმაში და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, რატომ მოხდა მეორე გზავნილის ისევ ვ.კ–იას მიერ ოფიციალურად ჩაბარება (ფოსტის კურიერისთვის პირადი ნომრისა და ადრესატთან კავშირის მითითებითა და გზავნილზე ხელის მოწერით), მაშინ როდესაც ადრესატის დედაც სახლში იმყოფებოდა.
26. სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც სარჩელი თანდართული მტკიცებულებებით (ს.ფ. 46) ისე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 56) ჩაბარდა მოპასუხის მამას ვ.კ–იას, რომელმაც თავად მოაწერა ხელი გზავნილს, თავად მიუთითა პირადი ნომერი, სახელი, გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება, რითაც ფაქტიურად იკისრა ვალდებულება გზავნილის გადაცემაზეც. ვ.კ–იას უარი არ განუცხადებია და ორივე შემთხვევაში ჩაიბარა (სარჩელი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება) წერილობითი კორესპონდენცია.
27. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
28. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სარჩელი თანდართული მტკიცებულებებით ჩაბარდა მოპასუხის მამას - 2020 წლის 03 ივლისს (ს.ფ. 46). ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც ჩაბარდა მოპასუხის მამას - 2020 წლის 09 დეკემბერს (ს.ფ. 56). ამდენად, სასამართლოს გზავნილი (სარჩელი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება) სარჩელში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა მოპასუხის მამას, რომელმაც ხელი მოაწერა გზავნილს და იმავდროულად, იკისრა ვალდებულება გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის თაობაზე, სსსკ-ის 74-ე მუხლის მიხედვით, მიიჩნევა მოპასუხისათვის გზავნილის სათანადო ჩაბარებად.
29. ამასთან, მოპასუხის პრეტენზია, რომ იგი არ ცხოვრობს მშობლებთან ერთად, არამედ ცხოვრობს ცალკე საკუთარ ოჯახთან და მოსარჩელისთვის აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო, თუმცა, მან არაკეთილსინდისიერად მიუთითა სარჩელში მოპასუხის მისამართად ამ უკანასკნელის მოხუცი მშობლების საცხოვრებელი მისამართი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მოტივით, არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი რეგისტრირებულია იმ მისამართზე, სადაც ცხოვრობენ მისი მშობლები და სადაც მოხდა სასამართლოს გზავნილების გაგზავნა. ამასთან, აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის განსხვავებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, მაგალითად უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და ა.შ. იმ პირობებში კი, როდესაც აპელანტის მიერ მითითებული ზემოხსენებული გარემოება სადავო იყო მხარეთა შორის, მხოლოდ აპელანტის ზეპირი ახსნა-განმარტება არ იქნა მიჩნეული საკმარისად სადავო ფაქტობრივი გარემოების აპელანტის სასარგებლოდ დადგენილად მიჩნევისთვის.
30. აპელანტი სადავოდ ხდიდა ასევე სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება და აღნიშნავდა, რომ აპირებდა შეგებებული სარჩელის აღძვრას. ხსენებულთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო კვლევის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და შემდეგ უკვე აფასებს აღნიშნული გარემოებები რამდენად ამართლებს იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში მოპასუხე სადავოდ ვერ გახდის დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ აქვს შესაძლებლობა იდავოს იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე სესხის ხელშეკრულების არსებობა-არარსებობის საკითხზე სასამართლო არ იმსჯელებდა.
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი გადაეცა მოპასუხის მამას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც წარდგენილი იქნა ცნობა სასამართლოში. წარმოდგენილ ცნობაში მითითებულია, რომ ვ.კ–იას აღენიშნება კოგნიტურ-მნესტიკური (მეხსიერების) ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს, რის გამოც, იგი მოკლებულია შესაძლებლობას აღიქვას სამართლებრივი დოკუმენტაციის მნიშვნელობა და უზრუნველყოს მისი ადრესატისათვის გადაცემა. კასატორი ბოლო წლების განმავლობაში სარგებლობს ორი იურისტის კონსულტაციით (თ.ც–ი და გ.ს–ძე) ცხადზე ცხადია, რომ სარჩელის შესახებ შეტყობისთანავე, იგი უზრუნველყოფდა შესაგებლის წარდგენას და არ დაელოდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და შემდგომ მის გასაჩივრებას.
33. ამასთან, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს დ.კ–იასათვის არავითარი თანხა არ უსესხებია და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამება.
34. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სადავო იყო სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართლება და მოპასუხე აპირებდა შეგებებული სარჩელის აღძვრას.
35. კასატორი აღნიშნავს, რომ გზავნილი იმ მისამართზე გაიგზავნა, სადაც კასატორი წლებია აღარ ცხოვრობს, იქ ცხოვრობენ მხოლოდ მისი ხანდაზმული დედ-მამა, თუკი მოსარჩელე რ.ქ–ის ბატონ დ–თან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ცხადია, მას ეს კარგად უნდა სცოდნოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებას (რომლითაც უარყოფილი იქნა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სარჩელი არ ჩაბარებია. სარჩელი გადაეცა მოპასუხის მამას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც წარდგენილი იქნა ცნობა სასამართლოში. წარმოდგენილ ცნობაში მითითებულია, რომ ვ.კ–იას აღენიშნება კოგნიტურ-მნესტიკური (მეხსიერების) ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს, რის გამოც, იგი მოკლებულია შესაძლებლობას აღიქვას სამართლებრივი დოკუმენტაციის მნიშვნელობა და უზრუნველყოს მისი ადრესატისათვის გადაცემა. კასატორი ბოლო წლების განმავლობაში სარგებლობს ორი იურისტის კონსულტაციით და სარჩელის შესახებ შეტყობისთანავე, იგი უზრუნველყოფდა შესაგებლის წარდგენას და არ დაელოდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და შემდგომ მის გასაჩივრებას.
39. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი: სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“.
42. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს - სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ( შდრ. სუს-ოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-101-2020, 08 ივლისი, 2020 წ; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში წარმოდგენილ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.
46. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (სუსგ 5.06.2020წ. საქმე №ას-975-2019). სსსკ-ის 184-ე მუხლით დადგენილი რეგულაციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის ინფორმირების მტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-1491-2020,25 მარტი, 2021).
47. მოცემულ საქმეზე მოპასუხის (კასატორი) წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11720 ლარი.
48. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიჩნევის ნაწილშია წარმოდგენილი, რაც კასატორის მოსაზრებით, აბრკოლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს (სუსგ: №ას-1454-2018, 30.07.2021წ.; №ას-262-2021, 1 ივნისი, 2021. პპ: 7, 8; ).
49. დადგენილია, რომ 2020 წლის 15 ივნისის სარჩელი მოსარჩელის მიერ გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაბარდა ადრესატის მამას - ვ.კ–იას 2020 წლის 03 ივლისს;
50. ამდენად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხის ოჯახის წევრს გზავნილი მიღებული აქვს და არ აქვს გაცხადებული, რომ ის მოპასუხის ოჯახის წევრი არ არის და მასთან არ ცხოვრობს მოპასუხე. გზავნილში ცხადად არის დაფიქსირებული, რომ გზავნილის მიმღები, როგორც მოპასუხის მამა ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის სახელზე გაგზავნილ კორესპონდენციის მიღების ფაქტს (ს.ფ. 38). რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ წლებია იგი აღარ ცხოვროვბს მითითებულ მისამართზე, რაც იცოდა მოსარჩელემ, ვერ იქნება გაზიარებული გზავნილის ჩაუბარებლობად მიჩნევის დასასაბუთებლად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების პ.29-შია მითითებული და რომლის მიხედვით აპელანტი რეგისტრირებულია იმ მისამართზე, სადაც ცხოვრობენ მისი მშობლები და სადაც მოხდა სასამართლოს გზავნილების გაგზავნა. ამასთან, აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის განსხვავებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, მაგალითად უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და ა.შ. იმ პირობებში კი, როდესაც აპელანტის მიერ მითითებული ზემოხსენებული გარემოება სადავო იყო, მხოლოდ აპელანტის ზეპირი ახსნა-განმარტება მიჩნეული საკმარისად სადავო ფაქტობრივი გარემოების აპელანტის სასარგებლოდ დასადგენად. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა სარჩელისა, მოპასუხის მამას ჩაბარებული აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც, რომელიც გადაეცა ადრესატს და რის საფუძვეზეც, ამ უკანასკნელმა წარადგინა საჩივარი სასამართლოში.
51. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში არ არსებობდა გზავნილი ხელახლა გაგაზავნის საფუძველი. საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ ... და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; და მეორე რიგში, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდე“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13,17.01.2017წ).
52. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია მისი შესაგებლის წარმოდგენის ვალდებულების ინფრმირების კუთხით არ წარმოუდგენია.
53. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მამის (სარჩელის ჩამბარებელი ოჯახის წევრი) ავადმყოფობასთან მიმართებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად აქვს გამოკვლეული სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებული კასატორის არგუმენტები არ წარმოშობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლებს, კერძოდ:
54. მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა მამის, ვ.კ–იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შედგენილია 2021 წლის 03 თებერვალს და მასში აღნიშნულია, რომ პაციენტის მეუღლის გადმოცემით, პაციენტს აღენიშნება მიმდინარე მოვლენებზე მეხსიერების მნიშვნელოვანი დაქვეითება, თუმცა ძველ მოვლენებს იხსენებს შედარებით კარგად. პაციენტი 2018 წლის 17 ნოემბერს იქნა გადაყვანილი ბრიგადის მიერ სტაციონარში, უგონო მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის დიაგნოზით. ჩაიტარა სტაციონალური მკურნალობა. ამჟამად, პაციენტს აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება. მკურნალობს რეგულარულად ნოოტროპული, ანტიარითმული, ანტითრომბოზული, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით (ს.ფ. 69-70).
55. ცნობის მიხედვით ექიმთან მიმართვის თარიღად მითითებულია: 03.02.2021 წელი, თუმცა პაციენტი 2018 წელს იქნა მოთავსებული სტაციონარში სამკურნალოდ, მკურნალობის კურსის გავლის შემდგომ, კერძოდ 2018 წლიდან 2021 წლამდე ექიმთან მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობი იყო ვ.კ–იას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოს გზავნილების ჩაბარების პერიოდისთვის.
56. ამასთან, სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ვ.კ–იას ჩაბარდა 2020 წლის 03 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა კი გაცემული იყო 2021 წლის 03 თებერვალს, კერძოდ, გზავნილის ჩაბარებიდან შვიდი თვის შემდეგ. აღნიშნული ხანგრძლივი დროის პერიოდი კიდევ უფრო ართულებს აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე სასამართლოს გზავნილის ჩამბარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრას.
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თავად საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, რომ სწორედ იმიტომ არის ცნობის გაცემის თარიღი 2021 წელი, რომ მიმდინარე საქმეზე მოპასუხის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტად სჭირდებოდათ აღნიშნული ცნობა. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფორმა №100-ში აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობა, არა ექიმის მიერ პაციენტის უშუალო გამოკვლევის შედეგადაა დადგენილი, არამედ, იგი თავად პაციენტის მეუღლის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და 2018 წელს გადატანილ ავადმყოფობას ეფუძნება. მართალია ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი მკურნალობს მედიკამენტებით, თუმცა ცნობაში პაციენტისათვის ამჟამად ჩატარებული პირველადი სამედიცინო- მედიკამენტოზური დახმარების შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობს. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოობის დასადასტურებლად, ვინაიდან, სსსკ-ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ, იგი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჩაითვლებოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.
58. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორისათვის (მოპასუხე) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
59. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
63. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
64. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები, ხოლო კასატორის პრეტენზიას, რომლიც შეეხება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა (რომლებიც დადგენილად იქნა მიჩნეული) და მათ სამართლებრივ შეაფასება, არ გააჩნია ვარგისი საფუძველი (შედრ: სუსგ №ას-1454-2018, 30 ივლისი, 2021).
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.კ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. დ.კ–იას (პ.ნ:.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ც–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 15.07.2021-ში N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 587ლარის 70% – 410.9 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე