საქმე №ას-392-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.ჯ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი.ჯ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჯ–ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთის ½-ის მესაკუთრედ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ჯ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი.ჯ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ი.ჯ–ა ცნობილ იქნა თ.ჯ–ას სახელზე რეგისტრირებული ქ. თბილისში, ..... (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთის ½-ის მესაკუთრედ. თ.ჯ–ას დაეკისრა ი.ჯ–ას სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით 2000 ლარის გადახდა.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. 2021 წლის 5 ოქტომბერს ი.ჯ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, რადგან, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხზე არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
11. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი განჩინების მიღების წინაპირობა.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომელიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო თუ საკასაციო ინტანციებში წარმოებისას.
14. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
15. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი (გადახდილია სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფისათვის, ტომი 1. ს.ფ 15) და 1200 ლარი (გადახდილი სარჩელზე, ტომი 1. ს.ფ 79) უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი.ჯ–ას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ.ჯ–ას (პ/ნ ....) მოსარჩელე ი.ჯ–ას (რუსეთის მოქალაქის პასპორტი №63N7450293) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1200 (ათას ორასი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
3. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე