Facebook Twitter

საქმე №ას-204-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ.მ–ს (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ძ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.მ–ის სარჩელი მოპასუხე მ.ძ–ძის მიმართ, ვალდებულების შესრულებულად აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 195,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ტ.რ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 19 აპრილს.

2021 წლის 26 აპრილს უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, ამასთან იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა და დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უკვე გადახდილი 20 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ტ.რ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 4 ივნისს.

2021 წლის 9 ივნისს, კასატორის წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება კიდევ ერთი თვით, ვინაიდან მარწმუნებელთან დაკავშირება ვერ შეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება განჩნების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში წარმოედგინა 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უკვე გადახდილი 20 დოლარის ეკვივალენტის გათვალისწინებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორს ქ.მ–ს, მის მიერ, მითითეულ მისამართზე და ჩაბარდა წარმომადგენელს ტ.რ–ძეს 2021 წლის 19 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება განჩნების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში წარმოედგინა 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უკვე გადახდილი 20 დოლარის ეკვივალენტის გათვალისწინებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ კასატორს ქ.მ–ს, მის მიერ, მითითეულ მისამართზე და ჩაბარდა წარმომადგენელს ტ.რ–ძეს 2021 წლის 19 ივლისს, დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 2-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 20 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 21 ივლისს (ოთხშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ქ.მ.ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 68,95 ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება N10799644686, გადახდის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი