საქმე № ას-818-2021 27 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე (მოპასუხეები);
მოწინააღმდეგე მხარე ლ.ხ–ია (მოსარჩელე);
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ხ–იას სარჩელი მოპასუხეების - ა.კ–ძის, გ.ბ–ის, ნ.კ–ძის და ნ.კ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება ლ.ხ–იას, ა.კ–ძის, გ.ბ–ის, ნ.კ–ძის და ნ.კ–ძის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........ ქუჩა №15, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, საერთო ფართით 377 კვ.მ., ს/კ .... საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციიდან ამონაგები თანხა განაწილდეს ლ.ხ–იას, ა.კ–ძეს, გ.ბ–ს, ნ.კ–ძეს და ნ.კ–ძეს შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების პროპორციულად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს გ.ბ–მა, ნ.კ–ძემ და ნ.კ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მაისის განჩინებით გ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ.კ–ძის და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.კ–ძის და ნ.კ–ძის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ნ.კ–ძეს და ნ.კ–ძეს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ: ა) დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, კასაციის საფუძვლების მითითებით და ბ) 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა 2021 წლის 8 სექტემბერს საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ტ. 2, ს. ფ. 70).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა 2021 წლის 8 სექტემბერს საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ტ. 2, ს. ფ. 70).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 9 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 სექტემბერს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით შეევსო, რაც არ განუხორციელებია.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ძის და ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე