Facebook Twitter

№ას-145-2021 10 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ. ფ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.დ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი შპს „ს.კ. ფ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 03.07.2016 წლიდან 03.07.2019 წლამდე გადაუხდელი წლიური პროცენტის - 8652 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 03.07.2016 წლიდან 03.07.2019 წლამდე გადაუხდელი დღიური პირგასამტეხლოს სახით - 144 363 ლარის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.01.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ.104-112). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.207-217). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2021წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ", "ე" და "ვ" ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი და მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

5. 14.05.2021წ. კასატორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 1000 ლარამდე შემცირების თაობაზე, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო. განცხადებას დაურთო სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2021წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ან სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

7. 11.06.2021წ. კასატორმა წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარამდე შემცირების თაობაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2021წ. განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2021წ. განჩინება გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაჰბარდა მას 20.07.2021წ. (იხ.: საკასაციო საჩივარი, ს.ფ. 239; უკუგზავნილი, ს.ფ. 275-276). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის როგორც ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 21.07.2021წ. და ამოიწურა 30.07.2021წ.. ამდენად, კასატორს ხარვეზი 30.07.2021წ. ჩათვლით უნდა შეევსო.

13. სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ - 02.08.2021წ. - საკასაციო სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანი (იხ.: ს.ფ. 277-279). 02.08.2021წ. არის მითითებული თავად განცხადებაში მისი შედგენის თარიღად (ს.ფ.277).

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-8-2021, 2 მარტი, 2021 წელი; №ას-1391-2020, 22 იანვარი, 2021 წელი; №ას-1330-2019, 21 ოქტომბერი, 2019 წელი).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

16. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განცხადებას ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად. ასევე, გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.06.2021წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ლ.დ–ძეს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 29.07.2021წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე