Facebook Twitter

№ას-624-2021 13 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.კ–ი“, შპს „ა–ა“ (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ. ი.გ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ფოთის საქალაქო სასამართლოს 29.11.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების და 02.10.2020წ. განჩინების ძალაში დატოვება

დავის საგანი – საიჯარო ქირის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ნ.კ–მა“ და შპს „ა–ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“, „კასატორები“) წარადგინეს სარჩელი ი.მ. ი.გ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს: 19.12.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის - 12 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; დამატებითი ხარჯი - 3500 ლარი; საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე 0,1% - 3729 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საიჯარო ქირის დავალიანების სრული თანხიდან, 12 500 აშშ დოლარიდან 0,1%.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 29.11.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ. 91-95), რაზეც საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 02.10.2020წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება(იხ.: განჩინება, ს.ფ. 167-172). დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.04.2021წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 29.11.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 02.10.2020წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საქმე განხილვისათვის მომზადების ეტაპიდან დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს (იხ.: განჩინება, ს.ფ.277-288). ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, ფოთის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ძალაში დატოვების მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2021წ. განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი (დედნის სახით) და სახელმწიფო ბაჟის 1309,37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 175 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2021წ. განჩინება პირადად ჩაჰბარდა კასატორების წარმომადგენელს ნ.გ–ს 20.07.2021წ. (იხ.: მინდობილობები, ს.ფ.22-23; საკასაციო საჩივარი, ს.ფ.292; უკუგზავნილი, ს.ფ. 310; სატელეფონო აქტი ტ.1, ს.ფ. 311). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ასევე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის პირადი ნომერი.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 21.07.2021წ. და ამოიწურა 30.07.2021წ.. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 30.07.2021წ. ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.:სუსგ საქმეზე №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი; №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-388-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ.კ–ისა“ და შპს „ა–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე