საქმე №ას-314-2020 6 ივლისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.ფ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,C.’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს „C.“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი ხ.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის პროექტის დარღვევით გაჭრილი ერთი ღიობის ამოშენების დროს ხელის შეშლა; დანარჩენ ნაწილში (მეორე ღიობის ამოშენების მოთხოვნის ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:
1.1. 25.02.2015 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების გამიჯვნის, გაერთიანებისა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა ქ. თბილისში, ....... სართულზე მდებარე №16 ბინის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - № ......) ორ ნაწილად გამიჯვნაზე. ხელშეკრულების მიხედვით, 93.31 კვ.მ. საერთო ფართი გაიმიჯნა 71.07კვ.მ-ად, რომელიც აღირიცხა როგორც ბინა №16, დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში და 22.24 კვ.მ-ად, რომელიც გაერთიანდა ბინა №17-თან. საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა ჯამში 175.64 კვ.მ.. უძრავი ქონება მოპასუხეს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცა.
1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.04.2016 წლის დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქ. თბილისში, ...... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 05.11.2013 წლის ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევებით შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე 4 000 ლარით დაჯარიმდა. დადგენილებაში სხვა დარღვევებთან ერთად მითითებულია, რომ +13.200 ნიშნულზე „2-4“ მონაკვეთში კედელი კარებით მონაცვლებულია „ბ-ბ“ ღერძზე და აივნის ნაწილის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში „ბ-ბ“ ღერძზე აღნიშნულ აივანს შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და ფართი, „4-4“ და „ბ-ბ“ ღერძების გადაკვეთასთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი და კარი, ასევე „3-4“ მონაკვეთში „ბ-ბ“ ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი.
1.3. 29.12.2017 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოსარჩელეს მიუთითა (მითითება №003205), რომ დარღვეულია ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.11.2013 წლის ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. დარღვევის გამოსწორების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა პროექტის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
1.4. იმავე სამსახურის 25.01.2018 წლის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მოსარჩელემ 29.12.2017 წლის მითითების მოთხოვნები არ შეასრულა.
1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.03.2018 წლის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილებაში, სხვა დარღვევებთან ერთად, მითითებულია, რომ +13.200 ნიშნულზე „2-4“ მონაკვეთში კედელი კარებით მონაცვლებულია „ბ-ბ“ღერძზე და აივნის ნაწილის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში „ბ-ბ“ ღერძზე აღნიშნულ აივანს შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და ფართი, „4-4“ და „ბ-ბ“ ღერძების გადაკვეთასთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი და კარი, ასევე „3-4“ მონაკვეთში „ბ-ბ“ ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი. „5-5“ ღერძის გარეთ „ბ-გ“ მონაკვეთში აივანს შემცირებული აქვს გაბარიტი, მიმდებარედ კედელი მონაცვლებულია „ა-ა“ ღერძისკენ, რის ხარჯზეც გაზრდილია საცხოვრებელი და შემცირებულია საზაფხულო ფართობი.
1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.03.2018 წლის შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ სრულად არ აღმოფხვრა 25.04.2016 წლის დადგენილებაში ასახული ხარვეზები. ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო მოსარჩელე 12 000 ლარით დაჯარიმდა.
1.7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2017 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ქ. თ–ში, ..... მდებარე შენობის 1-6 ღერძსა და +13.2 ნიშნულზე, ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია 5 ცალი ერთეული ფანჯარა, რაც არ შეესაბამება წარმოდგენილ საპროექტო მონაცემებს, სადაც +13.2 ნიშნულზე 3 ერთეული ფანჯარაა დაფიქსირებული. გარდა ამისა, 1-6 შენობის ღერძსა და +13.2 ნიშნულზე, ფაქტობრივი მდგომარეობით, გათბობა-გაგრილების კონდიციონერის გარე მონტაჟის ბლოკები (სულ 2 ერთეული) იმ ადგილას არაა მოწყობილი, სადაც განმცხადებლის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე შენობის 1-6 ღერძსა და +13.2 ნიშნულზე მოწყობილი ფანჯრების რაოდენობა და კონდიციონერის გარე მოწყობის ბლოკების ადგილმდებარეობა, არ შეესაბამებოდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას (იხ: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2017 წლის №003539117 დასკვნა, ტომი 1, ს.ფ. 24-30).
1.8. მოპასუხე მხარის მიერ შედავებული იქნა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფანჯრების რაოდენობა და განიმარტა, რომ უშუალოდ მის საკუთრებაში არსებულ ბინას გააჩნდა 4 ღიობი. სასამართლოს განჩინებით დაინიშნა ადგილზე დათვალიერება, რომელიც ჩატარდა 16.01.2019 წელს. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ, მართალია, აღნიშნულ ნიშნულზე განთავსებულია 5 ღიობი, თუმცა აქედან 4 არის განთავსებული მოპასუხის უძრავ ქონებაში, საიდანაც 2 არის პროექტის დარღვევით გაჭრილი (იხ: ადგილზე დათვალიერების ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 167-169).
1.9. პროექტის არქიტექტორის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არსებული სიტუაციით 1-6 ფასადის „ბ“ ღერძზე, ნიშნული +13.200, განლაგებული ორი ღიობით ირღვევა სამეზობლო მიჯნა. პრობლემის მოსაგვარებლად შემდეგი საშუალებები არსებობს: 1. გაუქმდეს ერთი ღიობი, რომელიც არღვევს სამეზობლო მიჯნას, ხოლო მეორე ღიობი მოყვანილ იქნას ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში; 2. წარმოდგენილი იქნას მეზობლის თანხმობა ღიობების მოწყობის თაობაზე, რათა მოხდეს პროექტის კორექტირება (იხ.: განმარტებითი ბარათი, ტომი 2, ს.ფ. 146).
1.10. შპს „ყ-თ–ის“ 10.05.2018 წლის №01-10549-18 წერილის თანახმად, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების თანახმად, საყოფაცხოვრებო გაზქურის მონტაჟი დასაშვებია სამზარეულოებში ან ინდივიდუალური სარგებლობის დერეფნებში ბუნებრივი ვენტილაციითა და განათებით, რომელთა ჭერის სიმაღლე შეადგენს არანაკლებ 2,2 მეტრს. ამასთან, ფართს, რომელშიც განთავსდება გაზქურა, უნდა გააჩნდეს ფანჯარა სარკმლით და სავენტილაციო არხი. ხოლო სავენტილაციო არხის არარსებობის შემთხვევაში, სარკმელი უნდა მოეწყოს ფანჯრის ზედა ნაწილში. გაზქურას და მოპირდაპირე კედელს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 მეტრს. ფართის მოცულობა დამოკიდებულია გაზქურის ტიპზე და უნდა შეადგენდეს 8 კუბ.მ-ს ორსანათურიანი გაზქურისთვის; 12 კუბ.მ-ს - სამსანათურიანი გაზქურისთვის და 15 კუბ.მ-ს - ოთხსანათურიანი გაზქურისთვის. აქვე მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში ფანჯრების ამოშენების შემთხვევაში, გაზქურის დასამონტაჟებლად უნდა გამოინახოს ალტერნატიული ფართი, რომელიც დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს.
1.11. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილი ბინის ფასადში გაჭრილი ოთხი ღიობიდან ორი არქიტექტურული პროექტით შეთანხმებულ ნახაზებს არ ემთხვევა და მისი არსებული სახით დატოვება ხელს უშლის მთლიანი შენობის ექსპლუატაციაში მიღებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ერთი ღიობის დაკორექტირება არის შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, რაზეც მოსარჩელეა პასუხისმგებელი. შენობის პროექტთან შეუსაბამობის საფუძვლით, მოსარჩელე რამოდენიმეჯერ დაჯარიმდა.
1.12. პროექტის დარღვევით გაჭრილი ორივე ღიობი მოპასუხის სამზარეულოში მდებარეობს. შესაბამისად, ერთი ღიობის ამოშენებით, როგორც პროექტის არქიტექტორმა განმარტა, შესაძლებელი იქნება შენობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ექსპლუატაციაში მიღება. ამით არც მოპასუხეს შეეზღუდება უფლება, სრულფასოვნად ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2019 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხემ კი - მისი სრულად უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ტ.3, ს.ფ. 155-166). განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
3.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა პროექტის არქიტექტორის განმარტებით ბარათში მოცემული პრობლემის დაძლევის რეკომენდაცია - ორიდან ერთი ღიობის ამოშენება. აღნიშნული მოპასუხეს კუთვნილი უძრავი ქონებით სრულფასოვნად სარგებლობის საშუალებას მისცემს, ამასთან, აღმოიფხვრება დარღვევა და შენობის მთლიანად ექსპლუატაციაში შესვლას ხელი აღარ შეეშლება, მოსარჩელე განმეორებით აღარ დაჯარიმდება.
3.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არამართლზომიერი ხელშეშლა. პალატამ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 8.3 და 115-ე მუხლები მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველია საკითხი, თუ რამდენად კანონიერად დააკმაყოფილა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა შენობა-ნაგებობის ფასადში არქიტექტურული პროექტის დარღვევით გაჭრილი ერთი ღიობის ამოშენების პროცესში მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
9. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი ფაქტი მასზე, რომ მოსარჩელე არის ქ. თბილისში, ..... №84-ში მდებარე მრავალბინიანი შენობის მშენებელი, რომელიც არაერთხელ დაჯარიმდა პროექტთან მისი შეუსაბამობების გამო და პასუხისმგებელია შენობის შესაბამისობაში მოყვანასა და ექსპლუატაციაში მიღებაზე (შენობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სტატუსით მშენებარე (ტ.1, ს.ფ. 22)).
10. მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას ნიშნავს და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას უკავშირდება, როგორიცაა, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი ღონისძიებების შეუსრულებლობა, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის კონსტრუქციული მდგრადობა, კონსტრუქციული საიმედოობა და კონსტრუქციული სიმტკიცე და ა.შ. (სუსგ №ას-545-508-2017, 21 სექტემბერი, 2017 წელი). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით, მშენებლობის დასრულებისას სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. კეთილსინდისიერი მფლობელი, სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს (იხ: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), მუხლი 161, ველი 1). მოსარჩელე, როგორც მშენებელი, არის მშენებარე შენობა-ნაგებობის მართლზომიერი მფლობელი, რომელიც ასრულებს იმგვარ სამუშაოებს, რაც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად არის საჭირო და უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პროცესში ხელშეშლის აღკვეთა. თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად ეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. მოთხოვნის უფლების მოვალე არის პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხელშეშლის ქმედებას. მოთხოვნის უფლების პოსესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი, შესაძლებელია, მიმართული იყოს მესაკუთრის წინააღმდეგაც (იხ: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), მუხლი 161, ველი 5; (ასევე იხ.: სუსგ №ას-1060-2020, 24.12.2020წ.)). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია რა საკუთრების უფლება, ეროვნული კანონმდებლობა ადგენს ამ უფლების სუბიექტისათვის თავად უფლებით სარგებლობის ბერკეტებს (მაგ: სკ-ის 170-ე მუხლი), თუმცა, საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის წესები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, რომელთა შორისაცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საქმე №ას-58-2019 , 22.03.2021წ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალბინიანი სახლის ფასადი წარმოადგენს არა მხოლოდ იმ ბინის მესაკუთრის კუთვნილებას, ვისაც ესაზღვრება, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 5.4. მუხლის "გ" ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები. ყველა თანამესაკუთრის ინტერესების შესაბამისია იმ ხელშეშლის აღკვეთა, რაც ფასადის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას და შებობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებას უშლის ხელს.
12. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ პროექტის დარღვევით გაჭრილი ორი ღიობი მოპასუხის სამზარეულოში გადის და შენობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით უნდა გაუქმდეს ერთი ღიობი, რომელიც არღვევს სამეზობლო მიჯნას(იხ: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2017 წლის №003539117 დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 24-30); ადგილზე დათვალიერების ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 167-169); პროექტის არქიტექტორის განმარტებითი ბარათი (ტომი 2, ს.ფ. 146)).
13. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
14. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.; სუსგ №ას-189-2020, 20.04.2021წ.). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ერთი ღიობის ამოშენებით მიღწეული იქნება ორივე მხარის ინტერესებს შორის ბალანსი. შენობა შესაბამისობაში მოვა პროექტთან და ხელი არ შეეშლება მის ექსპლუატაციაში მიღებას, მოპასუხე კი დარჩენილი ერთი ღიობით მიზნობრივად და უსაფრთხოდ ისარგებლებს კუთვნილი სამზარეულოთი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ფ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ხ.ფ–ას (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს ლ.ძ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.07.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე