Facebook Twitter

№ას-605-2021 6 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.ჩ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი მ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულების, როგორც იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა; ასევე, ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 30.07.2018წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის #180901619 გაუქმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ითხოვს 27153.12 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრებას (საიდანაც ძირი თანხაა 24000 ლარი, პროცენტი - 3153.12 ლარი).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.122-132). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.51-62). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.06.2021წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1357 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.06.2021წ. განჩინება კასატორის წარმომადგენლებს - ს.ქ–სა და შ.გ–ძეს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე და ჩაჰბარდა ს.ქ–ს პირადად 20.07.2021წ. (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.86-88; საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.66; ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ. 82). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ასევე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის პირადი ნომერი.

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩათვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 21.07.2021წ. და ამოიწურა 30.07.2021წ.. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 30.07.2021წ. ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას- 1266-2020, 17 მარტი, 2021 წელი; №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-602-2021, 13 ივლისი, 2021). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2021წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე