Facebook Twitter

№ას-985-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ჯ–ი (პ/ნ: …...)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ი (პ/ნ:.....)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), უძრავი ქონების 1/4 წილის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.11.2020წ. გადაწყვეტილებით:

1.1. ზ.ჯ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი ზ.ჯ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) და ე.ჯ–ის მიმართ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. რუსთავი, .... (.....), ს/კ .......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა;

1.2. დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის, ვ. ჯ–ისა და მ. ჯ–ის მიმართ და იგი ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის 1/4-ის მესაკუთრედ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.152-162).

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა შეგებებული სარჩელის დამაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 216-221).

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

6. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

8. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინების ასლი გაეგზავნა მოსარჩელეს თავად მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ტ.1, ს.ფ.167) და ჩაჰბარდა პირადად მას (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.1, ს.ფ.225).

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამდენად, დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი მოსარჩელეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 26.07.2021წ..

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

11. შესაბამისად, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 27.07.2021წ. და ამოიწურა 16.08.2021წ.. საქმის მასალებით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 23.08.2021წ. (ტ.1, ს.ფ.227-243) (დამატებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ საკასაციო საჩივარში შედგენის თარიღად მითითებულია 20.08.2021წ. და ერთვის ამავე დღით დათარიღებული ორდერი (ტ.1, ს.ფ.234, 243) და იმავე დღეს დამოწმებული გადაწყვეტილების ასლი (ტ.1, ს.ფ.241)). ამდენად, დარღვეულია სსსკ-ის 397-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 21 დღიანი ვადა.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-936-2019, 25 ივნისი, 2019 წელი, №ას-86-2020, 4 თებერვალი, 2020 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე