საქმე №ა-1532-შ-33-2021 12 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.შ–ნა
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ი
დროებითი განკარგულება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულება
დავის საგანი - არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია ქ.შ–ნას (შემდეგში "შუამდგომლობის ავტორი") შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (ს.ფ.130-134).
2. 29.09.2021წ. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს (განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა 27.09.2021წ.) და მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს დროებითი განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე უნდა შეწყდეს წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს.
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
5. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
8. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იარსებებს საქმის წარმოების შეწყვეტის კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და არსასრულებლად მიქცევის შესახებ, რომლითაც საქმეზე დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში, დროებით მოწესრიგდა სადავო საკითხი და არასრულწლოვნის, ვ.ს. ასულ ს-შ–ას (დაბადებული 27.03.2015წ. ქ. მოსკოვში) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის (შუამდგომლობის ავტორის) საცხოვრებელი ადგილი (იხ.: 18.11.2020წ. დროებითი განკარგულება, ს.ფ.85-90; 11.06.2021წ. განჩინება, ს.ფ.91-98).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დროებითი განკარგულების ინსტიტუტის მიზანია საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას უფლებების დარღვევაზე სწრაფი, ეფექტიანი რეაგირება და არასრულწლოვნის უფლებების მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად დაცვა დავის დასრულებამდე, ანუ - საკითხის დროებითი რეგლამენტაცია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
11. 29.09.2021წ. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება (ს.ფ.140-164). შუამდგომლობის ავტორის განმარტებით და მასზე თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ს.ს–სა და შუამდგომლობის ავტორს შორის არსებულ დავაზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული და 18.08.2021წ. მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.140-164).
12. შესაბამისად, აღარ არსებობს დროებითი განკარგულების ცნობის და მისი აღსასრულებლად მიქცევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც აღნიშნულ შუამდგომლობაზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სსსკ-ის 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმის წარმოება ქ.შ–ნას შუამდგომლობაზე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ სასამართლოსათვის იმავე შუამდგომლობით ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი