Facebook Twitter

საქმე №ას-867-2021 7 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - გ. ც–ი, მ. ც–ი, ნ.ჭ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ც–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმისწარმოების განახილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ.ც–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ც–ის (შემდგომ – პირველი მოპასუხე, პირველი საჩივრის ავტორი, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), მ. ც–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, მეორე საჩივრის ავტორი, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და ნ.ჭ–იას (შემდგომ – მესამე მოპასუხე, მესამე საჩივრის ავტორი, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა №11-ის (ს/კ №.....) მესაკუთრე გახდა.

3. მოსარჩელის მითითებით, უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ, რომლებიც, თხოვნის მიუხედავად, ქონებას არ ათავისუფლებენ და მესაკუთრე იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.

მოპასუხეების პოზიცია:

4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ მოტყუებით შეიძინა უძრავი ქონება. ამასთან, მზად არიან, უძრავი ქონება გამოისყიდონ, ვინაიდან მასში, გარდა მოპასუხეებისა, პენსიონერებიც ცხოვრობენ, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

5. მოპასუხეთა განმარტებით, ვინაიდან მოპასუხეთა გარდა ბინაში სხვა პირებიც ცხოვრობენ, მოსარჩელემ მოპასუხეთა წრე უნდა დააზუსტოს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელთ დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გამოთავისუფლება და გადაცემა, რაზეც მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი. ამავე სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით, მოპასუხეთა (აპელანტთა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

9. სასამართლოს განმარტებით, აპელანტებმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საგზაო შეფერხების გამო ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება, რომლის თაობაზე სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ვერ შეატყობინეს, ამასთან, ვინაიდან სადავო ნივთი მათ მფლობელობაში არ არის, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 241-ე მუხლზე მითითებით მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და მიუთითა, რომ მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მის გამოუცხადებლობას მოჰყვება (იხ. სუსგ №ას-1051-985-2010, 2010 წლის 23 დეკემბერის განჩინება). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა მიერ მითითებული სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, ვერც დაუძლეველ ძალად და ვერ საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნეოდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ ვის მიმართ აქვს პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი სამი ფიზიკური პირია, რომელთა მიმართ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას (სსსკ-ის 230.2 მუხლი), შესაბამისად, მოპასუხეთა (აპელანტთა) არგუმენტი, რომ ბინაში არ ცხოვრობენ გავლენას არ ახდენს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე - ყოფილი მესაკუთრეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა დადგინდა, რაც მოპასუხეთა მიერ გასაჩივრდა და საკმარისი საფუძველია დასკვნისთვის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმების მოთხოვნით.

15. კასატორთა განმარტებით, მათი სასამართლო სხდომაზე დაგვიანება გამოიწვია გადატვირთულმა სატრანსპორტო მოძრაობამ და ამის შესახებ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსამართლის თანაშემწეს ვერ დაუკავშირდნენ.

16. კასატორთა მითითებით, ის გარემოება, რომ მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, არ უნდა იქნეს მათ წინააღმდეგ გამოყენებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 230.1 მუხლის (სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

20. საკასაციო სასამართლო აზრით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება), საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა 2019 წლის 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ეცნობათ.

23. 2019 წლის 9 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, ხოლო მოსარჩელემ, სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა.

24. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.

25. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორთა იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნისა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 2018 წლის 11 მაისის განჩინება).

27. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობაც. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.

30. კასატორთა საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სასამართლო სხდომაზე დაგვიანება გადატვირთულმა მოძრაობამ გამოიწვია, რომლის შესახებაც არაერთხელ შეეცადნენ სასამართლოსთვის დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან მოსამართლის თანაშემწემ ტელეფონს არ უპასუხა.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).

32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-1671-2019, 13 მარტი, 2020 წელი; №ას- 330-2019, 19 ნოემბერი, 2019 წელი).

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2018 წლის 2 ნოემბერის განჩინება).

34. ამრიგად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტი.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.

36. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

37. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მითითებას, რომ მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო განპირობებული. პალატა განმარტავს, რომ ქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობა ზემოაღნიშნულ საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს, ვინაიდან მხარე ვალდებულია, დაიცვას წინდახედულობის ყველა ნორმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მის მიმართ არასასურველი შედეგი. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულობიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლოში გამოცხადებულიყვნენ უფრო ადრე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ისეთი არაობიექტური გარემოებანი, როგორიცაა თუნდაც გადატვირთული საგზაო მოძრაობა (შდრ. საქმე №ას-908-853-2012; 2012 წლის 2 ივლისის განჩინება).

38. ამასთან, ზემოაღნიშნული საფუძვლით მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა ,,კასატორის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელი მონაწილეობდა 11.04.2019წ. 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ საქმის განხილვაში, იმედოვნებდა, რომ შეძლებდა დანიშნულ დროს (16:00 საათზე) სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას, თუმცა, გაუთვალისწინებელი სატრანსპორტო შეფერხების გამო ვერ მოახერხა სასამართლოში დროულად გამოცხადება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 11.04.2019წ. მოსარჩელის წარმომადგენელი მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვაში, სასამართლო სხდომა დაიწყო 15:30 საათზე და დასრულდა 15:35 საათზე (იხ.: სხდომის ოქმი, ტ2, ს.ფ. 89,90). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რთულია საუბარი იმაზე, კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე რა მდგომარეობა იყო გზებზე და რამდენად იყო შესაძლებელი ავტოტრანსპორტით დროულად გადაადგილება საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლომდე. ამასთან, არ დგინდება წინაპირობა მასზე, რომ განსაზღვრულ დროს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ფაქტობრივი შემადგენლობის კუმულაციურად არსებობას“ (იხ. საქმე №ას-1834-2019, 2020 წლის 27 აპრილის განჩინება).

39. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეთა მიერ წინამდებარე განჩინების 30-ე პუნქტში მითითებული გარემოება გამორიცხავს გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას, ამასთან, ამ უკანასკნელთა მითითება, რომ მოსამართლის თანაშემწე ტელეფონს არ პასუხობდა, რის გამოც ვერ შეძლეს სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზი ეცნობებინათ, დაუსაბუთებელია, ვინაიდან შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული არ არის და მხოლოდ მოპასუხეთა ზეპირსიტყვიერი განმარტება არ ქმნის ამ უკანასკნელთა მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას.

40. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში არ მიუთითებია წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში აღნიშნული საკასაციო პრეტენზიის შესახებ და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ, სსსკ-ის 233-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილების გამო ითხოვდნენ, ვინაიდან სადავო ბინაში, რომლის გამოთავისუფლებასა და გადაცემასაც მოსარჩელე მოითხოვნა მოპასუხეები არ ცხოვრობდნენ. ამავე საჩივარში მოპასუხეთა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მას და მარწმუნებლებს შორის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გაფორმდა მინდობილობა, საქმის მასალებს არ იცნობდა და ეგონა, რომ სასამართლოსთვის საკმარისი იქნებოდა მხოლოდ განცხადების განხილვა (სასამართლო სხდომის დღეს, 2019 წლის 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხეთა წარმომადგენელმა (განცხადება დარეგისტრირებულია 14:49) და მიუთითა, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში არ ცხოვრობენ და იშუამდგომლა მათი არასათანადო მოპასუხეებად მიჩნევა). მოპასუხეთა წარმომადგენელმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში ასევე მიუთითა, რომ საგამოძიებო მოქმედებას (გამოკითხვას) ესწრებოდა და ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და შეეცდებოდა, შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსათვის წარედგინა.

41. 2020 წლის 13 აპრილს წარდგენილ სააპელაციო საჩივარშიც მოპასუხეები პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრებას ითხოვდნენ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მოპასუხეებად დასახელებული პირები არ იყვნენ სათანადო მოპასუხეები.

42. უდავოა, რომ მოპასუხეებმა მხოლოდ 2021 წლის 20 იანვრის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიუთითეს იმ პრეტენზიებზე რომლებიც წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტშია აღნიშნული.

43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების 39-42 პუნქტში მითითებული გარემოებებიც საკასაციო პრეტენზიათა უსაფუძვლობაზე მეტყველებს, ვინაიდან, ერთ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ასახელებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლებს და, ვინაიდან მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით უკვე სხვა საფუძვლებით მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება. გასათვალისწინებელია, რომ არც უშუალოდ მოპასუხეებს და არც მათ წარმომადგენელს, თავიანთი პოზიციის გასამყარებლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის რაიმე მტკიცებულება საჩივრისთვის/სააპელაციო საჩივრისთვის არ დაურთავთ და ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენიათ (ამასთან, მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება, რომ სხდომის დღეს გაფორმდა მინდობილობა და საქმის მასალებს არ იცნობდა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირველი მოპასუხის მიერ წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობა 2019 წლის 5 ნოემბრით თარიღდება, ამასთან, მტკიცებულება, რომელზეც ეს უკანასკნელი მიუთითებდა, საქმისწარმოების შემდგომ ეტაპზე არ წარმოდგენილა სასამართლოში. დაუსაბუთებელია ის პოზიციაც, რომ სასამართლოში განცხადების წარდგენა საკმარისი იქნებოდა, მოპასუხეთა არასათანდადოდ მიჩნევისათვის). სასამართლო კი შეიძლება, დაემყაროს მხარის განმარტებას, გაგებული უნდა იქნეს საქმეში არსებული მტკიცებულებებთან ამ განმარტების შესაბამისობის თვალსაზრისით, შესაბამისად, შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის საფუძვლით.

44. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო მტკიცებულებებს არ იხილავს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.

45. საკასაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, ვინაიდან ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

46. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 2017 წლის 10 თებერვალის განჩინება).

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).

49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

50. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

51. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

53. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-408-2021, 2021 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-1494-2020, 2021 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-1176-2020, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1834-2019, 2020 წლის 27 აპრილის განჩინება).

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ც–ის, მ. ც–ის და ნ.ჭ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ც–ის (პ/ნ ....), მ. ც–ისა (პ/ნ ....) და ნ.ჭ–იას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ც.ს–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №11189557486 / გადახდის თარიღი 09.07.2021), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე