Facebook Twitter

საქმე №ას-419-2021 30 სექტემბერი,2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრები: მ.შ–ი, მ.ტ–ძე, რ.ქ–ძე, ა.თ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.შ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრების: მ.შ–ის, მ.ტ–ძის, რ.ქ–ძისა და ა.თ–ძის (შემდგომ – მოპასუხეები, კასატორები, განმცხადებლები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ მრავალსართულიან შენობაში სადავო კომერციული ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდა.

6. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგენს მოპასუხეებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით - ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდა დაეკისრათ.

9. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგინდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2020 წლის 13 მარტს განიხილავდა. მითითებული განჩინება განმცხადებელთა წარმომადგენელს - თ.მ–ს 2020 წლის 10 თებრვალს ჩაჰბარდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

12. 2020 წლის 7 ივლისს მოპასუხეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვეს. განმცახდებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის დაზარალებულად დაკითხვის ოქმსა და საბუღალტრო წარმოების ჟურნალზე. მითითებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის ნარდობის ხელშეკრულება კი არა, არამედ ამ უკანასკნელსა და ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო. განმცხადებელთა მითითებით, მტკიცებულებათა მოპოვება დამოუკიდებლად ვერ შეძლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ სააპელაციო სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებაც იშუამდგომლეს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით განმცხადებელთა შუამდგომლობა მოსარჩელის 2012 წლის დაკითხვის ოქმისა და 2006-2009 წლების საბუღალტრო წიგნების (ჟურნალების) გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

14. პალატამ განმარტა, რომ ე.წ. „ახალი გარემოება“ (სესხის ხელშეკრულების არსებობა), რომლის დასადასტურებლადაც განმცხადებლები სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებების გამოთხოვას მოითხოვენ, სინამდვილეში, ყველა ინსტანციის სასამართლოში მტკიცების საგანში შემავალ უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენდა და, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ახალ გარემოებად ვერ განიხილებოდა. მოპასუხეები ჯერ კიდევ შესაგებელში უთითებდნენ, რომ საკითხი ეხებოდა არა ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, არამედ - მოსარჩელესა და თავმჯდომარეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობას. შესაბამისად, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, ანუ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, იმთავითვე მოპასუხეების მხარეზე იყო, თუმცა მათ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისიდან (სარჩელის აღძვრიდან) 2019 წლის 3 ივნისამდე (სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე) ვერ წარუდგინეს. ასეთ ვითარებაში, პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება სასამართლოს მხრიდან იქნებოდა მოპასუხისათვის ახალი მტკიცებულების წარმოდგენაში ხელშეწყობა, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ლეგიტიმურ მიზანთან. პალატის მოსაზრებით, სასამართლოს მხრიდან ამგვარი შესაძლებლობის დაშვება დაარღვევდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს და შეარყევდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კონსტიტუციურ ძალას, ვინაიდან მითითებული ნორმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

16. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმისწარმოების განახლების ყველა წინაპირობა არსებობს. მოსარჩელის სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებით დასტურებდა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. იგივე ითქმის ჟურნალზე, სადაც სესხის პროცენტის მიღებას ხელს აწერს მოსარჩელე. ამ მტკიცებულებათა შესახებ მოპასუხეს არ ჰქონდა ინფორმაცია და შეიტყო მხოლოდ 2019 წლის 6 ივნისს, როდესაც, როგორც დაზარალებული, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოსარჩელის დაკითხვის ოქმი, სადაც ეს უკანასკნელი დეტალურად აღწერს როგორ და რა პირობებით დაიდო სესხის ხელშეკრულება ამხანაგობის თავმჯდომარესთან. სწორედ ამ ფაქტზე იყო აგებული მოპასუხეთა შესაგებელიც. აშკარაა, რომ მოსარჩელის დაკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში სააპელაციო პალატა ძალაში დატოვებდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, პალატა ვალდებული იყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა მითითებული დოკუმენტები და განეახლებინა საქმისწარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის მტკიცებულებათა გამოთხოვასა და საქმისწარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება. თუმცა მითითებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმებამდე, სასამართლო ვალდებულია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს. რადგან განცხადების დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია, სასამართლომ, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა იგი.

20. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. იმავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

21. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევამდე სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მისი დასაშვებობა. განცხადების წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა კი, მისი ვადის დაცვით წარდგენაა.

22. მოცემულ შემთხვევაში, როგორც განმცხადებლები მიუთითებენ, მათთვის მტკიცებულებების შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის 6 ივნისს, როდესაც ერთ-ერთი განმცხადებელი გაეცნო იმ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომელშიც ეს მტკიცებულებები აღმოჩნდა. ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში დასრულებული არ იყო და მოპასუხეთა საკასაციო საჩივარს უზენაესი სასამართლო იხილავდა, კასატორებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მითითებული მტკიცებულებების გამოთხოვა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. სსსკ-ის 264.3 მუხლიდან თანახმად, 2020 წლის 13 მარტის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა ამავე დღეს, შესაბამისად, სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 14 მარტს. განმცხადებლებმა კი, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს 2020 წლის 7 ივლისს. ამდენად, მათი განცხადება სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო.

23. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ მათ 2020 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინებით მათი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის დასაბუთებული განჩინება მხარეს გადაეცა 2020 წლის 24 ივნისს, შესაბამისად, განცხადება ვადის დაცვით იყო წარდგენილი.

24. პალატა არ იზიარებს განმცხადებელთა ამ მითითებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგინდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2020 წლის 13 მარტს განიხილავდა. მითითებული განჩინება განმცხადებელთა წარმომადგენელს 2020 წლის 10 თებრვალს ჩაჰბარდა. აქედან გამომდინარე, განმცხადებელთათვის ცნობილი იყო მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი რომ განიხილებოდა. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ მხარისათვის დადგენილი წესით იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამდენად, მხარის მითითება, რომ არ იცოდნენ საკასაციო სასამართლოს განჩინებით მათი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, დაუსაბუთებელია. რაც შეეხება დასაბუთებული განჩინების ჩაბარების თარიღს, როგორც აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე, შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლა დასაბუთებული განჩინების ჩაბარებას ვერ დაუკავშირდება. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ განმცხადებლებმა კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რაც განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობა იყო.

25. ამასთან, განცხადების დასაშვებად მიჩნევის პირობებშიც, ის უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

27. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საქმისწარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება, დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ. Nას-796-796-2018, 06.07.2018წ).

28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ მიიჩნევს მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს - მოსარჩელის 2012 წლის დაკითხვის ოქმსა და 2006-2009 წლების საბუღალტრო წიგნებს, რომლითაც, მხარის განმარტებით, დასტურდება მოსარჩელესა და ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის სესხის ხელშეკრულების დადება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ მხარის მიერ მითითებული დოკუმენტები ვერ მიიჩნევა ახალ გარემოებად, ისინი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ მტკიცებულებად, რომლითაც მხარეს სურს იმ გარემოების დადასტურება, რაც სადავო იყო საქმის არსებითი განხილვის დროს. განმცხადებლები ახალი მტკიცებულებების გამოთხოვას შუამდგომლობენ, რათა სურთ, დაადასტურონ მოსარჩელესა და ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა. მოპასუხეთა შესაგებელიც სწორედ იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ მოსარჩელესა და ამხანაგობის თავმჯდომარემ გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიმართ მოთხოვნა ნარდობითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი არ იყო, როგორც ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება ყველა ინსტანციის სასამართლოში მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, პირიქით, კერძო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელის დაკითხვის ოქმში, ეს უკანასკნელი აღწერს როგორ და რა პირობებით დაიდო სესხის ხელშეკრულება ამხანაგობის თავმჯდომარესთან და შესაგებელიც სწორედ ამ ფაქტზე იყო აგებული. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული უალტერნატივოდ გამორიცხავს მითითებული ფაქტების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის პროცესუალურ შესაძლებლობას. კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება უნდა ადასტურებდეს ისეთ გარემოებას, რომელიც არ ყოფილა მსჯელობის საგანი დავის არსებითი განხილვის დროს და ვერც იქნებოდა, ვინაიდან მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, მტკიცებულებებით, რომლის გამოთხოვაზეც განმცხადებლები შუამდგომლობენ, სურთ იმ ფაქტის დადასტურება, რომელიც მტკიცების საგანს შეადგენდა, რისი დადასტურებაც მოპასუხეებმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ უზრუნველყო საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე (შდრ. სუსგ №ას-582-553-2015, 15 ივლისი, 2015 წელი).

29. უფრო მეტიც, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განმცხადებლებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სწორედ იმ მტკიცებულებათა გამოთხოვა, რომლის საფუძველზეც ისინი საქმისწარმოების განახლებას მოითხოვენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული ძალა არ გააჩნიათ. სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება და იურიდიული შედეგები შეფასებული და გადაწყვეტილი იყო მიმდინარე სამოქალაქო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე.

30. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, აშკარაა, რომ მოსარჩელის დაკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში სააპელაციო პალატა ძალაში დატოვებდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. პალატა არც ამ მტკიცებას არ იზიარებს და დამატებით განმარტავს, რომ ცალკეულ პირთა ჩვენება, რომელიც მიცემულ იქნა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას სამართალდამცავი ორგანოებისადმი, ვერ იქნება განხილული სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, თუკი ის არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთირთობა სესხის ხელშეკრულებად დაკვალიფიცირდებოდა.

31. ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით, განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულება არ წარმოადგენდა სსსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმისწარმოების განახლებას.

32. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა, განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ-ის 426-ე მუხლი).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე, მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრების - მ.შ–ის, მ.ტ–ძის, რ.ქ–ძის, ა.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე