საქმე №ას-855-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „G&A G.“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ.მ–ია, გ.ბ–ძე
მესამე პირი - ნოტარიუსი თ.ბ–ძე
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ჯ.მ–იამ და გ.ბ–ძემ 2019 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „G&A G-ის“ მიმართ და 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებისა (რეგისტრაციის №170754603) და ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული №181423770 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ჯ.მ–იასა და გ.ბ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა №181423770 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულება, 17779,33 ლარის ნაცვლად, 13551,26 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ.მ–იამ და გ.ბ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ.მ–იასა და გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.მ–იასა და გ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება და 2018 წლის 20 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „G&A G-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „G&A G-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი 4228,07 ლარის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო 13551,26 ლარის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ - ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამრიგად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, მხარე უფლებამოსილია, წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში - თუკი პირი არ გამოიყენებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, მის მიმართ მითითებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში და მას აღარ ექნება საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მას არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებელი ვალდებულების 4228,07 ლარით შემცირების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, კასატორი არ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს საკასაციო წესით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სრულად, რაც მითითებული მოთხოვნის (4228,07 ლარის) ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს „ხარვეზის დადგენის შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებითაც განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იქნებოდა 2018 წლის 20 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის კანონიერება მხოლოდ 13551,26 ლარის მოთხოვნის ფარგლებში და სახელმწიფო ბაჟიც სწორედ ამ თანხიდან იქნა გამოთვლილი და გადახდილი.
რაც შეეხება 13551,26 ლარის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 13551,26 ლარის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენით და საქმის განხილვა უნდა დაინიშნოს 2021 წლის 13 ოქტომბერს, 12:30 საათზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით, 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „G&A G-ის“ საკასაციო საჩივარი 4228,07 ლარის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. შპს „G&A G-ის“ საკასაციო საჩივარი 13551,26 ლარის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ცნობილ იქნას დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრებით, 2021 წლის 13 ოქტომბერს, 12:30 საათზე;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე